Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზანტიიდან - გროზნომდე


რუსეთის მომხრე და სეპარატისტ ჩეჩენთა მოლაპარაკება ოსლოში
რუსეთის მომხრე და სეპარატისტ ჩეჩენთა მოლაპარაკება ოსლოში
რადიო თავისუფლების მსმენელს ახსოვს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მომხრე და სეპარატისტ ჩეჩნებს შორის მოლაპარაკება იმართება. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 25 ივლისს გაიმართა ოსლოში - შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე დუკუვახა აბდურახმანოვი და სეპარატისტების დევნილობაში მყოფი წარმომადგენელი ახმედ ზაკაევი. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორი ასლან დუკაევი შეეცადა გაერკვია, რას ნიშნავს ეს შეხვედრები ჩეჩნეთისთვის.

ჩვენი კოლეგა, ასლან დუკაევი, თავის სტატიას ერთგვარი ვრცელი შესავლით იწყებს. რუსეთი უმიზეზოდ არ მიიჩნევს თავს ბიზანტიის იმპერიის შთამომავლად და სულიერ მემკვიდრედო, წერს ის. ამ, დიდი ხნის წინ გამქრალი, იმპერიის მსგავსად, რუსეთი ევროპასაც მოიცავს და აზიასაც და მისი ცხოვრების წესი ორივე კულტურის გავლენას განიცდისო, განაგრძობს დუკაევი.

როგორც უწინ ბიზანტიის იმპერია, რუსეთიც ატარებს პოლიტიკას, რომელსაც სხვები ბუნდოვნად, ორსახოვნად და ფარისევლურად მიიჩნევენ. წარმატების პერიოდში ბიზანტიის იმპერიაც და რუსეთიც მსოფლიო პროცესებზე რეალურ გავლენას ახდენდნენ - მათი მარცხი კი, უწინარესად, განაპირობა არა გარეშე ზეწოლამ ან მმართველ კლასებს შორის ბრძოლამ, არამედ საკუთარმა დოგმატურმა ბუნებამ და ცვლილებების მიღების შეუძლებლობამო, განაგრძობს ჩვენი კოლეგა.
რუსეთის მმართველებსა და ბიუროკრატებს ხშირად ზანტ, კორუმპირებულ, ინტრიგების მოყვარულ და, ზოგჯერ, პარანოიდული გადახრების მქონე პიროვნებათა რეპუტაცია აქვთ. მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ისინი შემოქმედებითი ნაბიჯებით და მოულოდნელი ქმედებებით გამოირჩნენ. რუსეთის ბევრ პოლიტიკოსს დღემდე შეუძლია ისე ”შემოტრიალდეს”, რომ მისი ნებისმიერ აკრობატს შეშურდებაო, წერს დუკაევი.
სწორედ ამგვარი ”შემოტრიალების” მაგალითად მოჰყავს ჩვენს კოლეგას კრემლის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები უცხოეთში მცხოვრები ჩეჩენი ლიდერის ახმედ ზაკაევის მიმართ. ზაკაევს ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაცია ზაკაევთან მოლაპარაკებას აწარმოებს იმისათვის, რომ, როგორც ცხადდება, ”ჩეჩენი ხალხის კონსოლიდაცია” მოხდეს. მოლაპარაკებებში ჩართულ პირებს შორის პარლამენტის სპიკერი დუკუვახა აბდურახმანოვია, რომელმაც გასულ კვირაში, ლონდონში ყოფნისას, დაადასტურა, რომ ამ შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უჭერენ მხარს, წერს დუკაევი და იქვე იხსენებს, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ პუტინმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო, ბრიტანეთში მცხოვრები ზაკაევის რუსეთში ექსტრადიცია მოითხოვა, რათა მას პასუხი ეგო კრიმინალურ ბრალდებებზე. ”ამისათვის არქივების გადაქექვა არ დაგვჭირდება”, - განაცხადა პუტინმა დიდი რვიანის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე. ”ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება - ზაკაევის კრიმინალური აქტივობის ამსახველი ვიდეომასალა.”
ჩვენი კოლეგა იმასაც წერს, რომ სექტემბერში პუტინმა ბრიტანეთი რუსეთის მტრებისთვის თავშესაფრის მიცემაში დაადანაშაულა. ეჭვგარეშეა, რომ ამ განცხადებაში პუტინი რუსი ემიგრანტების ჯგუფს - მათ შორის, ზაკაევს - გულისხმობდა. მისი თქმით, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება მანამ, სანამ ლონდონი კრემლის მოწინააღმდეგეთა საყრდენად რჩება. ”რატომ აძლევთ უფლებას დიდი ბრიტანეთის ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული?” - ჰკითხა პუტინმა დაბნეულ უცხოელ ჟურნალისტებს და ანალიტიკოსებს სოჭში გამართულ შეხვედრაზეო, იხსენებს დუკაევი.
რა შეიცვალა ახლა? რამ აიძულა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები უარი ეთქვათ ძველ და უკვე გაცვეთილ ლოზუნგზე:”ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ”? დუკაევის აზრით, ამას ორი შესაძლო მიზეზი აქვს. პირველი - რუსეთი არც არასოდეს თვლიდა, რომ ზაკაევი მართლა იყო ტერორისტული აქტების ავტორი. როცა 2002 წელს რუსეთის ფედერაციამ ზაკაევის ექსტრადიცია მოითხოვა, ლონდონის სასამართლოზე წარდგენილი საბუთები ტერორიზმის ბრალდებას არ შეიცავდა, მიუხედავად იმისა, რომ საუბრებში რუსეთის ოფიციალური პირები ზაკაევს ხშირად მოიხსენიებდნენ ”ტერორისტად”.
მეორე და, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ის გახლავთ, რომ, როგორც ბევრი ვარაუდობს, რუსეთის მთავრობა სულ უფრო უკმაყოფილოა ჩეჩნეთში არსებული სიტუაციით და რესპუბლიკის ამჟამინდელი ლიდერით, რამზან კადიროვით. 2008 წლის ნოემბრის შემდეგ კადიროვის რეჟიმის კრიტიკით ცნობილი, სულ მცირე, ოთხი პირი მოკლეს რუსეთში და საზღვარგარეთ. კადიროვი ყველა ბრალდებას ჯიუტად უარყოფს, მაგრამ ეს მკვლელობები, ეჭვგარეშეა, კრემლისათვის დიპლომატიური და პოლიტიკური სირცხვილი იყო.
ამას ისიც ემატება, რომ, შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ, ჩეჩნეთში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კვლავ გაუარესდა ვითარება - გახშირდა აფეთქებები და თავდასხმები. კადიროვის მართვის სტილი, მისი დიქტატორული გადახრები, სისასტიკე და სამართლის უგულებელყოფა წინააღმდეგობის განცდას კიდევ უფრო ზრდის და ახალგაზრდებს მეამბოხეთა რიგებში ჩადგომისკენ უბიძგებს.

ზაკაევის გუნდი, სავარაუდოდ, კადიროვის ნაკლოვანებებს გაუსვამს ხაზს და ჩეჩნეთის სტაბილიზაციის ალტერნატიულ პროგრამას წარადგენს ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესზე, რომელიც, როგორც მოლაპარაკების მონაწილე ორი მხარე შეთანხმდა, რამდენიმე თვეში უნდა გაიმართოს. ამასთან, შესაძლოა, ზაკაევი სხვა მოწოდებებითაც გამოვიდეს - მაგალითად, მოითხოვოს უკანასკნელ პერიოდში მომხდარი მკვლელობების უკეთესად გამოძიება, ”უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში” სამსახურის ბრალდებით დაკავებული ათასობით ჩეჩენის გათავისუფლება და ჩეჩნეთის მნიშვნელოვანი ლიდერების - მაგალიდად, ჯოხარ დუდაევის და ასლან მასხადოვის - გადასვენება. ამასთან, როგორც მოელიან, გადასახლებაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი რუსეთის მთავრობას მიმართავს თხოვნით შეწყვიტონ ზეწოლა მეამბოხეებად მიჩნეული მეომრების ოჯახის წევრებზე, ვინაიდან სამაგიეროს ასეთი ფორმით გადახდა ისევ წინააღმდეგობის მუხტისა და მეამბოხეთა რიცხვის ზრდას იწვევს.

ჩვენი კოლეგის, ასლან დუკაევის, აზრით, ზაკაევის ინტერესები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ კრემლის მომხრე ჩეჩნების გეგმებისგან, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობენ და სურთ ყველა ჩეჩნური დაჯგუფება კადიროვს დაუქვემდებარონ. მაგრამ კრემლის მიერ მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერა შესაძლოა იმას მოასწავებდეს, რომ ჩეჩნეთის რეალური სტაბილიზაციისთვის კურსის შეცვლაა აუცილებელი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენად შორს წავლენ ამ პროცესში რუსეთის ლიდერები, წერს დუკაევი და დასძენს, რუსეთის ბიზანტიური პოლიტიკის შიგნით მიმდინარე პროცესების გაგება კვლავ შეუძლებელ ამოცანად რჩებაო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG