Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოშური ხელოვნების ფესტივალი პრაღაში


'ხამოროს' ფესტივალი პრაღაში
'ხამოროს' ფესტივალი პრაღაში
განვლილი წელი მძიმე წელი იყო ბოშებისთვის... ევროპის ბევრ ქვეყანაში შეინიშნება მათდამი მტრული დამოკიდებულების მატება, ასეა ჩეხეთის რესპუბლიკაშიც. თუმცა, გასულ კვირაში, როცა პრაღაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბოშა ხელოვანები და მათი ხელოვნების მოყვარულები შეიკრიბნენ, მაინც მხიარულება ჭარბობდა. ბოშათა ხელოვნებისა და კულტურის ეს ყოველწლიური ფესტივალი პრაღაში უკვე მეთერთმეტედ გაიმართა.

ფესტივალი სახელწოდებით “ხამორო” (რაც ბოშების ენაზე “პატარა მზეს” ნიშნავს) ასობით ხელოვანს, მეცნიერსა და ბოშების კულტურით დაინტერესებულ ადამიანს იზიდავს. ისინი პრაღაში იკრიბებიან ბოშების ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილ კონფერენციებზე დასასწრებად, გამოფენების დასათვალიერებლად, ბოშური ცეკვის დასაუფლებლად და მუსიკის მოსასმენად.

ბოშური ხელოვნების ფესტივალი პრაღაში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00
იტალიური ჯგუფი “აკუარაჯა დრომი” (Acquaragia Drom) ბოშური მუსიკის შემსრულებელი ერთ-ერთი პირველი ანსამბლია, რომლის კომპაქტ-დისკიც საერთაშორისო ბაზარზე გავრცელდა. ჯგუფის მევიოლინე ერაზმო ტრელია როგორც ამბობს, “აკუარაჯა დრომი” მანამდეც უკრავდა ბოშურ მუსიკას, ვიდრე ის მოდაში შემოვიდოდა. პირველი წლები მძიმე იყო ჯგუფისთვის, აი, ბოლო წელი კი, ამბობს ტრელია, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ბოშებისთვის იტალიაში...

მართლაც, უფლებადამცავი ორგანიზაცია “ამნესტი ინეტრნეიშენალი” იტალიას განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებს ბოშების უფლებების დარღვევის გამო. ორგანიზაციას მოჰყავს ბევრი მაგალითი, მათ შორის ორსულ ბოშა ქალზე განხორციელებული თავდასხმა და ბოშების უკანონოდ გაძევება იტალიიდან.

“გაზეთებში, ტელევიზორში, რადიოში ყოველ დღე, სულ გვესმის ბოშებთან დაკავშირებულ პრობლებზე და საერთოდ იმიგრანტების პრობლემაზე. ახლა უკვე ისეა, რომ ამ თემაზე მეგობრებსაც ვეღარ დაელაპარაკები, ან მეგობარი გეტყვის, რომ “კაი, მესმის, მაგარი მუსიკაა, მშვენიერი კულტურაა, მაგრამ ბოშების გამო ბევრი პრობლემა გვაქვსო”, ამბობს ტრელია, რომლის აზრითაც, იტალიაში “რაღაც შეიცვალა მენტალობაში”, “ხალხის ცნობიერებაში” შარშანდელი არჩევნების შემდეგ. პოლიტიკოსებმა ბოშებისადმი იტალიელების სკეპტიკური დამოკიდებულება გამოიყენეს არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს პრაღაში ბოშური ხელოვნების ფესტივალზე იტალიიდან ჩამოსული ანსამბლის, “აკუარაჯია დრომის” მევიოლინე ერაზმო ტრელია.

ბოლო წლების მანძილზე ეს ფესტივალი პრაღის კულტურული ცხოვრების მტკიცე შემადგენელი ნაწილი გახდა. მას სპონსორობას უწევენ ევროკავშირი და ჩეხეთის მთავრობა, თუმცა ეს ხდება ჩეხეთში ბოშების მზარდი დისკრიმინაციის, მათ წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფონზე. აი, ერთი წლევანდელი შემთხვევა დასავლეთ ჩეხეთში მდებარე სოფელ ვიტკოვიდან: ბოშების სახლში თვითნაკეთი აალებადი ყუმბარა (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) შეაგდეს. შედეგად სახლი მთლიანად დაიწვა, მასში მყოფი ადამიანები კი მძიმედ დაშავდნენ - მათ შორის იყო 2 წლის ბავშვი, რომელიც კომაში ჩავარდა.
ჩეხი ოფიციალური პირების განცხადებით, ასეთი ძალადობა და დისკრიმინაციის გახშირებული შემთხვევები აჩვენებს, რამდენად საჭიროა “ხამორო” - ფესტივალი, რომელიც ჩეხებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ბოშების კულტურას, გადასინჯონ სტერეოტიპული წარმოდგენა მათ შესახებ.

'ხამოროს' ფესტივალის გალა-კონცერტი
ფესტივალზე ბოშური მუსიკის მოყვარულებს შორის იყო ჩეხეთის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა სამინისტროს თანამშრომელი, იოზეფ ფიალა, რომელსაც - როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში გაირკვა - ძალიან მოსწონს ბოშური მუსიკა:
“ძალიან კარგი მუსიკაა, ძალიან ძლიერი - ენერგია პირდაპირ გულიდან მოდის. ჩემი აზრით, ეს ჩეხეთის რესპუბლიკისთვის საკმაოდ უჩვეულოაო”, ამ შეფასებას გამოთქვამს ფიალა. სწორედ მისი უჩვეულობის გამო დააარსეს ფესტივალი იელენა სიდელიჩმა და მისმა ვაჟიშვილმა დარკომ. დარკო სიდელიჩი როგორც ამბობს, მათ სურდათ ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ ბოშებს შორის ძალიან ბევრია ნიჭიერი, ჭკვიანი და განათლებული ადამიანი.

“იმის გამო, რომ ასე დიდი ხანია ბოშებთან ვურთიერთობთ და მათთან ყველანაირი თანამშრომლობა გვიწევს, ბოშების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებიდან უკვე ძალიან ბევრს ვიცნობთ. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ საკუთარ თავსაც უკვე ნახევრად ბოშებად მივიჩნევთ”, ამბობს დარკო სიდელიჩი, რომელიც წარმოშობით ბოსნიელია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დარკო სიდელიჩის დედას, იელენას, ბოშების კულტურა შეუყვარდა და რეჟისორ ემირ კუსტურიცას ცნობილი დოკუმენტური ფილმის, “ბოშათა ჟამის” გადაღებაში მონაწილეობის შემდეგ გადაწყვიტა, შვილთან ერთად ეცადა ბოშური ფესტივალის დაარსება. შეეცადა კიდეც და ისეთი წარმატებით, რომ “ხამორო” დღეს ბოშათა ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალია ევროპაში. ეს არის ყოველწლიური მოვლენა, რომელიც ასობით ადამიანს იზიდავს: დიდსა და პატარას, ბოშას და არაბოშას, იმათ, ვინც პრაღაში ცხოვრობს და იმათაც, ვისაც პრაღაში საგანგებოდ ჩასვლა უწევს, როგორც მაგალითად სამანტა კარმელს. მისი აზრით, “ხამორო” სხვებისაგან გამორჩეული ფესტივალია, რადგან ბოშური მუსიკის კონცერტებზე, ჩვეულებრივ, იშვიათად თუ ნახავ ბოშებს. “ხამორო” კი ის ადგილია, სადაც ბოშები მართლაც არიან საკუთარი კულტურის ნაწილი.
XS
SM
MD
LG