Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი ჭიჭინაძე - დირიჟორი


7 ივნისი, კვირა
გავიღვიძე, ოთახიდან გამოვედი და დედას ვუთხარი: "აღარ შემიძლია!"
დღეს მოცარტის "დონ ჟუანის" ბოლო რეპეტიციაა. ბოლო რეპეტიცია და მორჩა! სამშაბათს პრემიერა იქნება. დამთავრდება ეს დღეები, ეს უძილო ღამეები; ან დაძინება და სიზმარში ისევ პრემიერაზე "ფიქრი".
დედამ შემომხედა და მითხრა, მოგიკვდა ჩემი თავიო. მერე ორივემ ბევრი ვიცინეთ.
ვცდილობ დავივიწყო, რა პრობლემები მაქვს, და ძალები მოვიკრიბო, გვერდზე გადავდო ტკივილები და პირადი ცხოვრება. ახლა ყველაფერი მხოლოდ მოცარტს უკავშირდება.
მივდივარ შესახვედრად ამ მშვენიერ მონსტრთან, - მუსიკასთან - რომელიც უნდა მოარჯულო და რომელიც სულ გისხლტება ხელიდან.
თავისუფლების დღიურები - გოგი ჭიჭინაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:47 0:00
ვისაუზმე და გავრბივარ. რეპეტიცია 12 საათზეა დანიშნული.
სულ უკმაყოფილო ვარ. ვიღაც ჩასულა ორკესტრში და უთქვამს, ძალიან კარგად ჟღერს ორკესტრი, რა სირბილეა, რა კარგი ჟღერადობააო! იმათ კი უპასუხიათ - ძალიან გთხოვთ, ეს ბატონ გოგის უთხარითო.
რა ვქნა? სინამდვილეში სულ არ ვარ მკაცრი. მაგრამ მუშაობის დროს არ გამომდის. ვყვირი კიდეც. მერე ვწუხვარ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ხალხია. მუსიკოსებიც და სოლისტებიც სულ თვალებში შემომციცინებენ. დირიჟორს ისე უყურებენ, როგორც მამა ღმერთს, ის კი არ იციან, სულში რამდენი შეკითხვაა და რამდენი ეჭვი. მაგრამ მუშაობის დროს არ გაქვს უფლება, ეს გამოამჟღავნო, სუსტი და არადამაჯერებელი იყო.
ძალიან მომთხოვნი ვარ, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა მაინც გამომდის. რეპეტიციებზე ვყვირი და ერთ ამბავში ვარ, მაგრამ კონფლიქტი არც ერთხელ არ მომსვლია. იმიტომ, რომ იციან - საქმეა ასეთი. გრძნობენ, რომ მიყვარს და ამიტომ არ სწყინთ. იციან, რომ როცა რეპეტიცია დამთავრდება, ისევ ის გოგი ვიქნები.
ძალიან მადლობელი ვარ ყველასი ოპერის თეატრში. დამლაგებლებიც მიყვარს და ის ქალბატონებიც, რომლებიც ბუფეტში მუშაობენ, მიყვარს იქ ჩასვლა. ძალიან თბილები და მოსიყვარულეები არიან.
რეპეტიციდან რომ გამოვედი, პრესა მელოდებოდა. ტელეინტერვიუებში ვთქვი, რომ ახლა იღბალი მჭირდება. რაც გავაკეთე, გავაკეთე - ახლა ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული-მეთქი.
საღამოს სახლში ვარ. ცოტა წავიკითხე, მერე მივხვდი, რომ ამის ძალაც აღარ მქონდა და დავიძინე.

8 ივნისი, ორშაბათი
ორშაბათი ჩემთვის კონსერვატორიასთან არის ასოცირებული. აქ საოპერო მომზადების კათედრაზე ვასწავლი.
სტუდენტები ჩემი ცხოვრების ცალკე თემაა. თავის დროზე სულ ძალით დამაწყებინა მუშაობა ჩვენმა რექტორმა. 2000 წელი იყო. მეგონა, ვერ მოვახერხებდი - სულ კონცერტები, გასტროლები...
ახლა ძალიან მადლობელი ვარ მანანა დოიჯაშვილის. მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი და მადლიანი არაფერი არსებობს. თან, სტუდენტს თუ უყვარხარ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. საერთოდ, სულ არ მაქვს გართულება ჩემდამი პოზიტიურ გამოვლინებებზე. მაგრამ სტუდენტებისგან ეს სულ სხვა რამეა... თავსაც ვერ ვიკავებ და ვტრაბახობ კიდეც. იმიტომ, რომ ჩემთვის სტუდენტების დამოკიდებულება ერთგვარი საზომია. ამიტომაც არის, რომ თავს ვაკლავ და თან არაფერს ვპატიობ.
სხვადასხვანაირები არიან. ზოგი გაოცებს, ისეთი კარგია, ზოგი არც არის ისეთი კაშკაკაშა. მაგრამ ყველა არაჩვეულებრივია და ვცდილობ, მათ მუსიკის აღქმა ვასწავლო. ვასწავლო, რომ არ ჰქონდეთ მომხმარებლური დამოკიდებულება მუსიკის მიმართ. მინდა ვასწავლო აზროვნება. ველური ნიჭი საკმარისი არ არის. ყველა ქართველი ნიჭიერია, მაგრამ მუსიკას ინტელექტი და ადამიანური სულგრძელობა სჭირდება. სცენა ისეთი რამ არის, ყველაფერს ავლენს. ადამიანი ძუნწი თუა, ისიც ჩანს ხოლმე სცენაზე.
ხვალ პრემიერაა. დაბნეული ვარ და მინდა მარტო ვიყო. სახლში მივდივარ და ტელევიზორს ვრთავ.
მე და დედიკო ვართ. რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ხანდახან არც მინდა, რომ ასე მიყვარდეს და ემოციურად ასე ვიყო მასზე დამოკიდებული. მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არასოდეს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ მიბმული ვიყო მასზე ემოციურად. ეს არასოდეს უცდია, თუმცა ერთადერთი შვილი დავრჩი... ასე გამოვიდა. არაჩვეულებრივი ქალია და ამიტომ მთელი ცხოვრება მისი საოცარი მომნუსხველობის და ადამიანობის ტყვეობაში ვარ.თუმცა ხშირად ისეთ სახეს ვიღებთ, თითქოს არ გვესმის ერთმანეთის, მაგრამ სინამდვილეში უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. ასეთია ჩემი დედიკო - ბარბარე მიქელაძე.
მოკლედ, ტელევიზორთან ვსხედვართ. მე ცოტა ხანს ვძლებ, ის სულ უყურებს. ძალიან ჩართულია იმაში, რაც ახლა საქართველოში ხდება.
ხვალ პრემიერაა!

9 ივნისი, სამშაბათი
ხალხი დილიდან იკრიბება რუსთაველის პროსპექტზე, დღეს საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი თვე სრულდება, მაგრამ მე სახლში ვრჩები. დღეს პრემიერაა.
და იწყება ისტერია!
ნეტავ იცოდეს დარბაზში მჯდომმა ხალხმა, რა დღეში ვარ ხოლმე, სანამ სცენაზე გავალ. არ ვფიქრობ წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე. ამოჩემებული მაქვს სიტყვა "მიშველეთ". დავდივარ და ჩუმად ამას ვიმეორებ - "მიშველეეეთ!" და ჩემს თავს ვეუბნები: "შე არანორმალურო, რა ძალა გადგას, რას იკლავ თავს?! ხომ შეგიძლია, რაიმე წყნარი საქმე აკეთო და იყო შენთვის?" მაგრამ, ეტყობა, არ შემიძლია...
ერთხელ ტოსკანინის უთქვამს: თუ ვინმეს ჰგონია, რომ დირიჟორობა სასიამოვნო რამ არის, ძალიან ცდებაო.
...ამ ჩემი ჩანთით სახლიდან გავდივარ. ჩანთაში პარტიტურა მიდევს, სადირიჟორო ჯოხი, ფრაკი და ბევრი, ბევრი მაისური - დირიჟორობა ისეთი ფსიქოემოციური დატვირთვაა, რომ რამდენიმე ტაქტის შემდეგ გალუმპული ხარ.
მანქანაში რომ ვჯდები, ძალიან მეცოდება ჩემი თავი. თეატრში შევდივარ, ოთახს მიღებენ, მთელ თეატრს ეტყობა წინასაპრემიერო ციებ-ცხელება. ეზოში მუსიკოსები დგანან და მიღიმიან. მომენტალურად ამყავს თავი ხელში და, ბარაკ ობამასავით, ხელის აწევით ვესალმები.
მერე ვიცვამ. უკვე წუთებია დათვლილი. რამდენი წელია, ეს გრძელდება... რამდენი დარბაზი, რამდენი ორკესტრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არასოდეს შეიცვლება. თეატრის რადიოში ისმის: "5 წუთი დარჩა დაწყებამდე... 4 წუთი..."
და მერე შიდა ტელეფონის ზარი: "ჩემო საყვარელო მაესტრო! ხომ კარგად ხარ? ჩვენ უკვე მზად ვართ და, თუ შეიძლება, გამობრძანდი." არაჩვეულებრივი წამყვანი რეჟოსორი გვყავს - ავთანდილ რევიშვილი, კონსერვატორიის პროფესირი.
სანამ სცენაზე გავალ, მიყვარს, რომ ვინმემ ხელზე ხელი მომიჭიროს. კართან მხვდება არაჩვეულებრივი ადამიანი, ორკესტრის მუშა, ყოფილი კონტრაბასისტი, ბატონი რეზო. ხელს ხელზე ვუჭერ და საორკესტრო ორმოში გავდივარ.
იქ ქრება ყველაფერი - აღარც ღელვა, აღარც ნერვიულობა. ერთი ნაბიჯი და... სხვა სამყაროში ვარ. "დონ ჟუანი" იწყება!
მოცარტის "დონ ჟუანი" ერთ-ერთი უდიდესი შედევრია, რაც კაცობრიობას შეუქმნია. ის ცდება ხელოვნების კონკრეტულ სფეროს. ისევე, როგორც "პიეტა", "ჰამლეტი", წმინდა პეტრეს ტაძარი...
ძალიან ძნელია, ამას შეეჭიდო. უნდა მიაგნო, მოცარტს რა უნდოდა, რატომ წერდა აქ ამას... თუ მიაგენი, მეტი არაფერი გჭირდება.
დამთავრდა!
უწინ მეგონა, რომ მხოლოდ მუსიკა მაინტერესებს და სულაც არ მაღელვებს აპლოდისმენტები და ხალხის ლოჟებიდან გადმოცვენა.
როგორ არა?! ეს ყოფილა ძალიან დიდი ბედნიერება! იმის შეგრძნება, რომ შეძელი და ეს ხალხი რაღაცით გაახარე. რა თქმა უნდა, მაინტერესებს. რომელ ნორმალურ არტისტს არ აინტერესებს?
მაგრამ არსებობს ტრიუკები და იაფფასიანი წარმატება, არსებობს აპლოდისმენტებზე გათვლილი უპატიოსნო თამაში. მატყუარა არტისტზე უფრო დიდი საშინელება არაფერია.
ჩემთვის ძვირფასია იმ კონცეფციის და იდეის აღიარება, რომელიც შესრულებაში ჩავდე.

10 ივნისი, ოთხშაბათი
ვცდილობ, გავიღვიძო. ვიცი, რომ მძინავს და არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა, რომ გამეღვიძოს. ეს ყველაფერი სიზმარში ხდება.
ძალიან მიყვარს ჩემს მეგობრებთან შეხვედრა დღისით. მაგალითად, სადმე ერთად საუზმე. თუ დღე მათთან შეხვედრით დავიწყე, მაშინ ამ დღეს ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის მეგობრები ყველაფერია. და უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ასეთი მეგობრები მყავს. მეგობრებმა გამომიყვანეს ყველა პრობლემიდან და ყველა უბედურებიდან, რისი გადატანაც მომიწია. მეგობრების გარეშე სულის სიმრთელეს ვერ შევინარჩუნებდი.
მერე იწყება რეკვა მობილურზე - ბერლინიდან, ვენიდან, მადრიდიდან და ტრიესტიდან. როგორ ჩაიარა პრემიერამ? და აბა, ვისთან წავალ წლევანდელ ზაფხულს? რა ბედნიერებაა თურმე, როცა გაგლეჯაზე ხარ!
დღეს სასიამოვნო გაბრუების დღეა.

11 ივნისი, ხუთშაბათი
დღეს მთელი დღე კონსერვატორიაში ვარ - გამოცდები დაიწყო.
შეუძლოდ ვარ. ეტყობა, ნერვული სტრესის შედეგია. ამ ტკივილს ვითმენ მთელი დღეა. თან უკვე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, ხვალ მეორე პრემიერაა.
დღიურის წერას განვაგრძობ. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემს დღიურში ბოლო ჩანაწერი გავაკეთე. შარშან, ყვარელში (სადაც სახლი გვაქვს), ვათვალიერებდი უამრავ ძველ ნივთს...
...მოსკოვში ვცხოვრობდით და 19 წლის ვიყავი, როცა თბილისში გადმოვედი. მოსკოვიდან უამრავი ნივთი წამოვიღეთ და ეს ყველაფერი ყვარელში წავიღეთ. შარშან ერთ-ერთ ოთახში შევედი და იქ ჩემი ბავშვობის საწერი მაგიდა დავინახე. ორი პატარა უჯრა და ერთი - დიდი, რომლებიც დაკეტილია. გამახსენდა, რომ მაგიდის ქვეშ პატარა სამალავი მქონდა, სადაც გასაღებს ვმალავდი. მომწონდა, რომ ჩემი უჯრები ჩაკეტილი იყო - მაშინ ხომ მეგონა, რომ ამდენი საიდუმლო მქონდა...
ჰოდა, შევყავი ხელი მაგიდის ქვეშ და აღმოვაჩინე ეს გასაღები. გავაღე უჯრები და ჩემი მწვანე დღიური ამოვიღე. "სოვინტერექსპორტ" - ეწერა რვეულზე. და ვნახე, რომ ძალიან ბევრი ტექსტი წითელი კალმით იყო გადაშლილი. როცა წამოვიზარდე და წავიკითხე ადრე ნაწერი, მაშინ წავშალე. ფაქტები დამიტოვებია და ყველაფერი, რაც ჩემს შინაგან ცხოვრებას ეხებოდა, წამიშლია. უძლიერესი ემოციები, პირველი სიყვარული - ყველაფერი წავშალე.

12 ივნისი, პარასკევი
სპექტაკლი მაქვს ჩასაბარებელი.
ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ სხვა გზა არ არის. სულაც არ არის გმირობა, რომ როგორც უნდა ვიყო, სცენაზე უნდა გავიდე, სპექტაკლზე მოსული ხალხი არ უნდა გავაწბილო.
პულტის გვერდით სკამიც კი დავიდგი - ცუდად რომ გავხდე, ჩამოვჯდები-მეთქი. მაგრამ არაფერი... კარგად წავიდა. ის კი არა, რაღაც მხრივ პირველზე მეტად დალაგებული სპექტაკლი გამოვიდა.

13 ივნისი, შაბათი
დილიდან ექიმთან წავედი. არ მომეშვა ეს ტკივილი და სპაზმი. ექო გადამიღეს და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგშია. უბრალოდ, სტრესის გამო პატარა გართულებააა. წამლები მომცეს და ახლა უკეთ ვარ.
სტრესი ნორმალური ამბავია. როგორ იქნები წყნარად, თუ მწვავე რეაქცია გაქვს სიბნელეზე, ბოროტებაზე... გადავხედოთ ყველაფერს, რაც ახლა ჩვენს გაშემო ხდება - რატომ უნდა იყო წყნარად, როგორ შეიძლება კარგად იყო? ან არანორმალური უნდა იყო და დაიჯერო, რომ საქართველოში სულიერების აღზევება მიმდინარეობს და არნახული ეკონომიკური ზრდა. თუ არ დაიჯერებ, სტრესი გექნება.
ამას წინათ ერთმა მეგობარმა დამირეკა უცხოეთიდან, დღევანდელ ვითარებაზე ვლაპარაკობდით. მითხრა, არ არის საჭირო პოლიტიკაში ერკვეოდეს ადამიანი, ინტუიციით უნდა იგრძნოს, რა ხდება და სად არის სიმართლეო. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყო ჩემთვის.
მგონია, რომ ვგრძნობ და ვიცი, სად არის სიმართლე.
XS
SM
MD
LG