Accessibility links

logo-print

რუსთაველი ამომრჩევლები მერის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობიან


რუსთავის საკრებულოს წევრთაგან დარწმუნებით ვერავინ ამბობს, გავრცელდება თუ არა დიდ ქალაქებზეც პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოთქმული ინიციატივა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ.

მაგალითად, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივის საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად მუშაობა უკვე დაიწყო, პირველ რიგში, თბილისთან დაკავშირებით, თუმცა კარგი იქნება, თუ მერის პირდაპირი არჩევნები რუსთავშიც მოხდება.

მამუკა აბულაძე კი,საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ამბობს, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევა საკრებულოს მნიშვნელობას და მის უფლებამოსილებას დააკნინებს. მამუკა აბულაძე ამას ადრე მიღებული გამოცდილებიდან ამბობს, იხსენებს რა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებს, როცა, მაგალითად, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მერები პირდაპირი წესით აირჩიეს.

კობა ჩალაძე კი, რუსთაველი ლეიბორისტების ლიდერი, აცხადებს, რომ ლეიბორისტული პარტია მერების პირდაპირი წესით არჩევას ყოველთვის ემხრობოდა, მაგრამ ამჟამად, იმ პირობებში, როცა საარჩევნო ადმინისტრაციებს მთლიანად ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, არათუ მერების არჩევას, საერთოდ, ნებისმიერი დონის არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული.

„ამიტომ, - განაცხადა კობა ჩალაძემ, - ლეიბორისტები არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ საარჩევნო კომისიები ძველი შემადგენლობით დარჩა და არ მოხდა პარიტეტის პრინციპზე მათი ხელახლა დაკომპლექტება.

რაც შეეხება თავად ამომრჩევლების აზრს, რიგითი რუსთაველებისთვის მიუღებელი არაფერია იმაში, რომ ქალაქის მერს საკრებულო ირჩევს, მაგრამ, მათივე აზრით, ჯობია, მერს თავად მოსახლეობა ირჩევდეს.
XS
SM
MD
LG