Accessibility links

logo-print
”მთელი კვირა” წერს, რომ ხელისუფლება დიალოგის ახალი ეტაპისთვის ემზადება. გაზეთის ინფორმაციით, ამ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები. პოლიტიკური პროცესების განვითარების ვერსიების განხილვისას ავტორი წერს: ”მთელი კვირის” ინფორმაციით, ხელისუფლების ასეთ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც სათავეში მყოფ რამდენიმე პირს სურს, ხელისუფლების შიგნითვეა უკმაყოფილება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე არ შეიცვალა, ეს განწყობა ისევ ხელისუფლებაზე იმოქმედებს. ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს: ”მომლაპარაკებელ ხელისუფლებას მე ვერ ვხედავ. მოლაპარაკების მაგიდას ამ შემთხვევაში განვიხილავ როგორც ბრძოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტს და არა მოლაპარაკებას, რომელიც ახლავე რაიმე შედეგს მოიტანს. ბრძოლის ინსტრუმენტზეა საუბარი. ხელისუფლებასთან კონტაქტის ყველა შესაძლო ხერხი უნდა გამოვიყენოთ”, - ასე ფიქრობს დავით უსუფაშვილი, რომელთან ვრცელ ინტერვიუსაც ”მთელი კვირა” აქვეყნებს. ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან, რომელიც თვლის, რომ სასამართლოს რეფორმის დასრულებამდე ორი წელი დარჩა. მოსაგვარებელ პრობლემათა შორის კუბლაშვილი მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხსაც გამოყოფს.

”კვირის ქრონიკა” ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძეს ესაუბრება. ის პოლიტიკური დიალოგის შესახებ ამბობს: ”დიალოგზე დიდი ხანია საუბარი მიდის. ოპოზიციას ორივე უნდა ჰქონდეს ხელში, ფარიც და მახვილიც. დიალოგზე შეიძლება მეც წავიდე. ეს დიალოგი შეიძლება იყოს სააკაშვილის გადადგომის პროცედურებზე. ასეთ დიალოგზე წავალ, რა თქმა უნდა”, - ამბობს სანიკიძე. ”კვირის ქრონიკასთან” საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფინანსების პერსპექტივაზე ამბობს: ”მე მგონია, რომ დაახლოებით 100 ათას ლარამდე მოვაგროვებ ჩემს მეგობრებთან ერთად თბილისშივე; შემდეგი ეტაპი, ალბათ, უფრო სერიოზული თანხის მოზიდვის ეტაპი იქნება და ეს აუცილებლად მოხდება გამჭვირვალედ. მე საერთოდ მინდა, როგორც ვამბობდი, რომ მილიონამდე მოვაგროვო”. - ”კვირის ქრონიკიდანვე“ შეიტყობთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის პრეზენტაციაზე არ იყვნენ მიწვეული ”მაესტროსა” და ”კავკასიის” ჟურნალისტები.

”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ ინტერვიუს თბილისის მერ გიგი უგულავასთან. ის ვარაუდობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას თბილისში პროცესები საინტერესოდ წარიმართება, რადგან, უგულავა ფიქრობს, რომ არ არის ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მოსახლეობის 80% დაუჭერდა მხარს. ”შესაძლოა, ჩვენ 7-10%-ით ვიღაცაზე მეტი გვქონდეს, ვიღაცას კი სხვაზე 2%-ით მეტი, რაც ნიშნავს, რომ ეს თანაზომიერი პოლიტიკური ძალებია”, - აცხადებს უგულავა. ჟურნალისტი მას შეახსენებს პრეზიდენტ სააკაშვილის ნათქვამს, ”გაჩეჩილაძეს თბილისში არჩევნებს ვერავინ მოუგებსო”. უგულავას პასუხი: ”არისტოტელეს სიტყვებით გიპასუხებთ: ”მე მიყვარს პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მიყვარს”. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პრეზიდენტმა ეს თქვა, მაგრამ ის შეიძლება, ცდებოდეს. იქნებ, ჯობდა, ოპოზიციას ვადამდე ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მოეთხოვა, რომელზეც ქალაქის მერი პირდაპირი წესით აირჩეოდა. იქნებ, თანხმდებოდა ხელისუფლება?” - ეს იყო ნაწყვეტი გიგი უგულავასთან ინტერვიუდან, რომელიც ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა.

”ახალი თაობის” ჟურნალისტთან საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი საკნებისა და უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის ურთიერთმიმართებაზე ამბობს: ”თავიდან საკნები ძალიან ეფექტური იყო. საჭირო იყო დროში კარგად გათვლილი მოქმედებები. ოპოზიციას საკნები თავის დროზე რომ აეღო, ეს კანონი მიღებული არ იქნებოდა. ეს კანონი ტრაგედია არ არის. შეიძლება, უკეთესიც კია, ასეთი კანონი რომ იქნება მიღებული. ხალხი უფრო დიდი რაოდენობით გამოვა ქუჩაში. ახლა ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. უნდათ სააკაშვილის გადაყენება? მაშინ, ქუჩაში ბევრნი უნდა გამოვიდნენ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

”ვერსია”, მომავლის პარტიის ლიდერი გია მაისაშვილი: ”ოპოზიცია დამარცხდა, მაგრამ ხელისუფლებამ არსებული პრობლემები მაინც ვერ მოხსნა. უვარგისია ამ პრობლემების მანიფესტანტი ოპოზიციაც. უსაგნო აქციების გამართვა, გაბრაზებული ქალების წივილ-კივილი... უკვე გულისამრევია. ქვეყანაში აღარ შემოდის სიახლე, არ იქმნება მატერიალური და სულიერი სიმდიდრე. დღეს ყველაზე მეტად ყურადღებას ეკონომიკის განვითარებასა და საგარეო პოლიტიკას უნდა ვუთმობდეთ”, - აცხადებს გია მაისაშვილი.

”24 საათიდან” შეიტყობთ, რომ ანტიკრიზისულ საბჭოში სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ცვლილებების და რეფორმის ახალი ეტაპის რეკომენდაციები მზადდება.
XS
SM
MD
LG