Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი - არჩევნების შემდგომი ბატალიები


მოლდავეთის პარლამენტი
მოლდავეთის პარლამენტი
მოლდავეთში არჩევნები გაიმართა, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება. გრძელდება იმიტომ, რომ, მიუხედავად პარლამენტში კოალიციის სახით მოპოვებული უმრავლესობისა, პროევროპულმა ძალებმა საბოლოოდ ჯერ ვერ დაძლიეს წინააღმდეგობა კომუნისტური პარტიისა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ცალკე ძალას, მანდატების უმრავლესობა აქვს. იმისთვის, რომ პრეზიდენტი აირჩიოს, კოალიციას კიდევ რვა მანდატი, ანუ კომუნისტების მხარდაჭერა, დასჭირდება.

მოლდავეთის პროევროპულმა ძალებმა არჩევნები მოიგეს ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, რომელიც ივლისის არჩევნებზე არ დაწყებულა. ორი სიტყვით შეგახსენებთ: საპარლამენტო არჩევნები მოლდავეთში აპრილში გაიმართა. მასში მმართველი კომუნისტური პარტიის გამარჯვებას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რაც ძალადობაში გადაიზარდა, დაიღვარა სისხლი. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა იყო განმეორებითი არჩევნები, რომელიც სწორედ ივლისში შედგა და, როგორც გითხარით, პროდასავლური ძალების გამარჯვებით დასრულდა. ამ ძალებმა - ლიბერალ-დემოკრატიულმა, ლიბერალურმა და დემოკრატიულმა პარტიამ, ასევე ალიანსმა მოლდავეთისთვის - შექმნეს “ალიანსი ევროპული ინტეგრაციისთვის”. ამ ალიანსმა შეთანხმებას მიაღწია 8 აგვისტოს, გასულ შაბათს, და გამოაცხადა ხუთი პრინციპი, რომლებიც მომავალ 4 წელიწადში, შემდეგ არჩევნებამდე, საფუძვლად დაედება მის საქმიანობას.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლად ფილატმა ასე შეაფასა შეთანხმება მანამდე გახლეჩილი ოპოზიციის კოალიციის შესახებ:
“ჩვენ გავაკეთეთ უმნიშვნელოვანესი საქმე, რაც უნდა გაგვეკეთებინა. და უმნიშვნელოვანესია ის იმის გამო, რომ ჩვენი ამომრჩევლები სწორედ ამას, შეთანხმებას და გაერთიანებას, მოელოდნენ ჩვენგან.”

ახალი გაერთიანება ემხრობა მეზობელ რუმინეთთან ურთიერთობის განვითარებას, ასოციაციის შესახებ ევროკავშირთან გარიგებას, ის აპირებს შეებრძოლოს კორუფციას, გაატაროს ეკონომიკური რეფორმები, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და გაატაროს გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა.

გაურკვეველია ორი საკითხი. პირველი, ესაა ამ კოალიციის შიგნით ფუნქციების განაწილება, ხოლო მეორე შეეხება პრეზიდენტის არჩევას. მოლდავეთში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ახლა ეს სავარძელი ჯერ კიდევ უკავია ვლადიმირ ვორონინს, რომელსაც ორი ვადით არჩევის შემდეგ თანამდებობის დატოვება უწევს. ვინ იქნება პრეზიდენტი? - ესაა შეკითხვა, რომელიც უმთავრესი გახდა ახლა, ამ ვითარებაში. მოლდავეთის სოროსის ფონდის დირექტორმა ოაზუ ნანტოიმ, დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა, რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის კორესპონდენტს უთხრა, რომ ახლა მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რა ფასს მოითხოვენ კომუნისტები პრეზიდენტის არჩევისთვის:

“რა საფასურს მოითხოვს კომუნისტური პარტია ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის? საქმე ისაა, რომ “კოალიციას ევროპული ინტეგრაციისთვის” საკმაოდ სუსტი უმრავლესობა აქვს პარლამენტში - 101-დან 53 მანდატი. ახალი პრეზიდენტის არჩევისთვის კი საჭიროა კიდევ, სულ მცირე, რვა ხმა.”

აქვე გეტყვით, რომ კომუნისტურ პარტიას პარლამენტში 48 ადგილი აქვს. მოლდავეთის კონსტიტუციის თანახმად კი, 61 ხმაა საჭირო პრეზიდენტის ასარჩევად, ანუ არაკომუნისტურ კოალიციას, სულ მცირე, რვა ხმა სჭირდება კიდევ, რათა პრეზიდენტად თავისთვის სასურველი კანდიდატი აირჩიოს. მოლდავეთის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დემოკრატიული პარტიის ლიდერ მარიან ლუპუს მიეწერება წვლილის შეტანა კომუნისტური ერთმმართველობის დაძლევასა და ივლისის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაში. ლუპუმ არჩევნების წინ დატოვა კომუნისტური პარტია და ანტისამთავრობო ძალებს შეუერთდა. ახლა ის იმედოვნებს, რომ კომუნისტებს შორის მისი ყოფილი მიმდევრები მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, მხარს დაუჭერენ. ზოგიერთმა კომუნისტმა ამის თაობაზე გარკვეული მინიშნება გააკეთა. გაზეთ “ობსერვატორულ დე სუდის” გამომცემელი ვიქტორ ქობასნიანუ ოპოზიციის რიგებში ლუპუს მიღების გამო დაძაბულობას განმარტავს:

“ვერ დავივიწყებ, როგორ მოქმედებდა ის, როცა პარლამენტის სპიკერი იყო, როცა ოპოზიციას მიკროფონს უთიშავდა ხოლმე. დემოკრატიული პარტია ვერ დაელოდება, რომ ძალაუფლება ლანგარზე მიართვან. მარიან ლუპუ გრძნობს, რომ წარსული შეცდომების საფასური უნდა გადაიხადოს.”

ახლა, ამბობს პოლიტოლოგი ოაზუ ნანტოი, კომუნისტები პარასკევს, 14 აგვისტოს, გამართავენ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმს და იქ თავიანთ პოზიციას ჩამოაყალიბებენ, ანუ გაირკვევა, რა საფასურს მოითხოვენ კომუნისტები. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, რა პირობები შეიძლება წამოაყენონ კომუნისტებმა, ნანტოიმ უპასუხა, რომ ნაადრევია პირობებზე ლაპარაკი. მისი თქმით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ფაქტს, რომ ამ ოთხ საპარლამენტო პარტიას კომუნისტური პარტიის ლიდერებთან კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. მაგრამ, მისი თქმით, ნაადრევია ოპტიმიზმი.

ახლა დემოკრატიულ ძალებს სჭირდებათ კომპრომისის მიღწევა იმაზეც, რომ გაურიგდენენ კომუნისტებს. მაგალითად, ლიბერალური პარტიის ლიდერი, უფრო რადიკალური წევრი ალიანსისა, კიშინიოვის მერი დორინ კირტოაკა თვლის, რომ კომუნისტებს შორის საკმარისი უთანხმოებაა პრეზიდენტის არჩევის საკითხში და არ იქნება საჭირო ვორონინთან გარიგების მიღწევა:

“შესაძლებელია, რომ დღეს, ან ხვალ, ან ზეგ კომუნისტები დემოკრატიულ პარტიაში გადავიდნენ, - ალბათ, არა ერთი, არამედ ბევრი, - რადგან კომუნისტებს არა აქვთ მოლდავეთის რესპუბლიკაში მომავალი. ან ისინი თავიანთ ხმებს, უბრალოდ, სხვა კანდიდატს მისცემენ საპრეზიდენტო არჩევნებში.”

კომუნისტები ახლა ლაპარაკობენ თავიანთ მზადყოფნაზეც, ხმა მისცენ არაკომუნისტ, მაგრამ პრეზიდენტობის რომელიმე უპარტიო კანდიდატს. სხვა შესაძლებელ კომპრომისზე ლაპარაკობს იონ სტურზა, რომელიც 1999 წელს, ათი თვის განმავლობაში, პრემიერის პოსტზე იყო. მისი აზრით, ახალმა კოალიციამ კომუნისტებთან უნდა მოილაპარაკოს:

“ეს ბუნებრივი მოქმედებაა დემოკრატიულ ქვეყნებში. მოგწონთ თუ არა, კომუნისტებმა ხმების თითქმის 50 პროცენტი მიიღეს. მათი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. კარგი იქნებოდა, თუკი ეს ოთხი ლიდერი მათ დიალოგისთვის მიიწვევდა და ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხში საერთო ენას გამონახავდა. ეს თუ არ მოხდა, ძნელი და რთული ვითარება შეიქმნება.”

მოლდავეთის ახალმა პარლამენტმა თავისი პირველი სხდომა 29 აგვისტოს უნდა გამართოს. პრეზიდენტმა, როცა მას აირჩევენ, უნდა დაასახელოს მთავრობა, რომელიც პარლამენტის მარტივმა უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.

თუკი დეპუტატებმა ვერ მოახერხეს პრეზიდენტის არჩევა ორ რაუნდში, არაერთი საკითხის გადაწყვეტა მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც კომუნისტების დროს იქნა არჩეული და ლოიალურადაა განწყობილი მათ მიმართ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG