Accessibility links

logo-print

პატარა ნაბიჯი, რომელსაც კაცობრიობისთვის “გიგანტური ნახტომი” ეწოდა


"აპოლონ 11"-ის ეკიპაჟი (მარცხნიდან: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ედვინ ოლდრინი

"აპოლონ 11"-ის ეკიპაჟი (მარცხნიდან: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ედვინ ოლდრინი

ამ დღეებში მთელი მსოფლიო იხსენებს სამეცნიერო მიღწევას, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად არის აღიარებული: 40 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს (ევროპასა და აზიაში უკვე 21 ივლისი იყო) ადამიანმა პირველად დააბიჯა მთვარეზე. ეს პატივი, როგორც ცნობილია, ამერიკელ ნილ არმსტრონგს ერგო. მომდევნო წლებში, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ხუთჯერ გააგზავნა ასტრონავტები დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრსა და მის უახლოეს ციურ სხეულზე. თუმცა “აპოლო 11” - პირველი პილოტირებული მისია, რომლის საბოლოო მიზანიც მთვარეზე დაჯდომა იყო - მაინც განსაკუთრებით აღიბეჭდა ასობით მილიონი ადამიანის მეხსიერებაში 40 წლის წინ, თუ მომდევნო წლებში ნაჩვენები ფოტოსურათების, ვიდეოჩანაწერების, ასტრონავტების მონათხრობის, ათასგვარი შეფასებების მეშვეობით.

“პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის და გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის” - ეს, მართლაც ისტორიული სიტყვები “აპოლო 11”-ის ეკიპაჟის მეთაურმა, ნილ არმსტრონგმა წარმოთქვა, პირველმა ადამიანმა მთვარეზე. მას 19 წუთში შეუერთდა მთვარის მოდულის პილოტი ედვინ ოლდრინი, რის შემდეგაც ასტრონავტები ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ მთვარის ზედაპირზე მოძრაობის პირობებს, იღებდნენ მთვარის ქანების ნიმუშებს. მათვე დადგეს საცდელი ხელსაწყოები და მწვერვალის, თუ სხვა ძნელად მისადგომი ადგილების დამპყრობთ როგორც სჩვევიათ, დაპყრობილი ციური სხეულის ზედაპირზე აღმართეს მშობლიური შეერთებული შტატების დროშა.

ნილ არმსტრონგი მთვარეზე
“ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა!” - ამბობს ცნობილი მეცნიერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მუშაობდა კოსმოსური ტექნიკის მთავარ კონსტრუქტორად, შემდეგ კი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, ევროპასთან თანამშრომლობას შეუდგა, შექმნილი აქვს სტრატეგიული რეფლექტორები სატელეკომუნიკაციო თანამგზავრებისათვის. 40 წლის წინანდელი მოვლენის “ეპოქალურად” შეფასების განმარტებისას, მეძმარიაშვილი მიგვითითებს, რომ “ყველაფერი იყო მსოფლიოში, ყველა ნაციას ჰქონდა თავის ისტორიაში ჩადებული ის, რაც კაცობრიობას ჰქონდა მსოფლიო ისტორიაში ასახული. მაგრამ არ იყო ერთი: ადამიანი არ იყო გასული დედამიწის მიზიდულობიდან და არ იყო არც სხვა პლანეტაზე, არც ბუნებრივ თანამგზავრზე, მთვარეზე დამჯდარი. ეს იყო გარდატეხა - არა მარტო ადამიანის ცხოვრებაში, არამედ ადამიანის ფსიქიკაში, ცნობიერებაში! და ამდენად, ჩვენდა შეუგრძნობლად, ქვეცნობიერში, მან თავისი კვალი დატოვა ყველა ადამიანში”.

ელგუჯა მეძმარიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ცივი ომისა, მიუხედავად საბჭოთა კავშირის მხრიდან საინფორმაციო დივერსიისა, მაინც ვერ დამალეს საინფორმაციო საშუალებებში ასეთი დიდი მნიშვნელობის, გრანდიოზული მნიშვნელობის მოვლენა, როგორიც იყო ადამიანების ჩასვლა მთვარეზე.

ქართველმა მეცნიერმა ახსენა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო მიღწევის პოლიტიკურ ფონს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მწვავე დაპირისპირება ქმნიდა.

60-ანი წლების ამბიციური კოსმოსური პროექტები ამერიკელების და საბჭოელებისთვის პრესტიჟის საკითხი იყო: ამ სფეროში უპირატესობას უნდა წარმოეჩინა სისტემის სამეცნიერო-ტექნიკური, თუ იდეოლოგიური უპირატესობა. საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს პირველი თანამგზავრის, “სპუტნიკის” გაშვებამ შოკივით იმოქმედა დასავლეთზე. მას მორიგი შოკი მოჰყვა: კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანის კოსმოსში გაშვებაც საბჭოთა კავშირმა შეძლო!

და აი, 1961 წლის 12 აპრილიდან - ანუ კოსმოსში იური გაგარინის გაფრენიდან სულ თვენახევარში - შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის განცხადებამ ცხადჰყო, რომ მისი ქვეყანა არ აპირებდა, დაკმაყოფილებოდა “ჩამორჩენილის” პოზიციას. პრეზიდენტმა კენედიმ 1961 წლის 25 მაისის გამოსვლაში აშშ-ის მიზნად დაასახელა ადამიანის არათუ კოსმოსურ სივრცეში, არამედ მთვარეზე გაგზავნა და მისი მშვიდობიანად, დედამიწაზე დაბრუნება 60-ანი წლების მიწურულამდე...

ედვინ ოლდრინის ფეხსაცმლის ანაბეჭდი მთვარის ზედაპირზე
ასე აგორდა გრანდიოზული პროექტი, რომელშიც შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა და რომლის ფარგლებშიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ჯერ კოსმოსური ზონდები, ხოლო მოგვიანებით ასტრონავტებიც გააგზავნა.

როგორც ელგუჯა მეძმარიაშვილი აამბობს, “მას შემდეგ, რაც ადამიანი დაჯდა მთვარეზე, მას შემდეგ, რაც ამერიკამ უკვე გაუსწრო საბჭოთა კავშირს, მას შემდეგ რაც ანგარიში გახდა 1:1 (იგულისხმება გაგარინი და “აპოლო 11”), შემდეგ ამერიკელებმა ნელა, ქულებით დაიწყეს მოგება საბჭოთა კავშირთან. პირველი იყო კოსმოსში ადამიანის გაყვანა და ამერიკამ შეძლო, რომ გაეთანაბრებინა, მაგრამ ეს გაცილებით დიდი ქულა იყო, გაცილებით დიდი ქულა”...

ეს, როგორც ცნობილი ქართველი მეცნიერი ელგუჯა მეძმარიაშვილი ამბობს, “გაცილებით დიდი ქულა” შეერთებულმა შტატებმა მთვარეზე ადამიანის გაგზავნით ჩაიწერა 1969 წელს, ზუსტად 40 წლის წინ.

იმ დღეს, როცა მთელს მსოფლიოში ნახევარ მილიარდამდე ადამიანი მისჩერებოდა ტელეეკრანებს უცხო ციურ სხეულზე დაბიჯების ისტორიული მომენტის სანახავად, საბჭოთა ტელევიზია ომის შესახებ პატრიოტულ ფილმებს აჩვენებდა... მაგრამ ზოგს საბჭოთა კავშირშიც მიეცა საშუალება, პირდაპირ ეთერში ენახა ის, რაც მთვარის ზედაპირზე ხდებოდა. მათ შორის იყო, სხვა კოსმონავტებთან ერთად, ალექსეი ელისეევი, “სოიუზის” სამი მისიის მონაწილე. მან და მისმა კოლეგებმა მოსკოვში, კოსმოსური კვლევის ინსტიტუტში უყურეს შთამბეჭდავ კადრებს, რომლებიც, როგორც ელისეევი იხსენებს, მარცხის განცდაზე მეტად მაინც სიხარულს იწვევდა: “ჩვენ ხომ გვესმოდა, რომ მთვარეზე გაფრენა ადამიანის ინტელექტის, ნებისყოფის, ადამიანის მისწრაფებათა უდიდესი მიღწევაა! ეს საქმე, მე ვიტყოდი, სულზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე ფულზე. ეს იყო მთელი ცხოვრების საქმე - ის, რასაც ადამიანი მთელს თავის ცხოვრებას სწირავდა”.
XS
SM
MD
LG