Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის ააშენა რუსეთმა ძუარიკაუ–ცხინვალის გაზსადენი


ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენს მშენებლობა
ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენს მშენებლობა
რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ერთი წლის თავზე ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის გახსნა იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 163 კილომეტრი სიგრძის მილსადენი თითქმის მთლიანად აშენებულია, 26 აგვისტოს ცხინვალის მოსახლეობა რუსულ გაზს მაინც ვერ მიიღებს. საქმე ისაა, რომ კავკასიის ქედის გადამკვეთი გაზსადენის მშენებლობა, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეჩერდა. რისთვის ააშენა რუსეთმა ახალი, ძვირად ღირებული გაზსადენი და რატომ შეფერხდა რუსეთიდან ცხინვალში გაზის მიწოდება?

რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დამაკავშირებელი ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობა სამი წლის წინ, 2006 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე დაიწყო. ბორის ჩოჩიევმა, თვითაღიარებული რესპუბლიკის განსაკუთრებულ საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაწყებულ მშენებლობას წინ ვერაფერი დაუდგებოდა:

„პროექტი უკვე დამტკიცებულია. საზეიმო ცერემონიაც გაიმართა და მშენებლობაც დაიწყო. ყველაფერი კარგად იქნება.“

სამი წლის განმავლობაში სამშენებლო კომპანია „სტროიპროგრესმა“ 163 კილომეტრის მილსადენი, 11 გაზგამანაწილებელი სადგური, 4 ტექნოლოგიური გვირაბი და 38 გადასასვლელი ააშენა. ამასთან, 400 მილიმეტრი დიამეტრის მქონე მილსადენის 70-მა კილომეტრმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა. ცხინვალის ტელევიზია, რუს მშენებლებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ძირითადი საქმე, ფაქტობრივად, გაკეთებულია, თუმცა, როგორც ჩანს, მშენებლების სურვილის მიუხედავად, 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის წლისთავზე, ცხინვალელები ბუნებრივ აირს მაინც ვერ მიიღებენ. საბიუჯეტო დავალიანების გამო სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ სამშენებლო კომპანია „სტროიპროგრესის“ ქონებას ყადაღა დაადო, რამაც მშენებლობის დასრულება და მილსადენის ექსპლუატაციაში მიღება შეაფერხა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მშენებლობის გაჩერების ნამდვილი მიზეზი სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითისა და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ალბერტ ჯუსოითის შორის არსებული დაპირისპირებაა.

„მშენებლობის გამო, ძალიან გაიზარდა სამხრეთ ოსეთში ჯუსოითის ავტორიტეტი, რამაც კოკოითის გაღიზიანება გამოიწვია. დაიწყო მათ შორის ბრძოლა. კოკოითიმ გადასახადების დამალვა დააბრალა და ქონება დაუყადა. მოკლედ, იმისათვის, რომ ჯუსოითი არ გამხდარიყო პოპულარული და არ გამხდარიყო მისი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში, კოკოთიმ გაწირა მოსახლეობის ინტერესები და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაზსადენს მუშაობა არ დაეწყო“, უთხრა რაიდიო თავისუფლებას მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის თქმით, რომ არა კოკოითის ეჭვიანობა, გაზსადენის მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან დასრულდებოდა, თუმცა სამშენებლო კომპანიას ვალების დაგროვებასთან ერთად გარემოსათვის მიყენებული ზიანის, კერძოდ, ზარამაგის ნაკრძალის გაჩეხის გამოც ედავებიან. სხვათა შორის, მილსადენის ერთი მონაკვეთი თითქმის 3200 მეტრ სიმაღლეზე გადის. შესაბამისად, რთული საინჟინრო ნაგებობების სიმრავლისა და თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ ბუნებრივი აირის მცირე რაოდენობით მოხმარების გამო, პროექტი კომერციულად მომგებიანი ვერ იქნება. ლიანა ჯერვალიძე, კასპიისპირეთის ენერგორესურსებისა და სატრანზიტო გზების საკითხებში ექსპერტი, ამბობს, რომ ძუარიკაუ–ცხინვალის გაზსადენის მშენებლობა, უდავოდ, პოლიტიკური პროექტია:

„აბა, ეკონომიკურად როგორ წარმოგიდგენიათ? მე არ ვიცი მაქსიმალურ მოხმარებაზე როდის გავლენ, მაგრამ 2006 წელს ცხინვალის რეგიონი წელიწადში მხოლოდ 12 მილიონ კუბურ მეტრს მოიხმარდა.რა შემოსავალი უნდა მისცეს ცხინვალმა რუსეთს... ალბათ, მთლიანად დოტაციური იქნება.“

უნდა ითქვას, რომ ოფიციალურ მოსკოვს არც არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ეკონომიკურ სარგებელს არ ეძებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის თქმით, ამგვარი პოლიტიკით რუსეთი, საბოლოო ჯამში, ვერაფერს მოიგებს:

„ეს არის მცირე დეტალი, რომელიც აჩვენებს ზოგადად ირაციონალურ იმპერიულ ბუნებას რუსული სახელმწიფოსი. ასეთი იყო იგი წარსულში და ასეთად რჩება დღესაც. ამიტომ მისთვის ხარჯის გაწევა, ოღონდ კი დაიკმაყოფილოს ირაციონალური იმპერიული ამბიცია, არ არის მთავარი ღირებულება. ამიტომ დაიწყო ომი, რაც, ხარჯის თვალსაზრისით, ძალიან ძვირი დაუჯდა, მაგრამ ეს მისთვის პრობლემა არ არის, თუმცა ადრე თუ გვიან ის, რაც არარაციონალურია, მთავრდება.“

იმისათვის, რომ დროულად დამთავრდეს, დავით დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დიპლომატიური ბრძოლა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება რუსეთის ცხინვალთან დამაკავშირებელ გაზსადენს, მამუკა არეშიძის თქმით, რუსულ ბუნებრივ აირს თვითაღიარებული რესპუბლიკა ზამთრის დადგომამდე მიიღებს, თუმცა, მისივე თქმით, გაზგამანაწილებელი ქსლის სიმწირის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბუნებრივი აირით ცხინვალიდან დაშორებულმა სოფლებმაც ისარგებლონ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG