Accessibility links

logo-print

რამ გამოიწვია ქაოსი ხეხილის შესაწამლი მასალის დარიგების პროცესში?


ხეხილის შესაწამლი მასალის გამცემი ერთ-ერთი პუნქტი

ხეხილის შესაწამლი მასალის გამცემი ერთ-ერთი პუნქტი

შარშანდელი ომის დროს გორის რაიონის დაზარალებული სოფლების მოსახლეობისთვის სპეციალურ პუნქტებში მიმდინარეობს ხეხილის შესაწამლი მასალის გაცემა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ხეხილის მოსავლელად საჭირო საშური მასალის დარიგება უსიამოვნებისა და დავის საბაბად გადაიქცა. რა გახდა ამის მიზეზი, რას უჩივის ადგილობრივი მოსახლეობა?

პროგრამას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებს. შხამ-ქიმიკატებს 17 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს სპეციალური ბარათებით, მაგრამ მათთვის გახსნილი 7 სპეციალური პუნქტი საკმარისი არ არის. ამიტომ რიგი და ქაოსია შექმნილი, ხშირია კამათი და ჩხუბი.

შექმნილ ვითარებაში გლეხები ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი აზრით, შხამ-ქიმიკატების დარიგება სოფლებში რომ მომხდარიყო, პროცესი უფრო სწრაფად და ქაოსის გარეშე დასრულდებოდა. ამჟამად ერთ პუნქტთან რამდენიმე სოფლის მოსახლეობას რიგი დილიდან საღამომდე აქვს დაკავებული.

შესაწამლი საშუალებების გამცემი ერთ-ერთი პუნქტის ხელმძღვანელი ზაქრო მაზმიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკური პრობლემების გამო სოფლებში შხამ-ქიმიკატების დარიგება ძალიან რთული იყო, გორში კი, ერთი კომპიუტერის არსებობის პირობებში, ერთბაშად ათასობით კაცის გასტუმრება შეუძლებელია.

შხამ-ქიმიკატების გაცემის პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და არწმუნებს, რომ ქალაქში დიდი რაოდენობით შესაწამლი მასალაა შემოტანილი და ყველა დაზარალებულს შეხვდება. თითოეული ოჯახი 1 ჰექტარი მიწის ფართობზე 1000 ლარის ღირებულების ხეხილის შესაწამლ საშუალებას მიიღებს. რაიონის მოსახლეობის შემდეგ USAID-ის პროგრამით ისარგებლებენ იძულებით ადგილნაცვალი ოჯახებიც. პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის უზრუნველყოფას ხეხილის შესაწამლი შხამ-ქიმიკატებით, 20 ათასი ბენეფიციარი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG