Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რეჟიმის ყოფილი დამცველის “მონანიება”


ამირ ფარშად იბრაჰიმი
ამირ ფარშად იბრაჰიმი
“ანსარი ჰესბოლა” ირანის რადიკალური დაჯგუფებაა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად იყენებს პოლიტიკურ ოპონენტებსა და დისიდენტებთან ანგარიშსწორებისათვის. ამ გასაიდუმლოებული ჯგუფის ერთ-ერთი ყოფილი აგენტი ამჟამად გერმანიაში, დევნილობაში, ცხოვრობს და თავზარდაცემულია იმით, რასაც მისი ყოფილი თანამებრძოლები ირანის ქუჩებში სჩადიან.

ჟურნალისტი ამირ ფარშად იბრაჰიმი თავის დროზე ირანის ცნობილი პარამილიტარისტული დაჯგუფების ერთ-ერთი აგენტი და რადიკალური ჯგუფის, “ანსარი ჰესბოლას”, დამფუძნებელი იყო. ამ ბოლო ხანებში მსოფლიომ ვიდეოკადრების საშუალებით მრავალჯერ იხილა სცენები, თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან ამ ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის წევრები მშვიდობიან დემონსტრანტებს, გაყალბებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა რომ გამოიყვანა ირანის ქუჩებში.

იბრაჰიმი შეძრწუნებული ადევნებდა თვალს თავისი ყოფილი თანამებრძოლების ძალადობას, რამდენიმე ამოიცნო კიდეც და საკუთარ ბლოგზე მოათავსა მათი სახელი და სურათები:

“ძალიან მტკივნეული და ცუდი გრძნობაა, როდესაც უყურებ, თუ როგორ ხოცავენ შენს თანამემამულეებს, როგორ იცლებიან ისინი სისხლისგან ქუჩებში მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ ძირითად უფლებებს იცავენ. ტკივილს კიდევ უფრო მეტად ის ამწვავებს, რომ მე თავად მიმიძღვის წვლილი იმათ ჩამოყალიბებაში, რომლებიც ძალადობას სჩადიან. ეს საშინელი განცდაა და სინდისის ქენჯნა არ მასვენებს.“

ირან-ერაყის ომის ვეტერანებსა და რევოლუციური გვარდიის სხვა წევრებთან ერთად, იბრაჰიმიმ 1993 წელს რადიკალური დაჯგუფება დააარსა. ჯგუფის წევრები ფიქრობდნენ, რომ ამ გზით დაიცავდნენ ირანის რევოლუციას და იმ იდეალებს, რისთვისაც თანამებრძოლებთან ერთად თავს წირავდნენ; იმედოვნებდნენ აგრეთვე, რომ ჯგუფი წინ აღუდგებოდა კორუფციას და სხვა სოციალურ მანკიერებებს.

მაგრამ ირანის ხელისუფლებამ, რომელმაც კარგად დაინახა ჯგუფის პოტენციალი, მისი წევრების დაქირავება და დაფინანსება დაიწყო საკუთარი ვიწროპარტიული მიზნების განსახორციელებლად, რაც იმათ დარბევებსაც ითვალისწინებდა, ვინც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეფორმებს უჭერდა მხარს.
იბრაჰიმი ამბობს, რომ თავის დროზე ისიც მონაწილეობდა რეფორმისტ პოლიტიკოსთა მიტინგების დაშლაში, რისი ბრძანებაც ირანის უმაღლესი ხელისუფლებისგან მოდიოდა:

“მე არ შემიძლია თავი შევიკავო და ვთქვა, არ ვიყავი პასუხისმგებელი-მეთქი. როგორც ერთმა იმათგანმა, ვინც ჯგუფის პოლიტიკას წყვეტდა, ვიცოდი, ვის უნდა დავსხმოდით თავს და ვინ უნდა გვეცემა. ის ფაქტი, რომ პერსონალურად მე არავინ გამილახავს, არ ნიშნავს, რომ არ ვიყავი პასუხისმგებელი. იმ ჯგუფში ვიყავი, რომელიც ასეთ რამეებს სჩადიოდა და, რაც ყველაზე უარესია, მე ამ ჯგუფის პოლიტიკური მდივანი ვიყავი.”

1999 წელს იბრაჰიმიმ შეიტყო რადიკალური დაჯგუფების იმ გეგმის შესახებ, რომელიც სტუდენტებზე თავდასხმას და მოძლიერებული სტუდენტური მოძრაობის ჩახშობას ისახავდა მიზნად. იბრაჰიმიმ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ამ აქციაში, თუმცა სხვა მისი თანამებრძოლები თავს დაესხნენ თეირანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი სტუდენტი დაიღუპა და რამდენიმე დასახიჩრდა. იბრაჰიმიმ დაგმო ეს ძალადობა და სიტყვით გამოვიდა სტუდენტების წინაშე, რამდენიმე დღის შემდეგ კი სახლიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომელთა შორის მისი ჯგუფის წევრებიც იყვნენ. იგი 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, სადაც, როგორც თავად ამბობს, აწამებდნენ, რათა ეღიარებინა, რომ რეფორმისტი ლიდერების მითითებით მოქმედებდა.

იბრაჰიმი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში, მიხვდებიან საკუთარ შეცდომებს:

“მე მჯერა, რომ, ვიდრე ძალიან არ დაგვიანდა, პირს იზამენ ხალხისკენ ან გაჩუმდებიან და შეწყვეტენ ძალადობას, რადგან მერე,როცა ისლამური რესპუბილიკა დასუსტდება ან არსებობას შეწყვეტს, მეტისმეტი გვიანი იქნება და არანაირი ფასი აღარ ექნება სინანულს.“

თავის დროზე იბრაჰიმი არ გაჩუმდა. გასამხედროებული დაჯგუფების ყოფილი წევრი ირანის საპყრობილიდან 2000 წელს გათავისუფლდა, მაგრამ გადაწყვიტა საჩივარი შეეტანა იმათ წინააღმდეგ, ვინც ის საპყრობილეში ჩააგდო და აწამებდა. იგი დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა დამცველ ადვოკატს შირინ ებადის, ნობელის პრემიის ლაურეატს, და საკუთარი საქმე გააცნო. ამის გამო ადვოკატს, ცილისწამების ბრალდებით, ორკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თავად იბრაჰიმის კი კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივეს პატიმრობა და მხოლოდ 2003 წელს გაათავისუფლეს. პარამილიტარისტული დაჯგუფება “ანსარი ჰესბოლას” ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდნენ, იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა და თავშესაფარი ეპოვა გერმანიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG