Accessibility links

"ამნესტი ინტერნეშნლი" 2008 წლის შედეგებს აჯამებს


"ამნესტი ინტერნეშნლის" 400-გვერდიანი ანგარიში

"ამნესტი ინტერნეშნლის" 400-გვერდიანი ანგარიში

“საქმე მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება, ეს ადამიანის უფლებათა სფეროს კრიზისია” – ეს არის "ამნესტი ინტერნეშნლის" გენერალური მდივნის ირენ ხანის წერილის სათაური. ირენ ხანი ვრცლად მიმოიხილავს იმ პრობლემებს, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისი იწვევს და აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების არ იყოს, ეკონომიკური კრიზისისთვის დიდწილად პასუხისმგებელი არიან მდიდრები, მაგრამ ყველაზე მწვავედ ამ კრიზისის შედეგებს განიცდიან ყველაზე ღარიბები. ირენ ხანს სურს, იხილოს "მთავრობების, ბიზნეს-ლიდერების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მეტი ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებების მიმართ. მათ სტრატეგიებში, მათ ფინანსურ სტრატეგიებში, მათ ეკონომიკურ და განვითარების სტრატეგიებში აღიარებული უნდა იყოს ადამიანის უფლებები - ეკონომიკური და სოციალური უფლებები, უფლება საკვებზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის უფლება იმგვარად, რომ ისინი ვალდებული უნდა იყვნენ ფული ჩადონ ამ უფლებების განხორციელებაში."

"ამნესტი ინტერნეშნლის" გენერალური მდივანი ირენ ხანი
ირენ ხანი აცხადებს, რომ გლობალური კრიზისი გულისხმობს სურსათის, სამუშაო ადგილების, სუფთა სასმელი წყლის, მიწისა და საცხოვრებლის დეფიციტს, აგრეთვე – მზარდ ქსენოფობიასა და რეპრესიას. ემნისტი ინტერნეიშენალის გენერალური მდივნის შეფასებით, სიტყვა “უსაფრთხოება” ტერორიზმთან ბრძოლის სახელით გამოყენებული იყო ადამიანის უფლებების დასაკნინებლად.

"ამნესტი ინტერნეშნლის" გენერალური მდივნის თქმით, ამ ორგანიზაციაში არსებობს რწმენა, რომ "გზა, რომლითაც ადამიანის უფლებები ეკონომიკური კრიზისიდან ამოგვათრევდა, არის იმათ მიმართ ყურადღების გამოჩენა, ვინც დღეს გარიყულია. ვისურვებდით ღარიბთა უფლებების აღიარებას, ვისურვებდით, რომ მთავრობებმა ღარიბები აქტიურად ჩართონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ."

მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ "ამნესტი ინტერნეშნლის" ბოლო ანგარიში მოიცავს პერიოდს 2008 წლის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით. 400-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია მდგომარეობა 157 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის ხელისუფლება კვლავაც მკაცრად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. ანგარიშის შემდგენელთა თანახმად, პატიმრების წამება და მათს მიმართ ცუდად მოპყრობა კვლავაც ჩვეულ ტენდენციად რჩება.

ავღანეთზე ნათქვამია, რომ იქაურმა თალიბებმა კიდევ უფრო მეტად გააფართოვეს თავდასხმების არეალი. ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მილიონობით ადამიანის უფლება ირღვევა თალიბების მხრიდან.

ჩინეთის შესახებ ხაზგასმულია ტიბეტელებით დასახლებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა; თურქმენეთის შემთხვევაში საუბარია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ახალ ტალღაზე.

აღნიშნულია დარღვევები რუსეთში – მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს.

წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია დადებითი ამბავიც – ის, რომ უზბეკეთი შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. დღეისთვის ბელორუსია რჩება ერთადერთ ქვეყნად ევროპასა და შუა აზიაში, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავაც ძალაშია.

რაც შეეხება საქართველოს, "ამნესტი ინტერნეშნლის" წლევანდელ ანგარიშში მას ორი გვერდი ეთმობა. საქართველოს ნაწილი დაყოფილია ქვეთავებად: "შეიარაღებული კონფლიქტი", "შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობა", "იძულებით ადგილნაცვალი პირები", "განსხვავებული აზრის შეზღუდვა", "გამოხატვის თავისუფლება", "საერთაშორისო ზედამხედველობა".

ქვეთავში "შეიარაღებული კონფლიქტი" ვკითხულობთ: “საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, როგორც ჩანს, არ გაატარეს სათანადო პრევენციული ზომები 7-8 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე განხორციელებული შეტევისას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ შეტევისას, რომელმაც გამოიწვია, აგრეთვე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასშტაბური დაზიანება. ყველაზე მეტი ზიანი გამოიწვია 'გრადის' ტიპის ჭურვების გამოყენებამ. ცნობილია, რომ ამ იარაღის ზუსტად დამიზნება რთულია და ამიტომ არ შეიძლება მისი ხმარება მშვიდობიანი მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ დაადასტურა სამხედრო სამიზნეების მიმართულებით კასეტური ბომბების გამოყენება. იმის გამო, რომ კასეტური ბომბების მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინვე არ ფეთქდება, ის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგაც განურჩევლად აზიანებს და ასახიჩრებს ადამიანებს."

ქვეთავი შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ აღწერს ვითარებას სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოსვლის შემდეგ. “სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა განახორციელეს მასშტაბური ძარცვა და გადაწვა რამდენიმე, უმეტესად ქართველებით დასახლებულ სოფლებში. იმ დროისთვის ამ დასახლებებს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, თუმცა, მათ არ გადაუდგამთ ნაბიჯი შეიარაღებული ჯგუფების შესაჩერებლად. იყო, აგრეთვე, ცნობები ეთნიკური ქართველების მკვლელობისა და ცემის შესახებ. ძარცვა და გადაწვა არ შეხებია სამხრეთ ოსეთის ყველა ქართულ სოფელს, არამედ უფრო მეტად იმ არეალში ხდებოდა, რომელიც მანამდე ასოცირდებოდა დროებით ადმინისტრაციასთან, რომელსაც დმიტრი სანაკოევი ედგა სათავეში და რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უჭერდა მხარს. სატელიტური ფოტოები ადასატურებს თვითმხილველთა მონათხრობს ამ დასახლებების განადგურების შესახებ. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ხელს უშლიდა ამ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელებას."

იძულებით ადგილნაცვალ პირთა შესახებ ქვეთავში მოცემულია დინამიკა ციფრებში. აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთიდან დევნილ 25 ათას ადამიანს ხანგრძლივი დევნილობა ემუქრება.

"ამნესტი ინტერნეშნლის" ანგარიშში წაიკითხავთ იმის შესახებაც, რომ გასული წლის მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ოპოზიციის ზოგიერთი წევრისა და აქტივისტის მიმართ განხორციელდა თავდასხმა უცნობი პირების, ზოგიერთ შემთხვევაში ნიღბიანი პირების მიერ. მსხვერპლთა რიგში იყვნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, კერძოდ კი – რესპუბლიკური და ახალი მემარჯვენეების პარტიათა წევრები. "სახალხო დამცველის თანახმად, მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 12 თავდასხმა განხორციელდა. უმრავლესად ეს თბილისში ხდებოდა, ზოგიერთი გორში მოხდა. გასული წლის ბოლოსთვის არ ყოფილა წინსვლა ამ შემთხვევების გამოძიებაში", ვკითხულობთ დოკუმენტში.

ქვეთავში "გამოხატვის თავისუფლება" ნათქვამია: "2008 წლის 30 მაისს მთავრობის მიმართ კრიტიკული კომენტარებით ცნობილი ტელეკომპანია 'იმედის' დირექტორები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც შეიცვალა კომპანიის მფლობელი. 'იმედმა' ნაწილობრივ განაახლა მაუწყებლობა მაისში. ტელეკომპანია 'მაესტროს', რომელიც თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქს ფარავს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 აპრილს უარი უთხრა პოლიტიკური პროგრამებისთვის ლიცენზიის მიცემაზე." (2009 წელს "მაესტროს", როგორც ცნობილია, ლიცენზია მისცეს, მაგრამ "ამნესტი ინტერნეშნლის" ანგარიში მხოლოდ 2008 წლის შედეგების მიხედვით დაიწერა.)

ქვეთავში "საერთაშორისო ზედამხედველობა" ვკითხულობთ: "გასული წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შედეგებს შეეხებოდა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ცხინვალზე განხორციელებული შეტევისას 'გადამეტებული სამხედრო ძალა გამოიყენა'".
XS
SM
MD
LG