Accessibility links

ყველაზე პოპულარული ფეხსაცმლისმსროლელი თავისუფალია


ერაყელი ჟურნალისტი მუნტადირ ალ-ზაიდი, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისათვის ფეხსაცმლის სროლისთვის 9 თვე იჯდა ციხეში, საპატიმროდან გათავისუფლდა. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი ძვირფასი ძღვენი მიიღო და გაუჩნდნენ მიმდევრები, მათ შორის - საქართველოშიც.

2008 წლის დეკემბერში, როდესაც ერაყელმა ჟურნალისტმა მუნტადირ ალ-ზაიდიმ ბაღდადში, პრესკონფერენციის დროს, ფესაცმლები ესროლა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, მისმა საქციელმა მოხიბლა არაბული სამყარო.

აი, ის დრამატული მომენტი, როდესაც ალ-ზაიდი პრეზიდენტს ფეხაცმელს ესვრის:

“ეს არის საჩუქარი ერაყელებისაგან. ეს არის გამოსათხოვარი კოცნა, შე ძაღლო! ეს შენ ქვრივებისაგან, ობლებისაგან და მათგან, ვინც ერაყში დახოცეს.”

ქვეყნის ლიდერის შეურაცხყოფის გამო, ჟურნალისტ ალ- ზაიდის ერაყის სასამართლომ ჯერ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, შემდეგ სასჯელი ერთ წლამდე იქნა დაყვანილი, საბოლოო ჯამში კი, ალ-ზაიდი ციხიდან 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 14 სექტემბერს, გაათავისუფლეს. თუმცა მისი ოჯახის წევრებმა გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ზეიმი. ჟურნალისტის დეიდა, უმ ზამანი, “როიტერის” ტელეკამერის წინ გამოხატავს ამ სიხარულს:

“დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემი გრძნობა - ესაა გრძნობა დეიდისა და დედის, რომელსაც 9 თვე არ უნახავს საკუთარი შვილი და ბევრი არაფერი იცოდა მის შესახებ, გარდა ხანმოკლე ვიზიტებისა, რომლის დროსაც ყველაფერი აკრძალული იყო. ღვთის ნებით, დღეს ჩვენ ზეიმი გვაქვს, ეს არის ჩვენი და ერაყის ეროვნული ზეიმი.”

ზეიმისა რა გითხრათ, მაგრამ მთელი ცხრა თვის განმავლობაში, რაც საპყრობილეში იყო, ერაყელმა ჟურნალისტმა უამრავი საჩუქარი მიიღო. მისმა ყოფილმა დამქირავებელმა, ქაიროში არსებულმა ტელეარხმა ალ-ბაღადადიადმა, მას ოთხსაწოლიანი ბინა აუშენა. საჩუქრად მიიღო ახალი სპორტული მანქანა და ჯანმრთელობის პროგრამა.

ტელეარხის ქაიროს ბიუროს შეფის აბდულ ჰამიდ ალ საიხის თქმით, მაროკოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ერაყელმა ალ- ზაიდის სიძეობა შესთავაზა. საუდის არაბეთში მცხოვრები ერაყელი კი 10 მილიონ დოლარს იხდიდა ნასროლ ფეხსაცმლებში, თუმცა, იმის შიშით, რომ მათში შეიძლებოდა ასაფეთქებელი ყოფილიყო დამონტაჟებული, ბუშის მისამართით ნასროლი ფეხსაცმელები გამომძიებლებმა ადრევე გაანადგურეს.

პატივი და დიდება ალ-ზაიდის რც მთავრობის დონეზე აკლია. ლიბიის პრეზიდენტმა მოამარ კადაფიმ ერაყელი ჟურნალისტი ქვეყნის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც მოხერხებულად აიცილა ნასროლი ფეხსაცმელები, შარშან ბაღდადში განაცხადა, რომ ასეთი ინციდენტები ხდებაო დემოკრატიულ ქვეყნებში.

ბუშზე თავდასხმის შემდეგ ფეხსაცმლის სროლა სხვა ლიდერების მისამართითაც განმეორდა. ამა წლის თებერვალში ფეხსაცმელი ესროლეს ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ვენ ჟიბაოს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტში. მარტში, როგორც დამოუკიდებელი საიტები წერდნენ, სავალ გზაზე ფეხსაცმელი ესროლეს ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის, ესკორტს ქალაქ ურმიაში.

დაბოლოს, როგორც დამოუკიდებელი ქართული გაზეთები წერდნენ, ფეხსაცმელი ცოტა ხნის წინ, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ესროლეს, როდესაც ის ზუგდიდთან ახლოს, განმუხურში იმყოფებოდა. გაზეთ “რეზონანსის” თანახმად, ფეხსაცმლის მსროლელი ნასვამი ბიჭი იყო, რომელსაც პრეზიდენტის დაცვა დაედევნა, დაიჭირეს და ცემა-ცემით სადღაც წაიყვანეს.
XS
SM
MD
LG