Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიასთან დაპირისპირებაში რუსეთი გეოეკონომიკურ იარაღს მიმართავს


რძის პროდუქტები მინსკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში
რძის პროდუქტები მინსკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში
რუსეთმა აკრძალა ასობით სახეობის რძის პროდუქტის ბელორუსიიდან შეტანა. “როსპოტრებნადზორი”, ანუ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ადამიანის კეთილდღეობის სფეროს მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური თვლის, რომ მეზობელი მოკავშირე ქვეყნიდან შეტანილი ეს საქონელი რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობას ემუქრება. ამავე დროს, ემბარგოს მიიჩნევენ კრემლის შურისძიებად მინსკის მიმართ, მისი გამომწვევი ტონისა და ევროპასთან ბოლოდროინდელი დაახლოების გამო. ლაპარაკობენ რუსეთის სტილზე, მეზობლების დასასჯელად გამოიყენოს ყოფილი სანეპიდემური მეთვალყურეობის სამსახური.

თავისთავად, ქართულ მანდარინს, მოლდავურ ღვინოსა და ამერიკულ თამბაქოს საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ რუსეთის საზოგადოების ჯანმრთელობის სამსახურში მყოფი პოლიტიკოსის, გენადი ონიშჩენკოს, დამოკიდებულება ამ პროდუქტებისადმი მათ ანათესავებთ. ისევე, როგორც ადრე ამ იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში, ახლა ონიშჩენკო ბელორუსიის რძის პროდუქტებზე ამბობს, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეთათვის სახიფათოა. სახიფათო გახდა ახლა, მანამდე
გენადი ონიშჩენკო
კი რუსეთი ნებაყოფლობით ითვისებდა ამ პროდუქტს. ათასამდე სახეობის პროდუქტი გახდა ონიშჩენკოს პრინციპულობის მსხვერპლი ორ ქვეყანას შორის ამ უკვე “რძის ომად” წოდებულ დაპირისპირებაში. თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წმიდათაწმიდა მოვალეობაა ამ ფედერალური სამსახურისთვის, მაგრამ ძალიან დიდია ეჭვი, რომ ონიშჩენკოს, ამის გარდა, კიდევ სხვა რამ აქვს ფიქრად, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. რუსეთის ადრინდელი, პრეზიდენტ ბორის ელცინის დროინდელი ეკონომიკის მინისტრი ევგენი იასინი ამბობს:

“ ამ ადგილზე მუშაობას ის ვერ შეძლებდა, დროდადრო, პოლიტიკური დავალებები რომ არ შეასრულოს. ერთადერთი, რაც მის გასამართლებლად შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა მთავრობა იყენებს სანიტარულ ინსპექციას ამავე მიზნით. მე არ ვამართლებ ონიშჩენკოს. პირადად მე ეს მეთოდები არ მომწონს.”

ბელორუსიამ მაშინვე დაიწყო თავისი პროდუქტის ხარისხის დაცვა. დაპირისპირებამ კვლავ გააჩინა შეკითხვები რუსეთის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ის თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა. ამასთან, ბევრი შეშფოთებულია, რომ რუსეთი, თავისი ყოფილი საბჭოთა თანამგზავრების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთთან დაახლოებას ცდილობენ, ვაჭრობას პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. ონიშჩენკო 13 წელიწადია სანიტარული ინსპექციის სათავეშია. ის ყოველთვის იმეორებდა, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, არასოდეს სურდა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ემსჯელა უცხოელ მწარმოებლებთან და მედიასთან საუბარსაც მუდამ გაურბოდა და გაურბის. ამჯერადაც მისმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებისთვის კომენტარის მიცემაზე უარი თქვა. ონიშჩენკოს უწყების მიერ დაწესებული აკრძალვები საკმაოდ მასშტაბურია. 2006 წლის მარტში აიკრძალა რუსეთში საქართველოსა და მოლდავეთიდან ღვინის შეტანა. მანამდე “როსპოტრებნადზორმა” აკრძალა ხილისა და ბოსტნეულის შეტანა რუსეთში ამავე ქვეყნებიდან. ამას მოჰყვა მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვა ასევე საქართველოდან და მიზეზი ერთი და იგივე იყო, რომ ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის მავნეა. ლამის სახალისო ფორმა მიიღო მისი უწყების მიერ აშშ-ის თამბაქოს პროდუქტისადმი მიდგომამ. ონიშჩენკოს სიტყვებით, აშშ-ის სახელმწიფო კაპიტალი, თამბაქოს ნაწარმის იმპორტით რუსეთში, რუსეთის მოქალაქეების “ნიკოტინით გენოციდს” აწყობდა.
მართალია, ონიშჩენკოს უწყებას არ ეხება ხორცის პროდუქტი, მაგრამ ის პრინციპულად ემხრობოდა პოლონეთის ხორცის პროდუქტის რუსეთში შეტანის აკრძალვას. პოლონეთი თავისი პროდუქტის აკრძალვის პოლიტიკურ მიზეზს საჯაროდ აცხადებდა და ევროკავშირ-რუსეთის თანამშრომლობას ხელს უშლიდა. ახლანდელ “რძის ომში”, ცხადია, კრემლი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება საკუთარივე ხალხისგან, რომელსაც მოაკლდება ბელორუსული იაფი რძის პროდუქტი. მაგრამ მიმომხილველები ადასტურებენ, რომ ემბარგოს სამიზნე ლუკაშენკაა, მოსკოვის ძველი მოკავშირე. ასე ფიქრობს ლეონიდ ზაიკა, მინსკის სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი:

“ამ ტიპის ზომებიდან ჩანს, რომ იყენებენ სრულიად ახალ, გეოეკონომიკურ, იარაღს. როცა წყდება რძის ამ პროდუქტების მიწოდება, სოფლის მეურნეობის საწარმოები შემოსავლის გარეშე
ბელორუსიის ნოვოგრადოკის ფერმაში
რჩებიან. ეს დიდი დარტყმაა ლუკაშენკას რეჟიმისთვის. ამ ტიპის იარაღის გამოყენება შეიძლება. მიზანი იმდენად ბელორუსული პროდუქტის შევიწროება არაა, რამდენადაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის, პრეზიდენტის ჩათვლით, გონს მოყვანა.”

რუსეთის მიერ ბელორუსიის რძის პროდუქტების აკრძალვა მოჰყვა ლუკაშენკას მტკიცებას, რომ მოსკოვმა მას ნახევარმილიარდდოლარიანი სესხის მიცემის პირობად წაუყენა, აღიაროს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს. ევროკავშირმა ბელორუსია გააფრთხილა, რომ საქართველოს ორი კუთხის დამოუკიდებლობის აღიარებას ბელორუსიის ევროპასთან პარტნიორობის პროგრამიდან გამორიცხვა მოჰყვებოდა. აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამა ახლახან გაფორმდა ბელორუსიის მონაწილეობით. ვნახოთ, რას მოიტანს “რძის ომი”, დათმობს თუ არა ლუკაშენკა, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ არ სურს იყოს მოსკოვს დაქვემდებარებული.
მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მადლიერიც კი იყო, რომ აიძულა საქართველო, ღვინის გასასაღებლად სხვა ბაზრების ძებნა დაეწყო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG