Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუცა კუხიანიძე - მსახიობი


28 ივნისი, კვირა
ვიღვიძებ ახალდაბაში და ვოცნებობ, რომ დღე დიდხანს არ დამთავრდეს, იმიტომ რომ ვისვენებ საოცრად...

29 ივნისი, ორშაბათი
რა თქმა უნდა, წავედი „სანგუკოში“.
პირველ რიგში დავლიე ყავა. ახალი აპარატი გვაქვს, მოიტანეს და დადგეს. დიდია და ბევრ ფუნქციას ასრულებს, სხადასხვანაირ სასმელს ასხამს. უკვე კარგა ხანია დგას, მარა მოტანის დღიდან დღემდე გაოცება და ეჭვის თვალით ყურება არ განელებულა. ვაკვირდებით, ვცდილობთ, რაღაც ფარული ამოვიკითხოთ, მზადების პროცესს დეტალურად განვიხილავთ და, რაც მთავარია, არ გვბეზრდება. არის რაღაცები, რაც, უბრალოდ, არ არის ორგანული, მაგალითად, ყავის აპარატი. სამწუხაროა, მარა რას იზამ. ამაზე ბევრს ვიცინით.
შემდეგ შემოვლაზე გავდივარ, გრძელი კორიდორი გვაქვს, აქეთ-იქიდან ოთახები, საკმაოდ არაორდინარული სამუშაო გარემო.
ხელში მიჭირავს – როგორც ყოველთვის – სათვალე, სიგარეტი, “ზაჟიგალკა”, ტელეფონი და ყავა. ნუ ლეპტოპი დღეს არ მაქვს, დამტენი გამიფუჭდა და თბილისში პრინციპულად არ ვყიდულობ. უაზროდ ძვირი ღირს, გვასულელებენ, სარგებლობენ, რომ ესეც არ არის ორგანული და მე ამას ვაპროტესტებ. მართალია, ძაან მჭირდება...
შევდივარ თამუნას ოთახში.
თავისუფლების დღიურები - ნუცა კუხიანიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:03 0:00
ბევრს ვლაპარაკობთ მასხარას PR-ზე – ინგლისური ტერმინები ჭარბობს.
მე ჩემს პერფექციონიზმს ვამჟღავნებ. კი მესმის, რომ ვამეტებ, მარა არ ვნებდები.
შიგადაშიგ ვიხმობთ კახას და აზრს ვეკითხებით. კახა პოლიტიკურ გადახვევებს აკეთებს, მარა ჩვენ ამჯერად არ ვეგებით პროვოკაციაზე. ის ამაზე ბევრს ხალისობს, გადაიხარხარებს და ვუბრუნდებით მასხარას PR -ს. მასხარა – ანუ გიორგი მასხარაშვილი...
მე ისევ მებადება კითხვა – რა ახალისებს ესე? კახა ერთგულია.
ვიმუშავეთ.
გვერდით ოთახში გავდივარ, კარზე წერია: “ობშეჟიწიე”. ამ დროს კინოს წარმოების ოთახია. შეიძლება ითქვას, რომ სწორი წარწერაა. აქაც მუშაობენ, ოღონდ უკვე მასხარას ფილმის წარმოებაზე. მე ვჯდები კომპიუტერთან და ვიწყებ გორის პროექტის წერას. საკმაოდ მიჭირს: გამართული გრამატიკა, წინადადებების სწორი ფორმულირება, აზრის და კონცეფციის სწორი გადმოცემა. ვცდილობ, ოთახში მყოფები ემოციურად ჩავრთო, მაგრამ არ გამომდის - მათ თავიანთი საქმე აქვთ. 3 დღეში გადაღება იწყება. ემოციურად გამოფიტულები არიან. დაღლილები.
სტუდიაში დიდხანს შემოვრჩი. ყველა წავიდა. მასხარა მოვიდა. შევიდა თავის ოთახში და შეუდგა ფილმისთვის ანიმაციის კეთებას.
ამ დროს მოიყვანეს ჩემი კატო. კატო დასაბანია და ახალდაბიდან თბილისში ჩამოვიყვანე. – თამუნა სად არის? დეია? – დარბის, დარბის, დარბის! მიყვარს, როცა „სანგუკოში“ მოდის.
მასხარას ოთახი არ მოეწონა. იქ მასხარას გაკეთებული თოჯინებია. კატოს ვუთხარი – აი, პრინცი, აი პრინცესა, აი, სასახლე. კატოს ცოტა შეეშინდა. ზღაპარი სხვანაირი წარმოუდგენია.
კატო როცა დავაძინე, აივანზე გავედი. მე და პატარა სოფო ვიყავით. მერე მოვიდა თაკო შავგულიძე და ცხოვრებაზე და ახალ სცენარზე ვილაპარაკეთ.

30 ივნისი, სამშაბათი
ექვსის ნახევარი, თამუნას ოთახი, „სანგუკო“...
სადაც წავაწყდები კომპიუტერს, იქ ვწერ. შეიძლება რაღაც ფურცლების ნაგლეჯებზეც ვწერო, არა აქვს მნიშვნელობა, თუ გაქვს სათქმელი, რამენაირად იტყვი, ან დაწერ, ან იყვირებ, ან გააკეთებ, ან აჩვენებ, არ ვიცი რა. ისიც არ ვიცი, რამდენად მზად ვარ, რო ხმამაღლა ვილაპარაკო, მარა ისიც არის, რო მზად როდისმე ხაარ???
გაირკვა, რომ შიგ სტუდიაში უნდა გადაიღონ ფილმი, ოთახების ინტერიერებს ცვლიან, მე ამას ვაპროტესტებ. ისე, რა უცნაურია პირველი შეფასება - პროტესტი. არა, მერე უფიქრდები, და მილიონი სხვადასხვა ვარიანტი იჩენს თავს, გარდა პროტესტისა. რა თქმა უნდა, ვთანხმდები. საბოლოო ჯამში, რაც უნდათ, ქნან, მთავარია ქნან. ეგეც რაღაც უკიდურესობაა! ნუ, ჩვენი რეალობაა...
- რას ბეჭდავ, ჩემ თავს გაფიცებ, რა მოგივიდა ტვინში? – მეკითხება თამუნა.
მე გამეცინა, ნათქვამის ინტონაცია ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და მაგიტომაც გამეცინა. არ ვპასუხობ, თამუნაც არ მეძიება, დღის განმავლობაში ესეთი კითხვა-პასუხი ხშირია.
მოდის მესიჯი ტელეფონზე – რაღაც კითხვები დამისვეს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით... ძალიან მარტივი პასუხები ესაჭიეროებოდათ. მე გავართულე, რასაკვირველია. მადლობლები დარჩნენ, მე გამეხარდა. ჩემი ფოტოც უნდოდათ. აღმოჩნდა, რომ არ მაქვს, როგორც ყოველთვის – თამუნა რამეს იზამს.
ყველაფერი მოსწრებაზეა – ჩემთვის განსაკუთრებით. მინდა ცოტა კიდე ვწერო, მაგრამ 10 წუთში მოვლენ აჩიკო გულედანი და ვახო ბაბუნაშვილი – გორში ფესტივალთან დაკავშირებით. მინდა ამ ფესტივალის გაკეთება, ძაან მინდა!..
თამუნა მეუბნება:
- შენ ხო არ გაგიჟდი, რას წერ???
სასაცილოა, ისეთი ტემპით ვბეჭდავ. კიდე მესიჯი. არა, აქ სიმშვიდე შეუძლებელია, მასხარამ ჩაიქროლა ბორბლებიანი სკამით; ქვირია დარბის და ყველას უყვება მისთვის უაქტუალურეს საბაჟოს პრობლემებზე; იქ გვერდზე ლევანი რაღაცას იღებს; პატარა სოფომ რატომღაც თვალები დაიხატა; მოვიდა თიკო და თავის ახალ ძიძაზე ძალიან გახარებული ყვება. როგორ მიყვარს „სანგუკო“! თავისი აქტუალური თემებით. და მიხარია, რო მიყვარს! ხომ ვთქვი, არაორდინარული სამუშაო გარემოა-მეთქი.
- სეივი არ დაგავიწყდეს!
- აჰა.

1 ივლისი, ოთხშაბათი
ღამის 3 საათი.
რატო ვიარე ამდენი, არ ვიცი! არადა, ფეხებს ვერ ვგრძნობ და უკვე ვერ ვგრძნობ დიდი ხანია. ექვსის მერე. ეხლა ღამის 3 საათია და სახლში ამ წამს შემოვედი. რატო ვიტყუებ თავს, რომ განმარტოება მინდა და არ მაცლიან, არ ვიცი. მოდი რა, ვთქვათ სიმართლე. დიდი ენთუზიაზმით ვუერთდები ყოველდღიურ ან „ღამიურ“ და ერთსა და იმავე თბილისურ ცხოვრებას.
თბილისი ინდივიდის მოძულე და ამავდროულად მოტრფიალე ქალაქია. საკმაოდ მძიმე. უსივრცო, უფრო სწორად, ერთსივრციანი.
მე ამას ვერ ვეგუები და ვარ მუდმივ ბრძოლაში, ნერვიულობაში, თვითდამკვიდრებაში. სიმშვიდის ძიებაში.
სიმშვიდე დიდი ბედნიერებაა, რაც ამ ქალაქს აკლია. სიმშვიდეც და ბედნიერებაც.
დღეს “რატოს” ღამეა. აღარ გავაგრძელებ. ყველას თავის „რატო“ აქვს, მეც მაქვს ჩემი.
საოცარ ლოდინში ვარ. გუკა ჩამოდის დილის 7 საათზე მოსკოვიდან. ეხლა კი ჯერ სამია.
- ჩემი სოფოს დაბადების დღე დადგა და ოოოოოო.... გარეთ როგორ ელავს!

2 ივლისი, ხუთშაბათი
მეძინება, მაგრამ ცოტა მაინც უნდა დავწერო. რა კაია, „უნდა“?! ისე, რაღაცას თუ მოკიდე ხელი, ბოლომდე უნდა მიიყვანო. მე ეს თითქმის ყოველთვის მიჭირს. ეს ჩემი დიდი პრობლემაა, ზედმეტად ემოციური ვარ. დროს ვერ ვანაწილებ, შესაბამისად, ვერც ემოციას და, რა თქმა უნდა, ვერც სტაბილურობას დავიბრალებ. ამიტომაც მიჭირს თანმიმდევრულობა. არ ვიცი, ესეთი სიტყვა თუ არსებობს. იმპულსური ვარ, იმმომენტური.
არ უნდა გეუბნენოდეთ, არ გიცნობთ. ზოგს - კი. მაგრამ ნაკლებად ვლაპარაკობ ჩემს შესახებ. აქ, უბრალოდ, შევყევი.
სელინჯერი გამახსენდა, „თამაში ჭვავის ყანაში“.
იმ დღეს კატოს ვუყვებოდი ზღაპარს. რატომღაც ექსპერიმენტის სახე მიეცა. რაც მომდიოდა თავში, რასაც ვხედავდი თავში, ყველაფერს ვამბობდი. საოცარი სიგიჟე გამოვიდა. კატოს მაგრად მოწონდა, გაოგნებული მისმენდა. სიურრეალიზმის პიკი იყო. მეც მომწონდა და ვერ ვჩერდებოდი, მოდიოდა და მოდიოდა. საოცრებაა, როცა შეგიძლია მოიყვანო სულ ფხიზელზე.
ტვინი თავისუფალი იყო. და სწორედ ეს მოგვწონდა.
ვიფიქრე, ეხლა გუკაზე დავწერ-მეთქი, მაგრამ არ არსებობს...
მყავს ვარდი, ყვავილი ვარდი. არა, კატო, რომელიც პირველი მცენარეა, ჩემს ხელში რომ გაიხარა. კატოს სახელზე ვიყიდე და ალბათ მაგიტომ, ალბათ მაგიტომ ვუვლი და ვეფერები, ხანდახან ველაპარაკები. ამ დროს, საოცრად არარომანტიული ვარ.
მეძინება ძაან და ალბათ ამიტომ ვწერ ამდენ სისულელეს.
ისე, დღე დიდად არ განსხვავდებოდა სხვა დღეებისგან. ისევ „სანგუკო“, მერე ისევ გოგოები, დედაჩემთან ასჯერ ტელეფონით ლაპარაკი, ისევ დაღლილობა, ისევ ყავა უამრავი რაოდენობით...
ეს არ არის საინტერესო, ალბათ ისევ სისულელეები ჯობია.

3 ივლისი, პარასკევი
კატოს ველაპარაკებოდი და მკითხა სად ხარო, მე ვუთხარი, თბილისში ვარ-მეთქი.
- რატო?
და შემრცხვა, არ ვიცი-მეთქი – მაზოხისტურად ვაღვივებ მონატრების გრძნობას. გავვარდი ახალდაბაში. აქაც თავისებური დასვენებაა. ოთხი ბავშვი + კატო. გადარბენა, ყვირილი, კითხვები მილიონობით, ჟრიამული და ერთი ამბავი.
დაღლილ-დაქანცული ყველას სათითაოდ ვეთამაშე ბადმინტონი. ბოლოს კინაღამ დავეცი, მარა უარს როგორ ვეტყოდი! კატოც საქმეში იყო. ყველანაირი ხერხით ცდილობდა ასაკობრივი ბარიერის გადალახვას, დროდადრო ბალახზე გორდებოდა და იძახდა – „ოჰ რა კარგი დღე იყო!..“
ბოლოს „წვრილფეხობა“ თბილისში გაემგზავრა. ხვალ მთელი ოჯახი კახეთში მიდის. ჩვენც ოთხშაბათს წამოვეწევით. ნამდვილი მიგრაციაა.
მარტო რომ დავრჩი, ტელევიზორი ჩავრთე. მხოლოდ სამ არხს აჩვენებს. ისიც ქართულს.
„რუსთავი 2“ – გადაცემა „პატრული“.
მთელს საქართველოში მდებარე პოლიციის შენობები, მათი ინტერიერები, სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული პატრულის მანქანები, მერე მათი “კატაობა”. ძირითადად პანორამები. დაკარგული, გატაცებული, მოკლული, დაკავებული. ეჭვმიტანილი ადამიანების ფოტოები, გახსნილი და გაუხსნელი საქმეების ანონსები. საგზაო ნიშნები, კანონები, წესები, ააააააა!!! რატომ ამ რაოდენობით? მომწონს „პატრული“, მარა ამ დოზით?
„იმედი“ – ფილმი „ხერხი მეათასე“, სრული მარაზმი! ვფიქრობდი, ალბათ კოშმარებს გვაჩვენებენ, რომ გვიხაროდეს, თურმე ჩვენ რა კარგათ ვართ.
I არხი – მეასეხარისხოვანი ფილმი, მეასეხარისხოვანი მსახიობებით და გაუგებარი სიუჟეტით, არაფრისმთქმელი. მთელი მსოფლიოს ფილმებიდან რატომ მაინცდამაინც ეს???
გამოვრთე ტელევიზორი და საკმაოდ ცუდ გუნებაზე დავდექი. აღარ მომინდა აქ. ვიგრძენი საშინელი ჩაკეტილობა. კი ვიცი, რომ ასეა, მარა ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.
ჯობია წავიდე და დავწვე, ჩავიგორო ჩემი თბილი ვარდი და ჩავეხუტო.
“უბეჟიშჩეს” ყველა თავისებურად ეძებს.
დღესაც რატოს ღამეა. არ ვარ “რატომ”-ის აქტივისტი, მაგრამ მეც ხანდახან, როგორც კატოს, მებადება ეს კითხვა.

4 ივლისი, შაბათი
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე.
ნამდვილი თავისუფლება...
მოდი, ნუ განვავრცობთ.
ნახევარ საათში ჩაწერაზე უნდა წავიდე. დღეს დამთავრდა ჩემი დღიურების წერა და ალბათ დიდი ხანი აღარ დაიწყება. არ შემიძლია. თუმცა, ჩემთვის დღიური არ იყო, ეს უბრალოდ იყო ჩემი რამდენიმე დღე, რომელზეც ხმამაღლა მოვყევი. საკმაოდ ზედაპირული ვიყავი, არ მაქვს განწყობა. არ მაქვს ხალისი. საკმაოდ მძიმე რეალობაში ვიმყოფებით.
დავაკვირდი: კვირა საკმაოდ კარგი განწყობით დავიწყე.
XS
SM
MD
LG