Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში


ვლადივოსტოკი: რადიაციის გაზომვა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდის შემდეგ
ვლადივოსტოკი: რადიაციის გაზომვა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდის შემდეგ
ჩრდილოეთ კორეის განცხადებამ, რომ წარმატებით ჩაატარა ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდა, უცხოეთში მწვავე კრიტიკა და შეშფოთება გამოიწვია, რასაც ასახავს გაეროს უშიშროების საბჭოს გეგმა, დღესვე შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე. ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს სამხრეთ კორეიდან გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტებიც გამოსცადა.

ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდა ჩაატარა, გავრცელდა განცხადებით, რომელიც ამ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა წაიკითხა. მისი სიტყვებით, “კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 25 მაისს ჩაატარა მორიგი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა, როგორც ნაწილი თავდაცვის მიზნით ბირთვული არსენალის გაძლიერებისაკენ მიმართული ზომებისა, ქვეყნის მეცნიერთა და ტექნიკოსთა მოთხოვნის შესაბამისად”. დიქტორის ამ გამოსვლას ემატება ჩრდილოეთკორეელი ოფიციალური პირების განცხადება, რომ მიწისქვეშა ბირთვულმა გამოცდამ ხელი შეუწყო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარებას, რის შედეგადაც შესაძლებელია ბირთვული პოტენციალის გაზრდა “აფეთქების სიმძლავრისა და მისი გაკონტროლების ტექნოლოგიის” თვალსაზრისით.

ჩრდილოეთ კორეიდან გავრცელებულ ცნობას მალევე, ჯერ კიდევ დამოუკიდებლოად დადასტურებამდე მოჰყვა რეაქცია უცხოეთიდან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა თავისი ქვეყნის შეშფოთება გამოთქვა. ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ მიწისქვეშ ჩაატარა აფეთქება, რომლის სიმძლავრეც 10-20 კილოტონას შეადგენდა. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც 1945 წელს, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში გამოყენებული ატომური ბომბების სიმძლავრე. მეორე მხრივ, სამხრეთ კორეიდან, მისი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობას ჩრდილოეთ კორეაში დამატებით სამი, მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტის გამოცდის შესახებ - ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.

რაც შეეხება დადასტურებულ ბირთვულ გამოცდას, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტარო ასომ დღეს ტოკიოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა შემდეგი განცხადება: “ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდა არის ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წინააღმდეგ მიმართული სერიოზული გამოწვევა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის აშკარა დარღვევა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, შევურიგდეთ. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა იმოქმედოს და ამიტომ გამოვედი მოწოდებით, გაიმართოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა”.

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომა, რომელიც იაპონიის პერმიერ-მინისტრმა ახსენა, თბილისის დროით, ღამის 12 საათზე იწყება. იაპონია შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან, რუსეთთან და ორივე კორეასთან ერთად შედის 6-წევრიან ჯგუფში, რომელშიც 2003 წლიდან მსჯელობენ ჩრდილეოთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე, ამ პროგრამისთვის ბოლოს მოღების მიზნით. 2007 წელს 6-მხრივ მოლაპარაკებაზე თითქოს გარღვევას მიაღწიეს: ფხენიანი დაყაბულდა ბირთვული პროგრამის შეწყვეტას, უსაფრთხოების გარანტიებისა და ენერგეტიკის სფეროში დახმარების მიღების სანაცვლოდ. მაგრამ გასულ თვეში ყველაფერი შეიცვალა... ფხენიანი მოლაპარაკების პროცესს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტა გაისროლა - როგორც ირწმუნება, ორბიტაზე სატელიტის გასაყვანად. მაგრამ უცხოეთში ბევრი გამოთქვამს შეფასებას, რომ საქმე სინამდვილეში ეხებოდა ბალისტიკური რაკეტის გამოცდას. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ფხენიანის ეს ნაბიჯი და მის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა.

ახლაც, ჩრდილოეთ კორეაში მიწისქვეშა ბირთვული გამოცდის შემდეგ, გაეროს სათანადო საპასუხო ზომების მოფიქრება მოუწევს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკვე გამოვიდა მოწოდებით, გლობალური რეაქცია მოჰყვეს ჩრდილეოთ კორეის მიერ ჩატარებულ გამოცდას, რომელიც, ობამას თქმით, “საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას”. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარება ასევე დაგმეს ევროკავშირმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა.
XS
SM
MD
LG