Accessibility links

ევროკავშირში ბევრი მიესალმა ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ ირლანდიაში 2 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის დადებითი შედეგით დასრულებას. მაგრამ ეს შედეგი მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გატარდეს ბლოკის მწყობრად ამუშავებისთვის აუცილებელი რეფორმები. ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაცია კიდევ ორმა ქვეყანამ - პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ - უნდა მოახდინოს და პროცესი კიდევ თვეების განმავლობაში შეიძლება გაჭიანურდეს. პარალელურად, ევროკავშირის შიგნით უკვე დაიწყო ბრძოლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალი თანამდებობებისთვის.

ევროკავშირისთვის ზოგჯერ დამახასიათებელი ბედის ირონიის თანახმად, შაბათს, 3 ოქტომბერს, ბლოკმა ერთი კრიზისის გადაჭრა შეძლო, როცა გამოცხადდა, რომ ირლანდიელმა ამომრჩეველმა მტკიცედ დაუჭირა მხარი ლისაბონის ხელშეკრულებას, მაგრამ მაშინვე მეორე კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა.

თავდაპირველი ეიფორიის ჩაცხრობის შემდეგ, ევროპულმა მედიამ კვლავ სკეპტიკური ინტონაციით დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ლისაბონის ხელშეკრულება საფრთხეშია.

ხელშეკრულებას, რომელიც 27 წევრისგან შემდგარი ბლოკის მუშაობის გასაუმჯობესებლად რეფორმების გატარებას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ სჭირდება რატიფიცირება პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.

როგორც მოელიან, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დოკუმენტს საბოლოო თანხმობას რამდენიმე დღეში მისცემს.

ვითარება უფრო რთულია ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსთან მიმართებით. კლაუსი ევროკავშირის ყველაზე ცნობილი ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსი და ლისაბონის ხელშეკრულების დაუძინებელი მოწინააღმდეგეა.

3 ოქტომბერს - ირლანდიის რეფერენდუმის შედეგის გამოცხადების შემდეგ - კლაუსმა თავისი ბრძოლის უიმედობაზე ისაუბრა:

”ყველამ ვიცით, რომ თუ ირლანდიის რეფერენდუმი საპირისპირო შედეგით დასრულდებოდა, დაინიშნებოდა მესამე, მეოთხე, მეხუთე, ორმოცდამეცხრამეტე რეფერენდუმი - მანამ, სანამ სასურველი შედეგი არ იქნებოდა მიღწეული. ვფიქრობ, მეთანხმებით, რომ ეს არასწორია. მსოფლიოში - ევროპაში - ასე არ უნდა ხდებოდეს”, - თქვა მან.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ლისაბონის ხელშეკრულების წინააღმდეგ მისი ხანგრძლივი ბრძოლა, შესაძლოა, დასასრულს უახლოვდებოდეს. კლაუსმა თქვა, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას აღარ დააგვიანებს იმ დრომდე, როცა ასევე ევროსკეპტიკოს ბრიტანელ კონსერვატორებს რეფერენდუმის მოწყობა შეეძლებათ - 2010 წლის მაისის არჩევნებში მათი მოსალოდნელი გამარჯვების შემდეგ.

კლაუსის თქმით, ბრიტანელებს უკვე ”დააგვიანდათ” და ხელშეკრულების ირგვლივ ვეღარაფერს შეცვლიან.

ამავე დროს, კლაუსმა თქვა, რომ ის ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს მანამ, სანამ დოკუმენტის შესახებ ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი არ გახდება ცნობილი. საუბარია უკვე მეორე ასეთ სარჩელზე, რომელიც გასულ თვეში 17-მა სენატორმა შეიტანა.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - შვეციის - პრემიერ- მინისტრმა, ფრედრიკ რეინფელდტმა, 3 ოქტომბერს აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ლისაბონის ხელშეკრულების მიმდინარე წლის ბოლომდე ასამუშავებლად:

”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აქტიურები ვიყოთ და საქმე წინ წავწიოთ. ევროპის საბჭოს სამიტებზე გვითქვამს, რომ, ჩვენი პროგნოზით, ეს ახალი კონსტიტუცია - ეს ხელშეკრულება - შვეციის თავმჯდომარეობის დასრულებამდე უნდა ამოქმედდეს. და, ცხადია, სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ.”

ოთხშაბათს ბრიუსელში რეინფელდტი და ევროპის კომისიის თავმჯდომარე, ჟოზე მანუელ ბაროზუ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ იან ფიშერთან გამართავენ შეხვედრას.

საკითხი, რომელიც ყველაზე მალე უნდა გადაიჭრას, ლისაბონის ხელშეკრულებით შექმნილ მაღალ თანამდებობებს უკავშირდება. გასარკვევია, როდის შეეძლება ევროკავშირს დაიწყოს ამ თანამდებობების შევსება - უკვე ოქტომბრის ბოლოს დანიშნულ სამიტზე თუ დეკემბერში.

ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, უნდა შეიქმნას თანამდებობა ევროკავშირის პრეზიდენტისა, რომელიც წევრმა ქვეყნებმა ორწლინახევრის ვადით უნდა აირჩიონ. პრეზიდენტებს პოსტზე მეორედ არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ ექნებათ.

ერთადერთი ფიგურა, რომელმაც ამ თანამდებობის მიმართ ღიად გამოხატა ინტერესი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერია. როგორც იუწყებიან, მას ლონდონისა და პარიზის მხარდაჭერა აქვს, თუმცა ბერლინს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მის მიერ ერაყის ომის მხარდაჭერა უშლის ხელს - მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს ამ ომს ბაროზუც ენთუზიაზმით ემხრობოდა. ტონი ბლერს დამატებით პრობლემებს უქმნის ის ფაქტორი, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიანი ვალუტის - ევროს - მოქმედების სივრცის მიღმა რჩება და არც საზღვრების გარეშე მოქმედ შენგენის ზონაშია ჩართული.

როგორც იუწყებიან, ბლერის მთავარი მეტოქეები არიან ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი, ავსტრიის ყოფილი კანცლერი ვოლფგანგ შუსელი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი იან-პეტერ ბალკენენდე.

ევროკავშირის დაუწერელი კანონით, ბლოკის მომავალმა პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს როგორც ინგლისური, ისე ფრანგული ენა.

პრეზიდენტის ზუსტი ფუნქციების ირგვლივ ევროკავშირში ჯერჯერობით არ არის მიღწეული შეთანხმება. გაურკვეველია, პრეზიდენტი ერთგვარად სიმბოლური ფიგურა იქნება, რომელიც ევროკავშირის შეხვედრებს გაუძღვება ხოლმე, თუ უფრო ფართო მანდატით იმოქმედებს და სხვა ქვეყნების ლიდერებთან უშუალოდ დაიჭერს საქმეს.

ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოსტსაც გააძლიერებს. ცნობილია, რომ ამ თანამდებობას შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უმიზნებს, თუმცა მას საფრანგეთსა და გერმანიაში არ უჭერენ მხარს. ეს კარგად ჩანს საფრანგეთის გავლენიან ყოველდღიურ გაზეთი ”ფიგაროში” 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ბილდტის მისამართით ორაზროვანი კომპლიმენტია გამოთქმული - ”ბოლო თვეებში ის ცდილობს დაიოკოს თავისი თურქოფილია და რუსოფობიაო.”

ამ თანამდებობის სხვა მაძიებლებს შორის არიან გაფართოების კომისარი, ფინელი ოლი რენი, და კონტინენტის ბევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები.

გადაწყვეტილების მიღება უაღრესად რთული პროცესი იქნება. ევროკავშირის მნიშვნელოვან თანამდებობებზე კადრების შერჩევამ რამდენიმე ფაქტორი უნდა დააკმაყოფილოს - იქნება ეს ბალანსის დაცვა ბლოკის რამდენიმე რეგიონსა, პოლიტიკურ იდეოლოგიებსა თუ დიდ და პატარა ქვეყნებს შორის.

ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის უფლებამოსილებას ისეთ სფეროებშიც გაზრდის, როგორიცაა ენერგეტიკა, სოციალური მომსახურება, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვ. მაგრამ ხელშეკრულების პოლიტიკური გავლენა შეზღუდულია - ის არ ეხება, მაგალითად, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებს თუ საბიუჯეტო და გადასახადების საკითხებს. ამ სფეროებში გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად მიიღებენ და ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერ ჩარევას 27-ვე წევრის სრული თანხმობა დასჭირდება.

ხელშეკრულების ამოქმედება დადებითად აისახება გაფართოების პროცესზე. ბრიუსელში განთავსებული ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტის პიოტრ მაჩეი კაჩინსკის თქმით, მოსალოდნელია, რომ ბლოკი ახლა უერთგულებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის მიცემულ დაპირებებს:

”ირლანდიის რეფერენდუმი და ლისაბონის ხელშეკრულების მოსალოდნელი ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთსა და ისლანდიასთან მიმართებით”, - ამბობს ანალიტიკოსი. - ”პროცესი, ალბათ, დაიძვრება და, შესაძლოა, უკვე 2011 წელს ისლანდიისა და ხორვატიის გაწევრიანება ვიხილოთ. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კი ბალკანეთის დანარჩენი ქვეყნებიც გაწევრიანდებიან.”

რაც შეეხება თურქეთს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს საკითხი პრობლემად დარჩება, რადგან საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები კვლავ გამორიცხავენ მის ევროკავშირში გაწევრიანებას.

სავარაუდოდ, ბევრი არაფერი შეიცვლება ევროკავშირის რუსეთის მიმართ პოლიტიკაშიც, რომელიც კვლავ დაექვემდებარება წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას. შესაბამისად, ევროკავშირს კვლავ გაუჭირდება ნაბიჯების გადადგმა თავის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG