Accessibility links

„სექტემბრის ბოლოს შესაძლოა სააკაშვილი-მედვედევის შეხვედრა შედგეს“-სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „მთელი კვირა“ აქვეყნებს, 23-24 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის მოსალოდნელ პერიპეტიებზეა საუბარი. შედგება თუ არა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა თუნდაც არაფორმალურ ფორმატში? ამ შეკითხვით „მთელმა კვირამ“ რამდენიმე ექსპერტს მიმართა. „ვფიქრობ,– უთხრა გაზეთს რამაზ საყვარელიძემ,– სააკაშვილის მხრიდან შეხვედრაზე უარი არ იქნება. იქნება თუ არა ძვრები ურთიერთობებში, ეს საეჭვოა, თანაც ასე იოლად, როდესაც ორივე მხარე მთელი ამ ხნის მანძილზე აცხადებს, რომ ერთმანეთთან აგრესიულად არიან განწყობილნი. რაც შეეხება სიტყვით გამოსვლას, ალბათ ორივე ლიდერის გამოსვლაში იქნება ურთიერთბრალდებები.“ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს.

დღესვე „მთელი კვირის“ მთავარ თემებს შორისაა საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილება, რომელიც, გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სექტემბერში განხორციელდება. ცვლილებები, „მთელი კვირის“ თანახმად, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა. რაც შეეხება უშუალოდ პერსონებს, გაზეთი ვარაუდობს, რომ, მერაბიშვილისა და ადეიშვილის გარდა, ყველას შეცვლიან. როგორც კონსერვატორი კახა კუკავა გაზეთთან კომენტარში ამბობს, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში მიმდინარე რღვევის პროცესთანაა დაკავშირებული და უგულავას გუნდის დაშლის ნიშნით მიმდინარეობს.

მოსალოდნელი საკადრო კარუსელის შესახებ დღეს გაზეთი „ახალი თაობაც“ მსჯელობს. „ხელისუფლების კულუარებში საუბრობენ როგორც რუხ კარდინალად წოდებულ ზურაბ ადეიშვილის გაპრემიერებაზე, ისე გიგი უგულავას შესაძლო გადაადგილებაზეც. ზოგიერთი იმასაც მიანიშნებს, რომ სააკაშვილი ამ პოსტს ოპოზიციას შესთავაზებს.“

„მე ჩემი გზა ავირჩიე“ - ამ სათაურით დღეს „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავთ ინტერვიუს „ თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. „მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვჯდები იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები და არა მგონია, ამან განხეთქილება გამოიწვიოს. იმისათვის, რომ მეტად მომთხოვნები ვიყოთ ხელისუფლებასთან და დაკავებული თანამებრძოლები გავათავისუფლოთ, მე ჩემი გზა ავირჩიე. ვისაც ამ გზის სჯერა, ჩემთან ერთად ივლის მოლაპარაკებებზე, ვისაც მოლაპარაკებების არ სჯერა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ უნდა დავუპირისპირდე“, - უთხრა ირაკლი ალასანიამ „კვირის პალიტრას“. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომიდან ოპოზიციის საპროტესტო აქციები განახლდება, „თავისუფალი დემოკრატები“ ამ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

რატომ არის განსხვავება პოლიტპატიმრების ძველ და ახალ სიებს შორის? - ამ საკითხით გაზეთი „კვირის ქრონიკა“ დაინტერესდა. საუბარია სიაზე, რომელიც „დემოკრატიული ლიგა-დაიცავი საქართველოს“ წევრებმა შეადგინეს და რომელიც 9 აპრილის შემდეგ დაპატიმრებულ ადამიანთა გვარებს მოიცავს. პირველი სია „ქრონიკამ“ გამოაქვეყნა. სწორედ ამიტომ გახდა მისთვის ნათელი ის განსხვავება, რომელიც მეორე სიაში აღმოჩნდა. პირველ სიაში შესული არაერთი გვარი მეორე სიაში აღარ ფიგურირებს, იუწყება „ქრონიკა“, რომელმაც განმარტებისთვის „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთ წევრს, შოთა აფხაიძეს, მიმართა.“ „ ახალ სიაში ვინც არ არის, ისინი ჩინოვნიკები იყვნენ, საჯარო მოხელეები. ამჯერად მხოლოდ პოლიტიკოსებზე გავაკეთეთ აქცენტი. ძირითადად რაც ხდება, პოლიტიკური ტერორია და ამიტომ. ახალი სიის ბოლოს მივაწერეთ „ და სხვები“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩავთვალეთ სიაში“, - უთხრა შოთა აფხაიძემ „კვირის ქრონიკას.“
XS
SM
MD
LG