Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში პირველი კონკურსი დასრულდა


დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი
სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონკურსი, რომელმაც 15 სექტემბერს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წამახალისებელი 100-მდე პროექტი უნდა გამოავლინოს. კონკურსის ფარგლებში შესული 530 განაცხადიდან უმრავლესობა საქართველოს რეგიონებიდანაა.

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. ფონდის პირველ საგრანტო კონკურსში წარდგენილი პროექტების გაცნობამდე, სამეთვალყურეო საბჭოში ჯერჯერობით უჭირთ იმის განსაზღვრა, რამდენად უპასუხებენ კონკურსანტები დემოკრატიის პროცესში ჩართული აქტიური მოქალაქის გამოვლენისა და დახმარების მოთხოვნებს. თუმცა ერთი ცხადია, ფონდში სასიამოვნოდ გაკვირვებულნი არიან განაცხადთა სიმრავლით. 3-დან 28 აგვისტოს ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 530 განაცხადი შევიდა.

„განსაკუთრებით აქტიურობდნენ რეგიონების წარმომადგენლები, რაც მისასალმებელია ჩვენი მხრიდან“, - ამბობს სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლალი ყიფშიძე, რომლის განმარტებითაც, შეფასების სისტემა ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე კონკურსანტებს შეფასებას აძლევს ადმინისტრაცია, ხოლო მეორე ეტაპზე - სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს წევრია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მაგდა ანიკაშვილი.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო სამუშაო გველის წინ. თავად სამეთვალყურეოსთვის ძალიან რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებულნი ტექნიკურ ხარვეზებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თავად იდეა და ის, თუ რამდენად სწორად ხედავენ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ეს ორგანიზაციები“, - ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

უკვე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ ასევე საინიციატივო ჯგუფებს, რომლებმაც, თავის მხრივ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, საგრანტო დაფინანსების მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა დააფუძნონ. საგრანტო კონკურსი არ გამოკვეთდა პრიორიტეტულ მიმართულებებს. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ფონდი განიხილავს ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ეხმიანება მთლიანად ქვეყნის, რომელიმე რეგიონის, თემის ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფის საჭიროებებს. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს ცნობილი გახდება დაახლოებით 2 კვირაში, როდესაც სამეთვალყურეო საბჭო გამარჯვებულებს დაასახელებს. მანამდე კი სამოქალაქო აქტივობის სავარაუდო სფეროების დასახელება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ვთხოვეთ:

„ზოგ რაიონში ეს შეიძლება იყოს წყლის პრობლემა, ზოგ რაიონში - განათლების პრობლემა, ზოგ რაიონში - მრიცხველების გამოტანის პრობლემა, ზოგ რაიონში - ენის შესწავლის კურსები და ასე შემდეგ. ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისი პრიორიტეტი.“

პრიორიტეტები და ინიციატივები ქვემოდან ზემოთ - აქტიური მოქალაქე პრობლემის დანახვისა და გადაწყვეტის საქმეში. ასეთია თავად ფონდის პრიორიტეტი. „მთავარი ამოცანაა რიგითი მოქალაქის ჩართვა საზოგადოების ცხოვრებაში,“ გვითხრა, თავის მხრივ, კონკურსის გამოცხადების დღეს, 22 ივლისს, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით აფრასიძემ.მისი განმარტებით, გამარჯვებული პროექტების გამოვლენისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 2 მიმართულებას - ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალი ადამიანებისა და სახეების წარმოჩენას და რეგიონებს.

„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი“ 2009 წლის 11 ივნისს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში დაფუძნდა. მის ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გადაირიცხა. სამთავრობო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარს შეადგენს, საგრანტო პაკეტი პირველ ეტაპზე 600 000 ლარით განისაზღვრა. ფონდი პირველ ეტაპზე 100 პროექტის დაფინანსებას გეგმავს, წლის ბოლომდე კი, მთლიანობაში, 200 პროექტი ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG