Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ბაქოში


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ბაქოში. სააკაშვილს ბაქოს აეროპორტში დახვდა ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი. აეროპორტიდან სააკაშვილმა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის საფლავი მოინახულა. დღეს სააკაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. ბაქოში შეხვედრების დღის წესრიგშია ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ორი სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ღრმავდება და ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი ასპექტები გლობალურ მნიშვნელობასაც იძენს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ილჰამ ალიევი და მისი გუნდი ყოველთვის ასრულებენ მიცემულ სიტყვას. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ერთგვარი "ძმური კონფედერაცია" შეიძლება ეწოდოს. "არ არსებობს საკითხები, რომლებიც აშორებს და არ აახლოვებს საქართველოსა და აზერბაიჯანს. არ არსებობს საკითხები, რომელთა სწრაფად გადაწყვეტა არ შეგვეძლოს," თქვა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ეკონომიკური განვითარების მინისტრები იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG