Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის განცხადებით, აშშ-მა და რუსეთმა "არსებით წინსვლას" მიაღწიეს განიარაღებაზე მოლაპარაკებისას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა და აშშ-მა არსებით წინსვლას მიაღწიეს ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებზე. ამ შინაარსის განცხადება მან დღეს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან საუბრის შემდეგ გააკეთა. 1991 წელს დადებულ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებას, ანუ START 1-ს, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულ არსენალს ლიმიტს უწესებს, წელს დეკემბერში ამოეწურება მოქმედების ვადა. შეერთებული შტატები და რუსეთი ცდილობენ მანამდე მიაღწიონ ახალ შეთანხმებას. როგორც კლინტონმა განაცხადა მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ საკითხში უთანხმოება რჩება, ორი ქვეყნის ურთიერთობას ერთმანეთისადმი პატივისცემა განსაზღვრავს. კლინტონმა განაცხადა ასევე, რომ დღეს არ უთხოვია რუსეთის დახმარება ირანის დარწმუნებაში, გაფანტოს საერთაშორისო თანამეგობრობის ეჭვი მის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. მოგვიანებით ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ხვდება.
XS
SM
MD
LG