Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ კრაული: ლოგიკურია, რომ აშშ და საქართველო სამხედრო სფეროში თანამშრომლობენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ კრაულის განცხადებით, საქართველო ნატოში გაწევრიანების გზას ადგას, რასაც ვაშინგტონი მხარს უჭერს. ამდენად, სავსებით ლოგიკურია, რომ აშშ და საქართველო სამხედრო სფეროში თანამშრომლობენ. ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კრაულიმ ასეთი პასუხი გასცა შეკითხვას, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები, საქართველოს არმიას შეიარაღების პროცესში დაეხმაროს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ძირითადი პირობა ისეთი შეიარაღებული ძალების ქონაა, რომელიც ალიანსის მოთხოვნებს უპასუხებს. შესაბამისად, ამ სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყანაში და მის გარშემო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. „ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას, ჩვენს სურვილს, განვაგრძოთ საქართველოსთვის დახმარების გაწევა თავდაცვის სფეროში დასახული მიზნების მიღწევაში და ჩვენს მზადყოფნას, ამ გზაზე მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მთავრობასთან“, განაცხადა ფილიპ კრაულიმ. კითხვაზე, ხომ არ იმოქმედებს ასეთი პოზიცია რუსეთთან ვაშინგტონის ურთიერთობაზე კრაულიმ უპასუხა: „ვფიქრობ, ჩვენ მკაფიოდ ავუხსენით რუსეთს, რომ, საბოლოო ანგარიშით, ასეთი გადაწყვეტილებები საქართველოს ხალხის მისაღებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რუსეთთან ამ საკითხებზე მომავალშიც ვიმსჯელებთ.“
XS
SM
MD
LG