Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალისტურია საქართველოს გაზრდილი ბიუჯეტის შესრულება


ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ბიურომ მოიწონა და პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განსახილველად დაამტკიცა საქართველოს ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტი. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 317 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. ეს იმის მიუხედავად, რომ წლის დასაწყისიდან კლებას განიცდის საგადასახადო შემოსავლები. საკითხავია,რის საფუძველზე იზრდება საქართველოს ბიუჯეტი და რამდენად რეალისტურია ეს ზრდა.

ბოლო თვეების მანძილზე საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობლად იკლო, მთავრობამ კი გამოსავალი ბიუჯეტის გაზრდაში იპოვა და საქართველოს პარლამენტს საბიუჯეტო ცვლილებები შესთავაზა. ბიუჯეტის 317 მილიონი ლარით გაზრდის პროექტი პარლამენტის საგანგებოდ მოწვეულ ბიუროს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა გააცნო.
საქართველოს მთავრობას, ბიუჯეტის ზრდის ნაცვლად, მის შემცირებას ურჩევენ როგორც ეკონომისტების ნაწილი, ასევე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. მათ შორისაა შოთა გვენეტაძე, ერთ-ერთი ლიდერი ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, პარტიისა „სამართლიანი საქართველო“.

„ერთი მილიარდი ლარით ნაკლები შემოსავალი იქნება წლის განმავლობაში. ამიტომ აუცილებლად დღესვე უნდა გამზადდეს ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტი.“

გვენეტაძის აზრით, უნდა შემცირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.
მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მართლაც გადაწყვიტა, თუმცა უმნიშვნელოდ. სამაგიეროდ, იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯები და სხვ.

რის ხარჯზე მოხდება ზრდის დაფინანსება, მაშინ როდესაც საგადასახადო შემოსავლები კლებას განიცდის? ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გაგვცა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა:

„არის საუბარი გრანტებზე, კრედიტებსა და შემცირებულ შემოსავლებზეა გათვლა გაკეთებული.“

საქართველომ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მიიღოს საერთაშორისო ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი, რომელიც ისედაც ასახულია ქვეყნის ბიუჯეტში. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, ძირითადად, იმ სავარაუდო კრედიტებს ეფუძნება, რომელთა აღება ქვეყნის ხელისუფლებამ ახლახან გადაწყვიტა.

მმართველი პოლიტიკური ძალის საბიუჯეტო ოპტიმიზმს არ იზიარებს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის ექსპერტი ლექსო ალექსიშვილი. მისი განცხადებით, პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 5,9 პროცენტითაა შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიმდინარე წელი ძალიან რთული იქნება. საბიუჯეტო ცვლილებები ეკონომიკის 1,5 პროცენტიან კლებაზეა აგებული, რაც ლექსო ალექსიშვილს ოპტიმისტურ პროგნოზად მიაჩნია.

„ბუნებრივია, საბიუჯეტო დანაკარგი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დაგეგმილია. ბიუჯეტის ზრდაც, შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურ გათვლებს ეყრდნობა, რისი საფუძველიც ამ პერიოდისათვის, სამწუხაროდ, არ არსებობს.“

ლექსო ალექსიშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა ბიუჯეტის კორექტირება და დღევანდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან მისადაგება, ანუ ბიუჯეტის შემცირება. ის მთავრობას ურჩევს მომავალ წელზეც იფიქროს, რომელიც არანაკლებ რთული იქნება საგადასახადო შემოსავლების სახით, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო დახმარებაც შემცირდება.
XS
SM
MD
LG