Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკამათო საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევიდა


საპროტესტო აქცია კანცელარიის შენობის წინ
საპროტესტო აქცია კანცელარიის შენობის წინ
18 აგვისტოდან ძალაში შევიდა ცვლილებები სამ კანონში, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული კამათისა და დავის საგანს წარმოადგენდა. საუბარია კანონზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე. ამ სამ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 ივლისს, მესამე მოსმენის შედეგად, გააკანონა და, შესაბამისად, ცვლილებების ძალაში შესვლამდე დაწესებული ერთთვიანი ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.

დაკანონებამ უკმაყოფილება ვერ გაანელა - საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დამცველები ისევ ძველ აზრზე რჩებიან და ცვლილებებს დემოკრატიის განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ. ხელისუფლება კი ცვლილებებს მანამდე მოქმედ კანონებში სიცხადის შეტანის აუცილებლობით ხსნის.

17 ივლისს, როცა საქართველოს პარლამენტმა სამ მოქმედ კანონში შესატან ცვლილებებს დაუჭირა მხარი, თბილისის ქუჩებში ჯერ ისევ ნახავდით საკნებს, 9-აპრილის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, და ჯერ ისევ იმართებოდა მიტინგებიც. ამ ფონზე, ოპოზიცია დარწმუნებით აცხადებდა, რომ კანონებში ნაჩქარევად შეტანილი ცვლილებებით ხელისუფლება თადარიგის დაჭერას ცდილობდა და საქართველოში პროტესტის გამოხატვის უფლების საბოლოოდ მოსპობაზე ”ზრუნავდა”.
კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას დიდი დრო მართლაც არ დასჭირვებია - ინიცირებიდან მის საბოლოო დაკანონებამდე საკმარისი აღმოჩნდა სულ რაღაც 20 დღე. ნაჩქარევ ტემპებთან დაკავშირებით პროტესტი არაერთხელ გამოხატეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა, რომლებსაც ცვლილებებთან მიმართებით არაერთი პრეტენზია ჰქონდათ და ახლაც აქვთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი უკვე დაკანონებულ ცვლილებებში ყველაზე საგანგაშოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 30-დან 90-დღემდე გაზრდას, მით უმეტეს, როცა დაკავების ადგილებში ამჟამად არსებული მდგომარეობა ჯერ ისევ სავალალოა. ”მე ბოლომდე მჯეროდა, რომ 90-დღიან პატიმრობას საქართველოს პარლამენტი არ დაეთანხმებოდა ან პრეზიდენტი არ დაეთანხმებოდა... რატომღაც ამის მოლოდინი მქონდა. თუმცა ეს ცვლილება მაინც გავიდა. ეს, ჩემი ორგანიზაციის გარდა, მიუღებელი იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა და საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. ყველა აღნიშნავდა, რომ ეს 90-დღიანი პატიმრობა არის ზედმეტად მკაცრი სასჯელი.”

90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, სხვა სამართალდარღვევებთან ერთად, ამა თუ იმ პირს იმ შემთხვევაშიც შეიძლება დაემუქროს, თუკი ის არ იცავს შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ემორჩილება სამართალდამცველების მითითებებს, ვთქვათ, ხელი არ შეუშალოს ტრანსპორტის მოძრაობას. და აქ მივდივართ კიდევ ერთ ცვლილებასთან, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტთა პროტესტი უკავშირდება: თუკი აქამდე ქუჩის გადასაკეტად ქალაქის მერიაში შეტანილი წინასწარი განაცხადიც საკმარისი იყო, ამიერიდან ეს პროცესი ხალხის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი მურთაზ ზოდელავა არ იზიარებს ოპონენტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებული შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ზოდელავა საპროტესტო აქციის გამართვის მსურველებს ასე მიმართავს: ”მობრძანდით და ჩაატარეთ, სადაც გნებავთ. თუ ადამიანების რაოდენობა ამას ითხოვს, გადაკეტეთ ქუჩაც. თუ იმდენი ადამიანია მოსული, რომ ვერ ეტევა ტროტუარზე, ვერ ეტევა, ვთქვათ, კონკრეტულ მოედანზე, აგერ, გიწერიათ, რომ გაქვთ საშუალება გადაკეტოთ გამზირიც, ქუჩაც, ტრანსპორტის სავალი ნაწილი... მაგრამ როგორც კი ეს რაოდენობა შეთხელდება, რა თქმა უნდა, ჩნდება ვალდებულება იმისა, რომ მოხდეს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გათავისუფლება.”

ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს, რამდენი ადამიანია საკმარისი ქუჩის გადასაკეტად? - შეკითხვას სვამს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც კანონის მიერ ამ საკითხის სამართალდამცველებისთვის მინდობას უსამართლოდ მიიჩნევს, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ქუჩის გადაკეტვა ყურადღების მიპყრობის ერთადერთი საშუალებაა ხოლმე უსამართლობით გატანჯული ადამიანების თუნდაც ძალიან მცირე ჯგუფისთვის: ”როცა ადამიანები კეტავენ ქუჩას, მათი ამოცანა პარალიზება კი არ არის... მათი მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიიქციონ და ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ასეთ დროს, 10 წუთი იქნება თუ ნახევარი საათი, შეიძლება -სამი საათიც, ქუჩის გადაკეტვა ათი კაცის მიერაც მოსათმენია... რადგანაც ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამე სხვა ღირებულება.”
ქუჩის გადაკეტვის შეზღუდვის გარდა, საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სადავო თემა პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის გამოყენებას უკავშირდებოდა. რადგანაც რეზინის ტყვიების გამოყენების დაკანონება ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, ესე იგი აქამდე ის დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონოდ იყენებდა ამ იარაღს, - ასეთი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და უფლებათა დამცველების ლოგიკა. ხელისუფლება კი ამ საკითხთან დაკავშირებულ ცვლილებას მხოლოდ განმარტებაში სიცხადის შეტანის სურვილით ხსნიდა. მისი მხრიდან ბევრჯერ ითქვა, რომ პოლიციის შესახებ კანონში რეზინის ტყვიები აქამდე იგულისხმებოდა ზოგად დათქმაში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაშვებულ იარაღში, ახლა კი, მეტი სიცხადისთვის, ”არალეტალური იარაღის” კატეგორიაში იგულისხმება. სხვა საკითხია, რომ ეს პასუხი დღემდე არ აკმაყოფილებს მის ოპონენტებს.

ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, რაც მოახერხა და საკმაოდ დიდი ბრძოლის შედეგად ხელისუფლებას დაათმობინა, არასამთავრობო სექტორი ასახელებს გასაჩივრების უფლებას ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულთა შემთხვევაში. თუმცა დაკავებულის ადვოკატმა განხილვაზე დასათანხმებლად სააპელაციო სასამართლოს სრულიად ახალი გარემოებები უნდა წარუდგინოს, თანაც, 48 საათში. ეს კი ძნელად წარმოსადგენია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული თავისი შენიშვნები ჩამოაყალიბა დასკვნაში, რომელიც, ევროსაბჭოს თბილისის ოფისის დახმარებით, ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. ვენეციის კომისიის დასკვნებს ელოდება საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც თეორიულად შენიშვნების გათვალისწინების პირობას დებს, მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ ვენეციის კომისიას შენიშვნები ექნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG