Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაზის პატრიარქი


2001 წლის 11 სექტემბერს ჭაღარათმიანი სონი როლინსი, რომელსაც ოთხი დღით ადრე 71 წელი შეუსრულდა, საკუთარი ბინის ფანჯრიდან უყურებდა, თუ როგორ იფერფლებოდა ცეცხლში გახვეული ნიუ-იორკის საერთაშორისო ცენტრის ორი ცათამბჯენი. კარზე დააკაკუნეს - მოვიდა პოლიცია, რომელმაც მანჰეტენზე მდებარე სახლიდან მობინადრეების სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა. სონიმ თან მხოლოდ საქსოფონის წაღება მოასწრო - მის ცხოვრებაში ხომ მთავარი ეს საკრავი იყო. ამა წლის 7 სექტემბერს ჯაზის უკანასკნელ მოჰიკანს სამოცდაცხრამეტი წელი შეუსრულდა. ცოცხლები აღარ არიან მისი კოლეგები და მეგობრები - გამოჩენილი მუსიკოსები მაილს დევისი, ჯონ კოლტრეინი, მაქს როუჩი, არტ ბლეიკი, ჯერი მალიგანი, თელონიუს მონკი, ბად პაუელი, თვით როლინსი კი ჩვეული ენერგიით განაგრძობს სცენაზე გამოსვლას, მართავს მრავალრიცხოვან გასტროლებს. ამერიკელმა მუსიკათმცოდნემ ნეით ჩინენმა ”ნიუ-იორკ თაიმსში” დაწერა: ”თავის დროზე ჯაზის მხოლოდ რამდენიმე მუსიკოსი იყო უფრო მითოლოგიზებური, ვიდრე ტენორ-საქსოფონისტი სონი როლინსი...ნახევარი საუკუნის წინ მუსიკოსი სამყაროს ერთ-ერთ საოცრებად ითვლებოდა.” თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე როლინსი ჯაზის სხვადასხვა მიმდინარეობას მისდევდა - მის ხელოვნებაში მნიშვნელოვანი როლი სვინგმა, ჰარდ და ბი-ბოპმა, ფრიჯაზმა ითამაშა. მიუხედავად ყველაფრისა, მუსიკოსი ყოველთვის ცდილობდა მთავარ მელოდიასთან ინტონაციური კავშირის შენარჩუნებას.

ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი აფრო-ამერიკელი საქსოფონისტი სონი (თეოდორ უოლტერ) როლინსი ნიუ-იორკში 1930 წლის 7 სექტემბერს დაიბადა. დასაწყისში ის ალტ-საქსოფონზე უკრვდა, მოგვიანებით კი საკუთარი დედის, ვირჯინიის კუნძულების მკვიდრის, დაჟინებული მოთხოვნით, ტენორზე გადავიდა. ჭაბუკობის პერიოდში სონი ჩარლი პარკერის და თელონიუს მონკის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და დაკვრის ინდივიდუალურ მანერას მხოლოდ ორმოცდაათიანი წლების ბოლოს მიაგნო. ბიჭუნა ჰარლემში იზრდებოდა - მისი მშობლების ბინა ჯაზ-კლუბების ”სავოის” და ”აპოლოს” გვერდით მდებარეობდა. უკვე ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში სონიმ პერსპექტიული ახალგაზრდა ტენორ-საქსოფონისტის რენომე მოიპოვა. ბოპის თაყვანისმცემლები ირწმუნებოდნენ, რომ, შემოქმედებითი ნიჭის თვალსაზრისით, ის თვით ჩარლი პარკერს არ ჩამორჩებოდა. ვაი რომ, ჩარლი პარკერის სენი, ნარკომანია, ახალგაზრდა მუსიკოსსაც გადაედო და როლინსი სცენას რამდენიმე წლით დაემშვიდობა.

სონი როლინსმა სცენაზე გამოსვლა იმ პერიოდში შეწყვიტა, როდესაც ის, ფაქტობრივად, პოლისტილისტურ მუსიკოსად იქცა. მცირე ხანში მუსიკოსის ცხოვრებაში აღმოსავლური რელიგიებით გატაცების დროც დადგა, თუმცა მანამდე სონი შეიარაღებული ძარცვისთვის დააპატიმრეს. ციხეში მან რამდენიმე თვე გაატარა. როლინსმა საპყრობილეში მეორედ უკვე ჰეროინის მოხმარების ბრალდებით ამოყო თავი. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მუსიკოსი მოხალისე ნარკომანთა იმ ჯგუფში მოხვდა, რომელზეც მეტადონის გამოყენებით ნარკომანიისგან განკურნება სცადეს. შედეგი ბრწყინვალე აღმოჩნდა: როლინსი, სლენგის ენას თუ გამივიყენებთ, ”ჯანკისგან” განიკურნა. მას შემდეგ, 1972 წლიდან დღემდე, სონი, მცირე შესვენებებით, გამუდმებით მართავს კონცერტებს. ოთხი წლის წინ ალბომისათვის ”სიმღერის გარეშე” მას ”გრემის” პრემია მიენიჭა. წელს უკვე ჩატარდა როლინსის გასტროლები მაიამიზე, კალიფორნიაში, სანტა-ბარბარაში, ოსტინში, ტორონტოში, ვანკუვერში, სტოკჰოლმში, შტუტგარტში, ნიცაში - სია ძალიან გრძელია. წინ სენტ-ლუისი, ნიუ-იორკი, კოპენჰაგენი და პარიზია. მაშ, გაუმარჯოს ჯაზის პატრიარქს!
XS
SM
MD
LG