Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 8 ივნისი 2009


საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე გაზეთ „24 საათს“ დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ ესაუბრა. ექსპერტის აზრით, რაც უფრო მეტად ერთიანნი იქნებიან ოპოზიციური პარტიები, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ, ხოლო დაქსაქსული ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი გაერთიანებების შექმნა მათთვის პროდუქტიული არ იქნება. ექსპერტის აზრით, ოპოზიცია ტაქტიკური ნაბიჯების გადააზრების პროცესშია, ამიტომ გამორიცხული არ არის შეკავშირება ერთიანი პლატფორმის ირგვლივ.

გაზეთ ”ვერსიაში” კი წაიკითხავთ, რომ ირაკლი ალასანია 11 ივნისს საკუთარი პარტიის პრეზენტაციას მოაწყობს და ტრიბუნასთან მისული ომახიანად გვეტყვის, რომ ახალი პარტია თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ახალ და გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. რა შეიცვლება ალასანიას პარტიის შექმნით ქართულ პოლიტიკურ რეალობაში? ამ კითხვაზე „ვერსიის“ მოკლე პასუხია: „ალბათ, ბევრი არაფერი“, - უფრო ვრცელი კი შემდეგი: „ ალასანიამ თავად ვერ შეასრულა გადამწყვეტი როლი ქართულ პოლიტიკაში . ის ვერ აღმოჩნდა უპირობო ლიდერი და ვერც სააკაშვილის ალტერნატივად „გამოცხვა.“ არადა, ალასანიას ამერიკის ისეთი მხარდაჭერა აქვს, წასულია სააკაშვილის საქმეო. ის კი ყველას დაავიწყდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფავორიტებს არ გვთავაზობს; უბრალოდ, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით ეხმარება რჩეულებს და, საბოლოოდ, ფსონს იმაზე დებს, ვინც გაამართლებს.“

გაზეთ „მთელ კვირაში“ კი წაიკითხავთ დამოუკიდებელ ესქპერტთა კლუბის მიმართვას პარლამენტარებისადმი. მიმართვა ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთ საშუალებად დეპუტატების მიერ სამსახურიდან თვითნებურად წასვლას განიხილავს: „ პარლამენტის თვითდათხოვნის პროცედურის არარსებობით გამოწვეული საკანონმდებლო ვაკუუმის გათვალისწინებით, თავს უფლებას ვაძლევთ შემოგთავაზოთ ერთადერთი ლეგიტიმური გამოსავალი - ღირსეული ნაბიჯის გადადგმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე, თითოეული თქვენგანის მიერ უარის თქმა პარლამენტის წევრობაზე. ასეთი გაბედული მოქალაქეობრივი ნაბიჯი ნამდვილად გახდება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხელშემწყობი რეალური ქმედება და ქართული სახელმწიფოს ისტორია ამას უთუოდ დაგიფასებთ. ამასთანავე, და, რაც მთავარია, მოიპოვებთ თანამემამულეთა მადლიერებასა და პატივისცემას“, - ნათქვამია დეპუტატებისადმი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიმართვაში, რომელსაც გაზეთი „მთელი კვირა“ აქვეყნებს.

გაზეთ „კვირის ქრონიკას“ კი დღეს საქართველოდან დევნილი ბიზნესმენი, კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასაპარლამენტო ოპოზიციის აქციების ერთ-ერთ დამფინანსებლად მიჩნეული ბონდო შალიკიანი ექსკლუზიურად უმხელს მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების სკანდალურ გეგმას. ამ გეგმის თანახმად, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ქართველები ჩამოაყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებშიც გაწევრიანდებიან როგორც სააკაშვილის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები და ერთობლივად დაგეგმავენ ღონისძიებებს, მათ შორის - არჩევნებსაც. „ არ არის გამორიცხული, რომ არჩევნები ჩატარდეს საქართველოს გარეთ. ვიმეორებ, მე თქვენ პირველად გეუბნებით ამას, რომ არ არის გამორიცხული ალტერნატიული არჩევნების ჩატარება საქართველოს გარეთ, ქართველი ხალხის საშუალებით“, - ამბობს ბონდო შალიკიანი და დასძენს, რომ საქართველოს გარეთ მცხოვრები 20 მილიონი ქართველი საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. 20 მილიონი? - შეკითხვას სვამს ”ქრონიკის” ჟურნალისტი, რესპონდენტი კი უპასუხებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG