Accessibility links

ტალიავინის კომისიის დასკვნის რუსულ–ქართული ინტერპრეტაციები და ორი სიმართლე


რუსეთის სამხედრო კოლონა ცხინვალში

რუსეთის სამხედრო კოლონა ცხინვალში

აგვისტოს ომის დაწყების გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, როგორც ცნობილია, 30 სექტემბერს იქნა გამოქვეყნებული. დასკვნის მიხედვით, შარშანდელი ომის გაჩაღებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოსაც ეკისრება და რუსეთსაც, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტები და შეფასებები მოსკოვშიც საკუთარი პოზიციის გამამყარებლად მიიჩნიეს და თბილისშიც. არადა, დასკვნის გამოქვეყნებამდე თავად კომისიის წევრებმა არაერთხელ განმარტეს, რომ მათი მუშაობის მიზანი არ იყო ომის დაწყებაში რომელიმე მხარის პირდაპირი დადანაშაულება. მიუხედავად ამისა, დასკვნის გამოქვეყნებას საქართველოში და მის გარეთ მსჯელობა მოჰყვა იმაზე, ამბობს თუ არა დასკვნა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქმედება გახდა რუსეთ-საქართველოს შორის ომის გაჩაღების საბაბი.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ომის დაწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალზე მიტანილი იერიშით აღინიშნა, თუმცა ომის დაწყებას წინ უძღოდა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ხანგრძლივი პერიოდი, მუდმივი პროვოკაციები, ინციდენტები. ფაქტების შემსწავლელი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, შვეიცარიელმა დიპლომატმა ჰაიდი ტალიავინიმ, ”ნიუ-იორკ თაიმსში” დაწერა: ისე როგორც ყველა კატასტროფულ მოვლენას, 2008 წლის ომსაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარის მიერ სეპარატისტული პროვინციის - სამხრეთ ოსეთის -დედაქალაქის დაბომბვა გახდა, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა; მეორე ფაქტორი თხუთმეტ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ორი გაყინული კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში პროგრესის უკმარისობა იყოო. ტალიავინიმ თავის წერილში გამოთქვა ერთგვარი საყვედური საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ იმის გამო, რომ მათი მუშაობა საქართველოს კონფლიქტების მოსაგვარებლად არ იყო ეფექტიანი, რომ ”წლების მანძილზე არავის უცდია კონფლიქტის ყველა მონაწილის რეალური წუხილის გათვალისწინება”.

მაგრამ დღეს იმაზეა მსჯელობა, როგორ აისახა ევროპელი ექსპერტების 10 თვიანი მუშაობის შედეგში, დასკვნაში, რეალობა, ომი, რომლის პირობებშიც რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეებში გადმოიწია. შეფასებები განსხვავებულია. კრემლსა და სეპარატისტული რეგიონების დედაქალაქებში ხაზგასმით ამბობენ, რომ ევროპელმა ექსპერტებმა ომის დამწყებ მხარედ საქართველო და მისი ხელისუფლება გამოაცხადეს. თბილისში ამტკიცებენ, რომ ასე არაა. ამასვე იმეორებს მოსკოვში ზოგიერთი ექსპერტი. პაველ ფელგენჰაუერის თქმით, დასკვნაში რუსეთი მეტად არის დადანაშაულებული, ვიდრე საქართველო და, შესაბამისად, ოფიციალურ მოსკოვს სიხარულისთვის საბაბი არა აქვს. რუსი ექსპერტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ რუსეთი 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გატარებაში ამხილა, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგება, შემდეგ იურიდიული თვალსაზრისით არაფრისმთქმელ ქმედებად შეაფასა ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.

დასკვნაში აღნიშნული ამ და სხვა გარემოებების ხაზგასმით განმარტავენ საქართველოს ხელისუფლებაშიც, რომ დასკვნა არ ქმნის საფუძველს კრემლის მიერ დემონსტრირებული სიხარულისათვის. საქართველოს პარლამენტის წევრი პავლე კუბლაშვილი ყურადღებას ამახვილებს დასკვნის იმ ნაწილზე, რომელშიც ნათქვამია: ”საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები, არასამშვიდობოები შემოდიოდნენ 7-მდეც.”

პარლამენტის კიდევ ერთი წევრი კი, შოთა მალაშხია, დასკვნის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ამ დასკვნამ გააბათილა ყველა არგუმენტი, რომლებიც რუსეთში საქართველოში შეჭრის ასახსნელად მოჰყავდათ: ”რუსეთს საქართველოში შეჭრის სამართლებრივი ბაზა არა აქვს. საკითხი პასპორტიზაციასთან დაკავშირებით ჩაუვარდათ, გენოციდი არ დადასტურდა, არ იმუშავა არც სამშვიდობოების დაცვის არგუმენტმა.”

მაგრამ არის საპირისპირო შეფასებები. ფაქტების დადგენის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განცხადებები სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიციაშიც გააკეთეს. ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, განაცხადა:

”მისიის ანგარიში ძალიან მძიმე შეფასებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ჩვენი შეფასებით, რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის, საქართველოს ოკუპაციისთვის.”

” მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უპასუხისმგებლო და წინდაუხედავმა გადაწყვეტილებამ, გაეხსნა ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის განვითარების მომავალი. ტალიავინის დასკვნა არ ცვლის საქართველოს შიდაპოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს. საჭიროა უახლოეს შესაძლო ვადებში ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლა - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეები აწერენ ხელს.

ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის საკითხის აქტუალიზაციისთვის მოიშველია ნინო ბურჯანაძემაც:

” ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო, უუნარო ხელისუფალი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეჭვგარეშეა, ასეთ ხელისუფალს არა აქვს უფლება მართოს ქვეყანა.”

საქართველოს ხელისუფლებაში კი თქვეს, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადარჩება, თუ ის ვერ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს მაშინ, როცა მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები შემოვლენ. ”საქართველო მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო - ეს ის ფაქტია, რომელსაც ვერ უარყოფს ვერც ერთი მიუკერძოებელი დამკვირვებელი”, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. გასულ თვეებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე დააყენეს ეჭვქვეშ ფაქტების დამდგენი კომისიის რამდენიმე ექსპერტის ობიექტურობა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობაში ფაქტების დამდგენი კომისიის მოხსენებას, მთლიანობაში, პოზიტიურად აფასებენ. ”ფაქტებმა, რომლებიც კომისიამ ძალიან სწორად ჩამოაყალიბა თავის მოხსენებაში, კომისია, სამწუხაროდ, ვერ მიიყვანა საბოლოო ნაბიჯამდე და გასაგებია, რომ ეს მოხდა პოლიტკონიუნქტურის გამო - კომისიამ ვერ მოახერხა სამი სიტყვის არტიკულირება - რუსეთის სამხედრო აგრესია”, - განაცხადა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ დასკვნა, მთლიანობაში, გამოსადეგია და ის დაეხმარება საქართველოს თავისი პოზიციის არგუმენტაციაში.

ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნას გამოხმაურება მოჰყვა შეერთებულ შტატებშიც. ”მე ვფიქრობ, რომ ყველა მხარეს ჰქონდა შეცდომები და არასწორი გათვლები შარშანდელი ომის დროს, მაგრამ ჩვენ მომავალზე ვახდენთ ფოკუსირებას და ვიმედოვნებთ და ველით, რომ საქართველო და რუსეთი შეასრულებენ შარშან აგვისტოსა და სექტემბერში აღებულ ვალდებულებებს”, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ და, ადმინისტრაციის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
XS
SM
MD
LG