Accessibility links

რატომ არ აძლევს მოსკოვი კრედიტს ბელორუსიას და უკრაინას


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი არ განიხილავს უკრაინისთვის ორმხრივ საფუძველზე კრედიტის მიცემას. მოსკოვმა გუშინვე გამოაცხადა, რომ ბელორუსიას არ გადაურიცხავს დაპირებული კრედიტის დარჩენილ თანხას, 500 მილიონ დოლარს.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა უკრაინასთან დაკავშირებით ცხადად თქვა, რომ რუსეთი არ განიხილავს ორმხრივ საფუძველზე კრედიტის მიცემას. უკრაინაში შეიძლება არც ელოდნენ ასეთ კრედიტს. რასაც კიევში მოელიან, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტი, რომლის შემდგომი ნაწილი მომავალ თვეში ჩაერიცხება უკრაინას. კონკრეტულად ამ საკითხსაც შეეხო რუსეთის ფინანსთა მინისტრი და განუმარტა ჟურნალისტებს, რომ რუსეთი აკვირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელებას უკრაინაში და ემხრობა ფონდის კრედიტის გამოყოფას ამ ქვეყნისთვის. კუდრინმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მნიშვნელოვან მარაგს რუსეთი უზრუნველყოფს და თქვა, რომ შესაბამის ქვეყნებს დახმარება უნდა გაეწიოს იმ პირობების თანახმად, რომლებიც სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული. უკრაინაში რეაქცია სახელმწიფო დონეზე რუსეთის ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას არ მოჰყოლია. რაც ცნობილია, ისაა, რომ რუსეთი უკრაინას დაჰპირდა (ეს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა ადრე), ავანსის სახით, ორი მილიარდ ორასი მილიონი დოლარის გამოყოფას. ეს, ფაქტობრივად, კრედიტია, რომელსაც უკრაინა გაზის ტრანზიტის საფასურით გაუქვითავს რუსეთს.

სხვა ვითარებაა ბელორუსიასთან დაკავშირებით. მინსკი უფრო ინტენსიურადაა შეკავშირებული რუსეთთან. წლების განმავლობაში ბელორუსია რუსეთისგან იღებს კრედიტს. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ბოლო განცხადება, რუსეთი არ განიხილავს კრედიტის გაგრძელებასო, სწორედ იმაზე მიანიშნებდა, რომ მოსკოვი აჩერებს კრედიტს, რომელიც ადრე იყო შეთანხმებული ორ მთავრობას შორის და რომლის დიდი ნაწილი მინსკმა უკვე მიიღო. ეს ორმილიარდიანი კრედიტი სამ ტრანშად იყო დაყოფილი. დარჩენილი 500 მილიონი ახლა უნდა გადაერიცხა რუსეთს და, როგორც კუდრინმა თქვა, მოსკოვი აღარ აპირებს ამის გაკეთებას. კუდრინმა იქვე თქვა, რომ იგეგმება ჩამოყალიბება ანტიკრიზისული ფონდისა, სახელწოდებით “ევრაზესი”. მისი მოცულობა იქნება 10 მილიარდი და აქედან შეიძლება გამოეყოს ბელორუსიას ფულიო. კუდრინმა იქვე შეაქო ბელორუსიის მთავრობა სავალუტო ფონდის პროგრამების შესრულებისთვის. ბელორუსიაში რეაქციამ არ დააყოვნა. ფინანსთა მინისტრმა ანდრეი ხარკავეცმა გარკვევით თქვა, ამ კრედიტზე ორ მთავრობას შორის გარიგება არსებობს და ის არ გაუქმებულა,“ევრაზესის” ფონდი კი ჯერ არც შექმნილა და მისგან კრედიტის მიღება სამომავლო საქმეაო. ასე რომ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ივან შუნკომ კი ასე თქვა: "რომ არ გვჭირდებოდეს, არც მოვითხოვდით. ეს ახლა კი არ ვთხოვეთ, ადრინდელი შეთანხმებაა, მოლაპარაკების შედეგია. თუ არ მოგვცეს, ალბათ, სხვა რამეს ვიშოვითო."

აღსანიშნავია, რომ ბელორუსიას რუსეთისგან კრედიტი არ აკლია. მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსიაში მრეწველობა მუშაობს და ყველანაირ პროდუქტს აწარმოებს, მისი გასაღება მინსკს უჭირს. ამასთან, ეს ქარხნები დოტაციაზეა, ანუ სახელმწიფოს ფულით არის წახალისებული. იმის გამო, რომ პროდუქტი იაფფასიანია და ქარხნები დახმარების გარეშე ვერ იარსებებენ, მთავრობას სჭირდება კრედიტი, რომელსაც იღებს სწორედ რუსეთისგან. ანუ რუსეთი აძლევს მინსკს კრედიტს, რომელიც ხმარდება საქმეს, რომ იაფფასიანი პროდუქტის წარმოება შესაძლებელი გახდეს და რუსეთში გასაღდეს. ეს ერთი მხარეა. მეორეა პოლიტიკური კავშირები. როგორც რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ანალიტიკოსი იური დრაკახრუსტი ამბობს, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მძაფრი რეაქცია ჰქონდა რუსეთის მასმედიაში გავრცელებულ შეფასებაზე, მინსკი არ აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, რადგან რუსეთი არ აძლევს დაპირებულ 500 მილიონსო. დრაკახრუსტი თავის აზრს გვიზიარებს და ლუკაშენკოს ნათქვამი მოჰყავს:

"თითქოს ბელორუსიამ ფულისთვის უნდა აღიაროს ეს რესპუბლიკები! პათეტიკურად თქვა ლუკაშენკომ და დაამატა: შეჩერდით, ბიჭებო, ამჯერად ასე არ იქნება. ამას წინათ ორივეს - მედვედევსაც და პუტინსაც - ვუთხარი: ბიჭებო, თქვენ თვითონ შექმენით ეს ვითარება და ამიტომ ახლა ცოტა მოითმინეთ-მეთქი."

დრაკახრუსტი ამბობს, რომ მინსკისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ის ვასალია, რუსეთის პოლიტიკური დანამატი. ამას კი სხვა ასპექტიც ახლავს: თუკი საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონებმა რუსეთსა და ბელორუსიასთან ერთად კავშირში გაწევრიანება ითხოვეს, ლუკაშენკო სტატუსით ბაღაფშსა და კოკოითის გაუტოლდება, რაც, ალბათ, ლუკაშენკოს სურვილს არ წარმოადგენს, - ამბობს ჩვენი ბელორუსი კოლეგა, რომელიც “არაღიარების” სხვა მიზეზსაც ასახელებს - ესაა ევროპა. მინსკს სურს მუდმივად გაწონასწორებული იყოს მასზე რუსეთისა და ევროპის გავლენები. სოხუმისა და ცხინვალის აღიარებით კი ის ევროპელების უარყოფით განწყობილებას მოიმკის. ანალიტიკური ცენტრის -“სტრატეგიის”- ხელმძღვანელს, ლეონიდ ზაიკას, ჩვენმა კოლეგებმა ჰკითხეს, არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან შეთანმხების დარღვევა, სამართლებრივი თვალსაზრისით.

"საკმაოდ უცნაური ვითარებაა. ამ მინსკს ფულს დაჰპირდა პუტინი. შემდეგ თანხა ბიუჯეტში უნდა მოხვედრილიყო, პარლამენტს უნდა განეხილა. გაირკვა, რომ თანხა სტაბილიზების ფონდში გადააქვთ და იქიდან უნდა განაწილდეს. ფონდს პრემიერი განაგებს, ანუ, ასე ვთქვათ, ეს პუტინის ფულია. გაისად კი რუსეთს აღარ ექნება თანხები, რომ ასე ფორსმაჟორში გამოყოს კრედიტები. სტაბილიზების ფული თავდება, ამიტომ მეტი სიზუსტეა საჭირო."

ზაიკა ამბობს, რომ ბელორუსიას, ამავე დროს, დიდი დეფიციტი აქვს რუსეთთან ვაჭრობაში - შარშან, თვიურად, დეფიციტი მილიარდს უდრიდა. პრემიერი რომ ვიყო, რუსეთს არავითარ კრედიტს არ მივცემდიო, ამბობს ბელორუსი ექსპერტი. მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი ბელორუსიის ეკონომიკისთვის, სუბსიდირების შეწყვეტა და ეკონომიკური პროგრამის შექმნაა.
XS
SM
MD
LG