Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 15 ივნისი 2009


მიმოხილვას დავიწყებთ “კვირის პალიტრით”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს ლევან გაჩეჩილაძესთან. ამ ინტერვიუს დიდი ნაწილი კვლავინდებურად გაჩეჩილაძის და პრეზიდენტის შეხვედრას ეხება. „შეხვედრაზე ისეთი მიშა იყო, როგორსაც ვიცნობ - ბუნებრივი. ბევრად განსხვავებული, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრისას - მაშინდელი შეხვედრა ბევრად თეატრალიზებული იყო“, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის ირაკლი ალასანიას პარტიაში გაწევრიანებას, ლევან გაჩეჩილაძე პასუხობს: „როცა ირაკლი პარტიას შექმნის, ალბათ, მერე დაიწყებს პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს. ვნახოთ, რა იქნება, თორემ მე რომ რომელიმე პარტიაში შესვლა არ გამიჭირდება, იცით, ალბათ“.

გაზეთი ასევე აქვეყნებს შაბათს რადიო „პალიტრაში“ გასული გადაცემის ნაწყვეტს - გადაცემა „რეზიუმეში“ მოწვეული სტუმრები იყვნენ პარლამენტარი გია თორთლაძე და ახალი მემარჯვენე დავით საგანელიძე. გია თორთლაძის კომენტარს - დეპუტატს იარაღის ტარების უფლება აქვს და, თუ დავინახავ ვინმე ბეისბოლის ბიტიანს, მძიმესაგნიანს ან დანიანს, იარაღს ვესვრიო, საგანელიძის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ურთიერთშეურაცხყოფათა კასკადის შემდეგ წამყვანი იძულებული გახდა გადაცემა შეეწყვიტა.

ამ ინციდენტს დაწვრილებით აშუქებს დღევანდელი „მთელი კვირა“, რომელიც გადაცემის ორივე მონაწილეს გაესაუბრა. გია თორთლაძემ გაზეთს უთხრა, ეს თავიდანვე დადგმული სპექტაკლი იყოო და რადიო „პალიტრა“ მისი ნათქვამის არასრულად ჩართვაში დაადანაშაულა: ბევრი რამ, რაც ვთქვი, არ ისმოდაო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა თქვა მან ისეთი, რაც ეთერში არ გაისმა, გია თორთლაძე პასუხობს: „არის იმის ჩანაწერი და უნდა გაუშვან. ახლა არ მახსოვს, იმწუთას სიტყვასიტყვით რას ვამბობდი“. დავით საგანელიძემ კი მთელ კვირას უთხრა: „რას ახშობდნენ, სიტყვაც კი არ შემიწყვეტინებია. უბრალოდ, როცა თქვა, იარაღს ვისვრიო, მე საშუალება არ მივეცი, გაეგრძელებინა. თურმე, ბავშვები იმიტომ მისდევდნენ, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს.“

„ვერსია“ ”მაესტროს” ხელმძღვანელ მამუკა ღლონტთან აქვეყნებს ინტერვიუს, სადაც ის საკუთარი ტელევიზიის როლზე ლაპარაკობს. „ჩვენმა, ერთი შეხედვით, პატარა ტელევიზიამ გარშემო ძალიან ბევრი ტელევიზია აამოძრავა. მაგალითისთვის: როცა რაღაცა ხდება და ეკა ზღულაძე ღამის სამ საათზე კომენტარს აკეთებს, აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ღამის სამ საათზე გადავეცით ახალი ამბავი და მას იძულების წესით უწევს შემდეგ ჩვენს ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება“, - უთხრა მამუკა ღლონტმა ”ვერსიას”.

„კვირის ქრონიკა“ აქვეყნებს ინტერვიუს პატრულის მიერ მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის მამასთან, სოსო რობაქიძესთან, რომელიც ამბობს, ჩემი შვილის მკვლელი ჯერ გირაოთი ატარეს ერთი წელი, მერე ოთხი წელი მიუსაჯეს და სექტემბერში, ალბათ, გამოუშვებენო. ასე მოხდა გირგვლიანის ამბავზეც - ხომ შეუმცირეს ის შვიდი წელი და საახალწლოდ სახლებში იქნებიან, - ამბობს სოსო რობაქიძე და განაგრძობს: „მას შემდეგ, რაც ბუტა მომიკლეს, დააკვირდით, რა მოხდა: სანდროს მკვლელობა ხომ მოხდა, ციხის ამბები ხომ მოხდა. რა იყო ამის იდეოლოგიური საფუძველი? - ნულოვანი ტოლერანტობა! ხელი არ აგიკანკალდეთ! ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და სუსტი მთავრობა არ ვიქნებით!“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG