Accessibility links

logo-print

საქართველოს ბიზნესმენებმა პროფესიული გაერთიანების შექმნა გადაწყვიტეს


ბიზნესმენთა ფედერაციის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებმა კვლავ პროფესიული გაერთიანების შექმნა გადაწყვიტეს. 2 ოქტომბერს სასტუმრო შერეტონ მეტეხი პალასში „საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის“ დაარსების ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა. თავად ასოციაციის დაფუძნება ორი კვირის შემდეგ აღინიშნება, მანამდე კი სასტუმრო მეტეხში შეკრებილ 200–მდე ბიზნესმენს პროფესიული გაერთიანების შექმნის მიზნები და ამოცანები გააცნეს.

ბიზნესმენთა ასოციაციის დაარსების ინიციატორთა შორისაა გიორგი ისაკაძე, რომელიც ორიოდე წლის წინ ბიზნესმენთა ფედერაციას ხელმძღვანელობდა. ძველმა პროფესიულმა გაერთიანებამ არსებობა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა. თუ რამ უბიძგა გიორგი ისაკაძეს ახალი ბიზნესგაერთიანების იდეით გამოსულიყო, მისივე კომენტარიდან შეიტყობთ:

გიორგი ისაკაძე
„მთავარი პრიორიტეტი არის მუდმივი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან საიმისოდ, რომ უკეთესი ბიზნეს გარემო იყოს. ბიზნესს არ სჭირდება ზედმეტი ხელშეწყობა. ბიზნესს სჭირდება ნორმალური პირობები და ის თვითონ მიაღწევს იმ საწადელს, რასაც ჰქვია მეტი დასაქმება და მეტი მოგება.“

ასოციაციის დამფუძნებელთა შორის არიან ისეთი საქმოსნები, როგორიცაა კომპანია „ვისოლის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია „იუ–ჯი–თის“ პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე. ამ უკანასკნელის განცხადებით, პროფესიული გაერთიანება როგორც ბიზნესმენებს, ასევე ქვეყანას ახალი ინვესტიციების მოზიდვასა თუ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარება.

„ბიზნესებს შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის დახმარება დასჭირდეს, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც დღეს პირველად იდგამს ფეხს ბიზნესი.“

ასოციაციის საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ რაც მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებით და მასში გაერთიანებით, მით უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება ეს ორგანიზაცია.

ეს კი სასარგებლო იქნება როგორც წევრებისთვის, ასევე ქვეყნისთვისო, – აღნიშნავენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. აპირებთ თუ არა ასეთ ასოციაციაში შესვლას? - ამ შეკითხვით ცნობილ ბიზნესმენს, თემურ ჭყონიას, მივმართე.

თემურ ჭყონია
„თუ სერიოზული ორგანიზაცია იქნება და კარგად ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში თუ ხელს შეუწყობს, აქტიურად ჩავერევი. თუ ისეთი ორგანიზაცია იქნება, სადაც შეხვედრები და ქეიფი იქნება, ჩავერევი. თუ, ეხლა, ისეთი იქნება, რომ მხოლოდ ლაქლაქი და არაფრის მაქნისი, მაშინ გამოვემშვიდობები.“

თემურ ჭყონიას და სხვა საქმოსნებს ბიზნესმენთა ასოციაციის წევრობა ყოველთვიურად დაახლოებით 800 აშშ დოლარი დაუჯდებათ. ასეთი საწევრო შენატანი კი ბევრი მცირე მეწარმისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის პროფესიულ გაერთიანებაში გაწევრიანებას. საწევრო შენატანის გარდა, ბიზნესმენების მიღებისას ყურადღებას მიაქცევენ მათ მიერ გადასახადების გადახდის ისტორიას. ასოციაციაში მოხვედრა გაუჭირდებათ დამწყებ ბიზნესმენებსაც.

თუმცა კი ბიზნესმენთა დიდი გაერთიანების არარსებობას ხელი არ შეუშლია საქართველოს მთავრობისთვის ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები გაეტარებინა. როგორც ცნობილია, სწორედ იმ პერიოდში, როდესად ასეთი გაერთიანება არ არსებობდა, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველომ წინ წაიწია და მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები ამბობენ, რომ არსებობს უამრავი პრობლემა, რომელთა გადაჭრასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ.
XS
SM
MD
LG