Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტიური მოქალაქე დემოკრატიზაციის პროცესში


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი
სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში 3 აგვისტოდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების წარდგენა დაიწყება. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში მოქალაქეთა აქტივობის წახალისების მიზნით, ფონდი პირველ ეტაპზე 100 პროექტის დაფინანსებას გეგმავს. წლის ბოლომდე, მთლიანობაში, 200 პროექტი ამოქმედდება.

არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა - ეს არის სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის უმთავრესი ამოცანა. ფონდი, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და პრეზიდენტის განკარგულებით, დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა, მის ბიუჯეტში კი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გადაირიცხა:

„ფონდი 15 სექტემბრიდან დააფინანსებს 100 ახალ პროექტს და ნოემბერში დააფინანსებს კიდევ 100 ახალ პროექტს. ერთადერთი მოთხოვნა მთავრობის მხრიდან არის ის, რომ ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“

პროექტის წარმდგენი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით, შეიძლება იყოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე საგანგებოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი. სწორედ ეს გარემოება, კერძოდ კი, იურიდიული ბარიერების მოხსნა და კონკურსში, საინიციატივო ჯგუფების სახით, კერძო პირების დაშვება გახდა პირველ ეტაპზე საგრანტო წინადადებების სრული თავისუფლების, მათი ცალკეულ სფეროებსა თუ მიმართულებებში არმოქცევის მიზეზი.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უმჯობესია, არ დავკონკრეტდეთ გარკვეული სფეროებით. ოღონდ საუბარია, რა თქმა უნდა, ინიციატივებზე, რომელიც ყველაზე კარგად გასცემს პასუხს მთავარ ამოცანას - მოქალაქის ჩართვას საზოგადოების ცხოვრებაში.“

გვითხრა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ დავით აფრასიძემ. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 2 მიმართულებას - ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალი ადამიანები, ახალი სახეები და რეგიონები.

დავით აფრასიძე ვარაუდობს, რომ საბჭოს წევრთა რაოდენობა პროექტების განხილვის პერიოდში ხუთ კაცამდე გაიზრდება. ჯერ კი საბჭოში, მის გარდა, შედიან დეპუტატები ჩიორა თაქთაქიშვილი და მაგდა ანიკაშვილი, რომელიც რიგით მოქალაქეებს სამოქალაქო აქტიურობისაკენ მოუწოდებს:

„თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რაიმე შეთავაზება საზოგადოებისთვის, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი აქტიურობით შეგიძლიათ რაიმე გაუკეთოთ თქვენს მეზობლებს სოფელსა თუ ქალაქში, ძალიან გთხოვთ, მოგვმართეთ. ჩვენთვის მთავარია კარგი იდეა და შედეგი. რაც ყველაზე მეტად გვაკლია, არის აქტიური მოქალაქე, რომელიც გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და ცდილობს, რაღაცა შეცვალოს უკეთესობისკენ.“

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში კონკურსში მონაწილე პროექტების წარდგენა 3-დან 28 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს. 15 სექტემბერს გამარჯვებულთა სიები გამოქვეყნდება. სამთავრობო გრანტის მაქსიმალური ღირებულება ერთ პროექტში 10 000 ლარს შეადგენს, საგრანტო პაკეტი პირველ ეტაპზე 600 000 ლარით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG