Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ყურადღების ცენტრში - საქართველო” - ევროპელი ექსპერტები საქართველოს შესახებ


ბაიდენის თბილისში ვიზიტის მიმართ მოლოდინი არსებობს საქართველოს გარეთაც. 22 ივლისს, საჯარო გახდა ანგარიში, სახელწოდებით ”ყურადღების ცენტრში - საქართველო”, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებულმა საგარეო პოლიტიკის ცენტრმა გამოაქვეყნა. ეს არის, კრებული ცნობილი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაშრომებისა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. კრებულის ავტორებმა მისი გამოცემა საგანგებოდ დაამთხვიეს საქართველოში ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტსა და საქართველო-რუსეთის ომის მოახლოებულ წლისთავს. ანგარიშის შესახებ პრეს-რელიზში ნათქვამია: “ეს ანგარიში ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას როგორს საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე - საქართველოში კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, სამართლის დაცვისა და საარჩევნო პროცესის შესახებ. ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები როგორ უნდა გარდაიქმნას საქართველო და რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მის მხარდასაჭერად” - აღნიშნულია პრეს-რელიზში. კრებულის რედაქტორი ადამ ჰაგი ამბობს: “საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რეალური ზეწოლა უნდა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე ადამიანის უფლებათა გაუმჯობესებისა და რეფორმის განახლებისთვის. საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა და ნებისმიერი ახალი სავაჭრო შეთანხმება დაკავშირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სფეროს მაჩვენებლებთან” - აცხადებს ადამ ჰაგი.

რაც ეხება თავად გამოცემას - მისი წინასიტყვაობა ეკუთვნის ევროკომისარ ბენიტა ფერერო ვალდნერს. ის წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა ევროკავშირში აამაღლა ცოდნა იმის შესახებ, რომ სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის რისკები არსებობს, რაც თავად ევროკავშირის უსაფრთხოებას უკავშირდება: “ მეტად, ვიდრე ოდესმე, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. საქართველო დგას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე. ეს ქვეყანა არის დემოკრტიული და საბაზრო რეფორმების ლაბორატორია უსაფრთხოების რთულ კონტექსტში. ამ ექსპერიმენტის წარმატება ძლიერ არის დამოკიდებული ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის წარმატებაზე, ევროკავშირის უნარზე ხელი შეუწყოს თავისი ძირითადი ფასეულობებისა და რეგულაციის სისტემის გარვცელებას ევროკავშირის საზღვრებს გარეთ” - წერს ბენიტა ფერერო-ვალდნერი, რომელიც თვლის, რომ “ვარდების რევოლუციიდან” ოთხი წლის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო კითხვების დასმა ამ წლების მანძილზე გაკეთებულ ზოგიერთ სასიცოცხლო არჩევანზე.

საგარეო პოლიტიკის ცენტრის გამოცემის რედაქტორი ადამ ჰაგი წერს, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოს პერსპექტივა ახლა ყველაზე ბუნდოვანია. ჰაგის აზრით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პირველ ეტაპზე საქართველოს გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებლები ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლებში რეფორმების ტემპი შენელდა და მთავრობა შემაშფოთებელ ტენდენციებს ავლენს - როგორც ავტოკრატიულ სტილში მმართველობის გამო ისე მედიის თავისუფლებისა და უშიშროების ძალების მოქმედების გამო. ჰაგის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის ვალია საქართველო სრული დემოკრატიის გზაზე დააბრუნოს.

კრებულში შესული ერთ-ერთი ნაშრომის ავტორი გახლავთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერ მალკოლმ რიფკინდი. მისი აზრით, თბილისმა მეტად უნდა გაააქტიუროს ურთიერთობა ბრიუსელთან - ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გასამყარებლად საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საშინაო საქმეებს - სამოქალაქო თავისუფლებების, პრესის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. ამით საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებდა რუსეთის აგრესიის მიმარ მდგრადობას.

პრესის თავისუფლების შესახებ თავის ავტორია ელსა ვიდალი, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი. ვიდალი თვლის, რომ მედიის თავისუფლებას ძლიერ აფერხებს მედიის პოლარიზაცია, მისი პოლიტიკურ კონფლიქტებში მონაწილეობა და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის არარსებობა. ელსა ვიდალის აზრით, ხელი უნდა შეეწყოს არაპარტიული მედიის განვითარებას.

თავის - “ინიციატივები სასამართლო რეფორმის შესახებ - არის, თუ არა ის შედეგზე ორიენტირებული?” - ავტორი გახლავთ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე. სასამართლოს სფეროში რეალური შედეგების მისაღწევად საჭიროა დაშვებული შეცდომების გაანალიზება. ხაზგასმულია პოლიტიკური ნების არსებობის მნიშვნელობაც.

“ძლიერი სახელმწიფო ძლიერი უფლებების წინააღმდეგ” – “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელი გიორგი გოგია წერს. “საქართველოს მთავრობა თავის ძლიერებას წარმოაჩენს გამოწვევების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, თუმცა, მას ეკისრება პასუხისმგებლობა გამოიყენოს ძალა კანონიერად და ზომიერად” - აღნიშნავს გოგია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები - მერი ო’ჰაგანი და მიშელ ბრაუნი 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერენ.

პოლიციის რეფორმაზე ეუთოს წარმომადგენლის ნაშრომს გაეცნობით; ევროკავშირის დემოკრატიის დღის წესრიგზე საქართველოში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის პეტერ სემნების წერილი ქვეყნდება სემნები დემოკრატიის განვითარებას პირდაპირ აკავშირებს სტაბილურობასა და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივასთან. დემოკრატიის ხელშეწყობის მნიშვნელოვან მექანიზმად სემნები ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ინიციატივას განიხილავს.

ართურ ჰარტმანი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას აფასებს (“დაკარგული დაპირებები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები”). “საქართველო აღარ არის დემოკრატიის შუქურა - მისი კაშკაში შესუსტდა” - წერს ჰარტმანი. “პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება სურს. საუკეთესო გზა ამისთვის დემოკრატიულ ფასეულობებისა და თავისუფლების მხარდაჭერაა” - წერს ჰარტმანი.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ბრიუს ჯორჯიც მიმოიხილავს ვარდების რევოლუციის შემდგომი საქართველოს ცხოვრებას, წერს სასამართლო რეფორმის ნელ ტემპზე. თითქმის ყველა ნაშრომში არის ნახსენები 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია და მისი დაშლა შეცდომად არის შეფასებული. დღეს კი რუსეთის აგრესიის ფონზე ყველა აღნიშნავს დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას და იმას, რომ პოლიტიკური ვითარების მოგვარება საქართველოს საშინაო საქმეა.

ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები. მათ შორის:

ჩამოყალიბდეს მკაცრად და ნათლად კრიტერიუმები ადამიანის უფლებებთან და კარგ მმართველობასთან დაკავშირებით. ეს კრიტერიუმები უნდა იყოს საჯაროდ ცნობილი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას მონიტორინგი შესაძლებლობა ჰქონდეს;

ამ კრიტერიუმების შესრულებასთან პირდაპირ იყოს დაკავშირებული დონორების დახმარება;

უზრუნველყოფილი იყოს ყველა არჩევნების წინ საერთაშორისო და მედია-მონიტორინგის პროგრამების განხორციელება. სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ამგვარი დაკვირვება უზურნველყოფილი იყოს ნებისმიერი შესაძლო ვადამდელი არჩევნების წინ, რაც თავისთავად შეიძლება იქცეს პოლიტიკური არეულობის წყაროდ, თუკი სერიოზული ხარვეზები იქნება.

შესწავლილ იქნას ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებებსა და მმართველობის მუდმივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც თბილისში არსებულ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან იმუშავებდა;

ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა მოხდეს პოლიტიკუ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში და არა უპირველესად სამხედრო შესაძლებლობების განვითარების საფუძველზე. მაპი საქართველოს უნდა მიენიჭოს ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებისადმი ახალი მიდგომის საჭიროების აღიარების საფუძველზე. რაც ეხება საბოლოოდ ნატოს წევრობას, ის უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა სფეროში იმგვარი გაუმჯობესების შემთხვევაში, როცა საქართველო ალიანსის სხვა წევრების დონეს მიაღწევს და აგრეთვე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტების პერმანენტული მშვიდობიანი მოგვარების შემთხვევაში.

რეკომენდაციებში არის ნაწილი, სადაც საერთაშორისო მონაწილეობაა განსაზღვრული:

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეფორმა მისი მეტი დამოუკიდებლობისთვის, რომლის საქმიანობაზე მონიტორინგს განახორციელებს პარლამენტი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩარევით.

პოლიციის გაწვრთნა ბრბოს კონტროლისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში;

პოლიციის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავება. მათ შორის, განიხილება შსს-სა და უშიშროების სამინისტროების გამიჯვნა იმისათვის, რომ გაივლოს მკაფიო ხაზი პოლიციისა და სადაზვერვო სააგენტოს ფუნქციებს შორის.

დაფუძნდეს პოლიციის მიმართ საჩივრების განხილვის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამჭვირვალეობის პრინციპით გამოიძიებდა ყველა გადაცდომას. დიდი ბრიტანეთის პოლიციის მიმართ საჩივრების განხილვის დამოუკიდებელი კომისია შეიძლება გამოდგეს ამის მოდელად;

საერთაშორისო უწყებებთან თანამშრომლობით საქართველომ უნდა გააგრძელოს საარჩევნო კომისიის, საარჩევნო პროცესებისა და კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის რეფორმა იმისათვის, რომ გაიზარდოს ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG