Accessibility links

კანონიერად იყენებს თუ არა შსს „არალეტალურ იარაღს“


პოლიციის სპეცრაზმის მიერ გამოყენებული პლასტიკური ტყვიები

პოლიციის სპეცრაზმის მიერ გამოყენებული პლასტიკური ტყვიები

6 მაისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტიდან ერთი თვის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ეგრეთ წოდებული „არალეტალური ტყვიების“ გამოყენების ფაქტი, რასაც 10 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფომ, არეულობისა და ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენა კანონით ნებადართული საშუალება, თუმცა, ამ განმარტების მიუხედავად, იურისტებისა და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ „კანონი პოლიციის შესახებ“ უკრძალავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებული „არამომაკვდინებელი ტყვიების“ გამოყენებას.

არაოფიციალური ინფორმაციით, 6 მაისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან რეზინისა და პლასტიკური ტყვიებით სხვადასხვა ხარისხის დაზიანება 25-მდე ადამიანმა მიიღო. სამმართველოს ეზოდან ნასროლი „ტყვიით“ თავის არეში დაიჭრა ტელეკომპანია კავკასიის ოპერატორი ზაზა შუკვანიც:

„ჯერ მომხვდა ქვა, მაგრამ სისხლი არ წამომსვლია. ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი, მაგრამ ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ყურთან ვიგრძენი ძლიერი ტკივილი. რომ მოვიკიდე, სისხლი მომდიოდა, თუმცა ვინ და როგორ მესროლა, არ დამინახავს, იმიტომ რომ პოლიციის მხარეს შუქი არ ენთო და აბსოლუტურად არაფერი ჩანდა.“

ზაზა შუკვანისაგან განსხვავებით, იმაზე, თუ რა ხდებოდა 6 მაისს პოლიციის სამმართველოს ეზოში, დაწვრილებით ჰყვება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი შალვა ოგბაიძე, რომელსაც ეგრეთ წოდებული პლასტიკური ტყვია თავში მოხვდა.

„დავინახე როგორ მიმიზნებდა ნიღბიანი პიროვნება იარაღს, რომელსაც გვერდზე ეკეთა შეკუმშული ჰაერის ბალონი“, - განუცხადა ოგბაიძემ რადიო თავისუფლებას,- „შემიძლია თითქმის 100 პროცენტიანი დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს იყო FN 303 სერიის არალეტალური იარაღი.“

ამ ტიპის იარაღის გამოყენების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო დრომდე უარყოფდა, რასაც შოთა უტიაშვილი, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ასეთ ახსნას უძებნის:

„არ გვინდოდა დაძაბულობის გაზრდა და ამ საკითხის პოლიტიზაცია. იარაღის გამოყენების შესახებ თავიდანვე განვაცხადეთ, ოღონდ არასაჯაროდ. მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია მედიითაც გავავრცელეთ.“

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პოლიციის სპეციალური რაზმის შეიარაღებაშია ორი სახეობის ეგრეთ წოდებული არალეტალური, არამომაკვდინებელი იარაღი“ - ALSL 6, რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის, და FN 303, რომელიც პლასტიკურ „ტყვიებს“ მოიხმარს. პოლიციის მიერ სპეციალური ირაღის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ მთავრობის უკანასკნელ სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ილაპარაკა:

„ვიღაცას გაუკვირდა, რომ გამოვიყენეთ რეზინის ტყვიები. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, აბა, რა ტყვიებს იყენებენ? ნამდვილ ტყვიებს ჩვენ არ გამოვიყენებთ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ გამოვიყენებთ ყველა კანონით დაშვებულ საშუალებას, რასაც იყენებენ სხვა ქვეყნები.“

კანონით დაშვებული ყველა საშუალებაო, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოპონენტები დღემდე კამათობენ იმაზე, უშვებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ეგრეთ წოდებული არალეტალური იარაღის გამოყენებას. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში ჩამოთვლილია პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებები, თუმცა მე-5 პუნქტში ასევე ვკითხულობთ:

„პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო აქტებით.“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, კანონის ამ მუხლზე დაყრდნობით, ამბობს, რომ აკრძალულია მხოლოდ იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით. ამ საკითხზე პავლე კუბლაშვილმა და სოზარ სუბარმა ბევრი იდავეს 2008 წლის ივლისში, როცა პარლამენტი სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ 2007 წლის ანგარიშს ისმენდა. სოზარ სუბარის თქმით, კანონში ჩამოთვლილია სპეციალური საშუალებები, მათ შორის: ძაღლი, ცხენი, ჯავშანმანქანა, წინაღობის განმგრევი მანქანა, ხელკეტი, მაგრამ არაფერია ნათქვამი რეზინის ტყვიებზე.

ირკვევა, რომ პოლიცია იმ ქვეყნებში, სადაც არალეტალური იარაღის გამოყენება ნებადართულია, უსაფრთხო მოქმედებასთან დაკავშირებული ინსტრუქციის თანახმად, უნდა მოერიდოს თავში დამიზნებას. არადა, 6 მაისს დაზარალებულ მოქალაქეთა უმეტესობას ჭრილობა სწორედაც რომ თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ასე განმარტავს:

„არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. როცა ასეთ ტყვიებს ისვრი ხალხში, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ ვინმეს სახეში არ მოხვდება. ზოგს სახეში მოხვდება, ზოგს სხეულის სხვა ნაწილში. მთავარია, რომ 15 მეტრზე ახლოდან არ გვისვრია. 15 მეტრზე შორიდან სროლის შემთხვევაში, დარწმუნებული ხარ, რომ სასიკვდილო შედეგი არ დადგება. როგორც ვნახეთ, არავის სერიოზული დაზიანება არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით ორ მოქალაქეს, რომლებმაც ცალ თვალში მხედველობა დაკარგეს, მაგრამ თვალი ისეთი სათუთი ორგანოა, რომ ნებისმიერი იარაღით ადვილად ზიანდება.“

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან განსხვავებით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ 6 მაისს უხეშად დაირღვა კანონი. კახა კოჟორიძე, ასოციაციის იურისტი, ამბობს, რომ ორგანიზაცია მზადაა იურიდიული დახმარება გაუწიოს დაზარალებულ მოქალაქეებს, თუკი ისინი სარჩელის შეტანას გადაწყვეტენ. კოჟორიძის თქმით, პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის გამოყენების აღიარება პროცესის მოგების ალბათობას ზრდის.

„ჩვენ აღარ მოგვიწევს იმის მტკიცება, რომ რეზინის ტყვიები ნამდვილად იყო გამოყენებული. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით გამართული სარჩელი იქნება. უბრალოდ, ვინმე უნდა მოვიდეს ისეთი, ვისაც ამ კუთხით დახმარება სჭირდება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას კახა კოჟორიძემ.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მათთვის არავის მიუმართავს. სარჩელის შეტანას არც რადიო თავისუფლების რესპონდენტები აპირებენ. შალვა ობგაიძე ამბობს, რომ სარჩელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიტანს, ზაზა შუკვანს კი არ სჯერა, რომ ქართულ სასამართლოში სამართალს იპოვის, თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად,” ახალგაზრდა იურისტები” დაჟინებით ურჩევენ დაზარალებულებს სასამართლოში სარჩელის შეტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკითხვა - რამდენად კანიერად იყენებს პოლიცია არალეტალურ იარაღს, კვლავ უპასუხოდ დარჩება.
XS
SM
MD
LG