Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 8 ივლისი 2009

  • ნიკო ნერგაძე

„გერმანელი და შვედი დიპლომატები ნაციონალურ კანონპროექტს არ იწონებენ“- ასეთია დღვანდელი „რეზონანსის“ მოწინავე სტატიის სათაური. გერმანიის ელჩმა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მანიფესტაციების, პოლიციის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების უარყოფითი შეფასება ხმამაღლა გამოხატესო, წერს „რეზონანსი“.

გაზეთი ასევე წერს, კოკოითიმ ახალგორის დე ფაქტო გამგებელი სამსახურიდან გაათავისუფლა და, შესაძლოა, დაიჭირა კიდეცო. გათავისუფლების ფაქტი „რეზონანსს“ ახალგორის დეპუტატმა ვლადიმერ გაბარაევმა დაუდასტურა, დაპატიმრების შესახებ კი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს.
„ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან. „თუ საპარლამენტო და თვითთმართველობის არჩევნები ერთად დაინიშნა, ირაკლი ალასანია ალიანსის პარტიული სიის ლიდერი იქნება, თუ თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები, მაშინ მერობის კანდიდატიო“, - უთხრა ბერძენიშვილმა „ვერსიას“. მანვე გასცა პასუხი შეკითხვას მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან გაუჩინარების შესახებ: ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ახლა ამერიკაშია და, იმედია, თვის ბოლოს საქართველოში დაბრუნებას შეძლებსო“, - უთხრა დავით ბერძენიშვილმა „ვერსიას“.

„ახალი თაობა“ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტსა და ოპოზიციის გეგმებზე წერს. „გაურკვეველია, პროტოკოლი ითვალისწინებს თუ არა აქციებზე ბაიდენის მისვლას, თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ ისინი სწორედ ამ ფორმით დაუდასტურებენ ბაიდენსა და ამერიკას მხარდაჭერასო.“ - სტატიის სათაურია „ბაიდენს ოპოზიცია რუსთაველზე, ხელისუფლება კი სტადიონზე შეხვდება“.

დღევანდელი „24 საათი“ მთლიანად საერთაშორისო ახალ ამბებს ეძღვნება.გაგაცნობთ რამდენიმე სათაურს, საიდანაც ჩანს სტატიების სულისკვეთება:“ ამერიკის პრეზიდენტი მოსკოვში პროგრამული სიტყვით გამოვიდა“, „ბარაკ ობამა საერთაშორისო სამართალს იცავს“, „ვაჭრობა არ შედგა“ - ბუნებრივია, ეს სტატიები ობამას მოსკოვში ვიზიტს შეეხება.

იგივე თემაა „საქართველოს რეპუბლიკის“ პირველ გვერდზეც, სათაურით „ამერიკა, საქართველო, რუსეთი“. შრიფტი ისეა აწყობილი, რომ საქართველო უფრო პატარაზე წერია და ამერიკასა და რუსეთს შორისაა მოქცეული. ქვესათაურია - „შეთანხმდნენ, რომ ვერ შეთანხმდნენ“.
XS
SM
MD
LG