Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 22 სექტებმერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

Georgia -- Newspapers. undated

Georgia -- Newspapers. undated

მიმოხილვას “რეზონანსით“ ვიწყებთ, რომელიც წერს, რომ გერმანული „შპიგელი“ უკვე მესამედ წერს ტალიავინის კომისიის ჯერ არგამოქვეყნებულ დასკვნაზე და მესამედ იუწყება, დასკვნაში რუსეთ-საქართველოს ომში მთავარ დამნაშავედ საქართველოა გამოყვანილიო. გაზეთის ცნობით, ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და დასკვნის გამოქვეყნებას ელოდება. „რეზონანსი“ წერს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებას ყველა ქართველი ექსპერტი ეთანხმებაო. ზურაბ აბაშიძემ გაზეთს უთხრა, ის ფაქტი, რომ „შპიგელი“ აშკარად წინ უსწრებს მოვლენებს, იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაც არის ამ საკითხით დაინტერესებულიო. იგივე უთხრა გაზეთს ექსპერტმა გოგი ხუციშვილმაც - „ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ვრცელდებაო“.

ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფს ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები შეუერთდნენ. დღევანდელ გაზეთებში ამ ფაქტის სხვადასხვაგვარ შეფასებას შეხვდებით. „24 საათის“ სტატიის სათაურია „ოპოზიციის ნაწილის ‘მოქცევა’ “. „ალიამ“ კი სტატიას ამ თემაზე დაარქვა „რით მოხიბლა სააკაშვილმა მემარჯვენეები და რესპუბლიკელები“.

პრესა კვლავაც ბევრს წერს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე. „ახალი თაობა“ იუწყება, ამერიკის ხელისუფალთა განცხადებამ ამ სისტემის კავკასიასთან შესაძლო განლაგების შესახებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი მოლოდინი გააჩინაო. გაზეთი სამხედრო ექსპერტ კახა კაციტაძეს გაესაუბრა, რომელიც ამბობს, ამ სისტემის საქართველოში ან მის მახლობლად განთავსება გამორიცხულიაო. „რაკეტა როგორ უნდა ჩამოაგდო, თუ წინ არ დახვდები. თუ ანტირაკეტული სისტემის ფუნქცია ირანული რაკეტებისგან ევროპის დაცვაა, საქართველოში ანტირაკეტებს ვერ განალაგებ,“ - უთხრა კახა კაციტაძემ „ახალ თაობას“.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს თითქმის ყველა გაზეთი წერს, პარლამენტარ გიგი წერეთელსა და საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს შორის მომხდარი კამათია. „ალიას“ შეფასებით, წერეთელსა და ხუროშვილს შორის დაპირისპირება ლამის ტრადიციად იქცა. „რეზონანსი“ წერს, ცოტა ხნის წინ ისინი თამბაქოს გამოყენებასთან დაკავშირებული აკრძალვების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ახლა კი ანტინარკოტიკულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთსო. უფრო დაწვრილებით, თუ რას ედავებიან წერეთელი და ხუროშვილი ერთმანეთს, „ალიასა“ და „რეზონანსში“ შეიტყობთ.

დაბოლოს, მივუბრუნდეთ ისევ „24 საათს“, სადაც ნახავთ ვრცელ პუბლიკაციას, სათაურით „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ერთი წელი“. როგორც სათაურიდანვე ჩანს, სტატიაში კრიზისის მიზეზები და შედეგებია მიმოხილული.
XS
SM
MD
LG