Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იზრდება საწვავის ფასი საქართველოში?


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი თითქმის სტაბილური გახდა და ის უმნიშვნელოდ იცვლება, საქართველოში საწვავის ფასები ჯერაც არასტაბილურია და ზრდის ტენდენცია ახასიათებს. ავტოტრანსპორტის მფლობელთა განცხადებით, ბოლო 5 თვის მანძილზე სხვადასხვა მარკის საწვავის ფასმა დაახლოებით 50 პროცენტით მოიმატა. ნავთობპროდუქტების სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ფასების ზრდა უახლოეს პერიოდში ისევ გაგრძელდება.

ქუჩებზე თვალის ერთი გადავლებით ვერავინ იტყვის, რომ ავტომობილების ნაკადი ან ეკონომიკურმა კრიზისმა, ან კიდევ საწვავზე ბოლო დროს გაზრდილმა ფასმა შეამცირა. ავტომობილის მფლობელები ამბობენ, რომ, მართალია, საწვავი გაძვირდა, მაგრამ ამას თითქმის არ გამოუწვევია ავტომობილით სარგებლობის შემცირება.

საქართველოში ნავთობპროდუქტების საფასურის ზრდა მსოფლიო ბაზარზე ფასების მატებას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნავთობის ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა და ის 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს, საქართველოში საწვავის ფასის ზრდა კვლავაც გრძელდება. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო ბაზრის ტენდენციები ადგილობრივ ბაზარზე მოგვიანებით აისახება:

„ბენზინის და დიზელის საერთაშორისო ფასები არის მნიშვნელოვნად მომატებული და ეს იწვევს ფასის ზრდას საქართველოში. იმპორტს სჭირდება დრო, ერთი თვე მაინც, ამიტომ მსოფლიო ბაზრის ტენდენცია ადგილებზე გვიან აისახება.“

საქართველოში ხშირად ისმის საყვედური აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავის ფასის ზრდის გამო. ავტომობილის მფლობელთა უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ აზერბაიჯანში საწვავის ფასი დაბალია და თანაც არ იცვლება. ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ეს იმის გამო ხდება, რომ აზერბაიჯანის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების რეალიზებისას ფასების დოტაციას სახელმწიფო ახდენს.

საქართველოს ნავთობის ბიზნესის წარმომადგენელთა არგუმენტების არ სჯერა ეკონომიკის ექსპერტს დავით ებრალიძეს. მისი აზრით, ფასების ზრდის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი კონკურენცია:

„არგუმენტაცია, რომელიც მოჰყავთ, არადამაჯერებელია, რადგან ნავთობის ფასის შემცირების დროს საქართველოში საწვავის ფასი არ იცვლება, ხოლო როგორც კი ნავთობის ფასი ზრდას დაიწყებს, საწვავის ფასი უმალვე იმატებს.“

საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასმა თავის მაქსიმუმს დაახლოებით ერთი წლის წინ მიაღწია, მაშინ როდესაც მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი ბარელის ღირებულება 147 აშშ დოლარი გახდა. ახლა ნავთობის ფასი თითქმის შარშანდელის ნახევარს შეადგენს, თუმცა საქართველოს ბაზარზე ნავთობპროდუქტების საცალო ღირებულება ერთი წლის წინანდელ ნიშნულს მიუახლოვდა.
XS
SM
MD
LG