Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის ვიზიტი ბაქოში და “ნაბუკოს” პერსპექტივა


აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელ ვიზიტს, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის გეგმისთვის, რომელიც ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას ითვალისწინებს. საქმე ეხება ბაქოს დათანხმებას რუსეთისთვის გაზის მიყიდვის განახლებაზე, რაც აძლიერებს კრემლის პროექტს სახელწოდებით “სამხრეთის ნაკადი” და იმავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის პროექტის, “ნაბუკოს” განხორციელების პერსპექტივას. თუმცა ენერგეტიკის საკითხებში ჩვენი რადიოს ექსპერტის, ბრუს პანიერის შეფასებით, ორ პროექტს შორის კონკურენცია კვლავინდებურად გრძელდება.

მომავალი წლის 1 იანვრიდან რუსეთი განაახლებს აზერბაიჯანის გაზის შესყიდვას. შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს ორშაბათს, ბაქოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით,
მისი ქვეყანა და აზერბაიჯანი ნავთობის სექტორშიც განაგრძობენ მუშაობას, გაზის სფეროში ურთიერთობის განვითარებას კი ახლა იწყებენ, რაც, მედვედევის აზრით, კარგი დასაწყისია ამ სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისთვის.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ბაქოში გამართულ ცერემონიაზე გაზის სფეროში თანამშრომლობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის მონოპოლისტ კომპანია “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარის” დირექტორმა როვნაგ აბდულაევმა. დოკუმენტის დეტალები მარტო ნაწილობრივ არის ცნობილი: რუსეთი თავდაპირველად არც თუ დიდი მოცულობის, 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. საბოლოოდ რა მოცულობაზეა ლაპარაკი, უცნობი რჩება.

“გაზპრომის” ხელმძღვანელმა შეთანხმების დადებით მხარეებზე მიუთითა: ჯერ ერთი, რუსეთს და აზერბაიჯანს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, არ ესაჭიროებათ სატრანზიტო ქვეყნებთან მოლაპარაკება და მეორე - უკვე არსებობს ორი ქვეყნის დამაკავშირებელი მილსადენი.

ასევე ალექსეი მილერის თქმით, რუსეთს უპირატესობა ენიჭება აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოს მეორე ნახევრის შესყიდვის მსურველებს შორის. თუმცა, აზერბაიჯანის კომპანია “სოკარის” პრეს-მდივანმა ნიზამედდინ გულიევმა განსხვავებული შინაარსის განცხადება გააკეთა: 29 ივნისს ხელმოწერილ შეთანხმებაში, მის თქმით, ნახსენები არ არის შაჰ დენიზი.

ასევე გულიევის განცხადებით, აზერბაიჯანი განაგრძობს სხვადასხვა შეთავაზების განხილვას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთთან. აქვე უნდა ითქვას, რომ შაჰ დენიზის გაზს უკავშირდება “ნაბუკოს” ამოქმედების იმედი.

ენერგეტიკის საკითხებში ჩვენი რადიოს ექსპერტი, ბრუს პანიერი შეგვახსენებს, რომ ამჟამინდელი გეგმით, “ნაბუკო” პირველ 8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს აზერბაიჯანისაგან, რასაც რესურსების წელიწადში 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა მოჰყვება პროექტში სხვა მომმარაგებლების ჩართვის შედეგად.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ორშაბათს რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უკვე აწარმოებს წელიწადში 27 მილიარდ კუბურ მეტრს და წელს 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე ავა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ შაჰ დენიზის საბადოს პოტენციალი, წინასწარი შეფასებით, 1,2 მეათედ ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს, ვარაუდობენ, რომ გაზი “ნაბუკოსაც” ეყოფა.

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ “გაზპრომმა” ბაქოს მთელი მისი საექსპორტო გაზის შესყიდვა შესთავაზა. ამიტომ, როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტი, ილჰამ შაბანი აღნიშნავს, აზერბაიჯანს მართალია, საკმარისი გაზი აქვს მისი როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირისთვის მისაყიდად, მაგრამ ევროკავშირი მალე უნდა შეუდგეს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას “ნაბუკოს” პროექტზე და შაჰ დენიზის საბადოზე. შაბანის აზრით, თუ ევროპა არ ამოქმედდა, დაკარგავს აზერბაიჯანთან კონტრაქტის გაფორმების შანსს. აზერბაიჯანისთვის, ამბობს შაბანი, მოულოდნელი იყო, რომ “გაზპრომი” აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია, რომელმაც მას შეთავაზებით მიმართა და შეთანხმებას მიაღწია. არც ერთ დასავლურ კომპანიას არ გაუკეთებია რაიმე შეთავაზება - “გაზპრომი” პირველი იყო.
XS
SM
MD
LG