Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლისაბონის ხელშეკრულების ბედი ჩეხეთში


ვაცლავ კლაუსი
ვაცლავ კლაუსი
ლისაბონის ხელშეკრულება - დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მმართველი სტრუქტურების გარდაქმნას ითვალისწინებს. ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა, სადაც „ლისაბონის ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა, ჩეხეთია. რა ვითარებაა დღეს და რა ახალ მოთხოვნებს აყენებს ევროსკეპტიციზმით ცნობილი პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი?

ევროკავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ „ლისაბონის ხელშეკრულება“ რჩება - დოკუმენტი, რომელიც კავშირის მმართველი სტრუქტურების გარდაქმნას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ამოქმედება ბლოკის გავლენას გაზრდის - შეიქმნება ევროკავშირის პრეზიდენტის თანამდებობა და გაძლიერდება საგარეო პოლიტიკის სფეროში ბლოკის წარმომადგენლის პოსტი.

მას შემდეგ, რაც შაბათს ამ ხელშეკრულებას პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ, მოაწერა ხელი, ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა, სადაც „ლისაბონის ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა, ჩეხეთია.

ამის გამო ბოლო პერიოდში ბრიუსელსა და პრაღას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ იან ფიშერსა და ევროპის კომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ფიშერმა განაცხადა:

”ევროპის კომისიის პრეზიდენტს დავპირდი, რომ ჩეხეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ჩეხეთის რესპუბლიკაში რატიფიკაციის პროცესის ჯეროვანი დასრულება - იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არა მხოლოდ [ევროპის] საერთო პროექტს ეხება, არამედ ჩეხეთის რესპუბლიკის რეპუტაციასაცო.”

ჩეხეთში დოკუმენტის რატიფიკაციას ხელს ორი ფაქტორი უშლის. პირველია სარჩელი, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების წინააღმდეგ ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ევროსკეპტიკოსმა სენატორებმა შეიტანეს. სარჩელი ხელშეკრულების ჩეხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობას აყენებს ეჭვქვეშ. როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს 27 ოქტომბერს განიხილავს. 29-30 ოქტომბერს კი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტია დანიშნული.

როგორც წესი, მსგავსი სარჩელების განხილვას ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ერთ დღეში ამთავრებს ხოლმე, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, სწრაფი განაჩენი გარანტირებული მაინც არ არის. უწინ სასამართლომ ერთხელ უკვე არ დააკმაყოფილა ლისაბონის ხელშეკრულების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. ადვოკატების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ეს ამჯერადაც ასე იქნება, რაც დოკუმენტის რატიფიკაციას შესაძლებელს გახდის.

თუმცა, როგორც ვთქვით, ჩეხეთში ლისაბონის ხელშეკრულებას მეორე ფაქტორიც ეღობება წინ - ამ ფაქტორს კი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ქმნის.

სანამ დოკუმენტის რატიფიკაციას დაასრულებდეს, პრეზიდენტი ვალდებულია დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს. თუმცა ეს არ არის იმის ერთადერთი მიზეზი, რატომაც კლაუსი ლისაბონის ხელშეკრულებას ხელს არ აწერს. ჩეხეთის პრეზიდენტი ამ დოკუმენტს უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ევროკავშირში დემოკრატიის ხარისხს გააუარესებს. მიმდინარე კვირაში კლაუსმა დამატებითი პირობაც წამოაყენა - ის ევროკავშირისგან ითხოვს გარანტიას, რომ ხელშეკრულება ქვეყნიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განდევნილ გერმანელებს არ მისცემს საშუალებას საკუთრების უკან დაბრუნება მოითხოვონ.

ამის საპასუხოდ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა აღნიშნა, კარგი იქნებოდა კლაუსს ეს პრეტენზია აქამდე გამოეთქვაო - თუმცა დასძინა, რომ თუ კლაუსი გამოვა პირობით, რომ ახალ მოთხოვნებს აღარ წამოაყენებს, ის ოქტომბრის სამიტზე შეეცდება ევროკავშირის 26 პარტნიორი ამ პირობაზე დაიყოლიოს.

წარსულში, როცა ხელშეკრულება ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო, ბრიტანეთმა და პოლონეთმა მიაღწიეს გამონაკლისის დაშვებას დოკუმენტის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის რამდენიმე პუნქტიდან. მაგრამ დღეს, როცა პროცესი უკვე მნიშვნელოვნად არის წინ წასული და ჩეხეთის მთავრობას და პარლამენტს ხელშეკრულება გამონაკლისის მოთხოვნის გარეშე აქვთ დამტკიცებული, ასეთი კომპრომისის მიღწევა, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან ამან შეიძლება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება გახადოს აუცილებელი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გამორიცხულია.
ვაცლავ კლაუსს უკვე დიდი ხანია ევროსკეპტიკოსის რეპუტაცია აქვს. ის ბრიუსელს ხშირად აკრიტიკებს და უარს ამბობს ევროკავშირის დროშის აღმართვაზე პრაღის კოშკში მდებარე თავისი სავარძლის თავზე.

სწორედ ამ რეპუტაციაზე მინიშნებით, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მანუელ ბაროზუმ კლაუსს ევროკავშირისა და ჩეხეთის პარლამენტის წინაშე ვალდებულებები შეახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ლისაბონის ხელშეკრულებას ჩეხეთში ახალი ”ხელოვნური” წინაღობები აღარ შეხვდება:

”ევროკავშირს ჩეხეთის რესპუბლიკის მიღება [ჩეხეთის] პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა, სთხოვა. სწორედ ის იყო პირი, რომელმაც ევროპის თანამეგობრობის წევრად ქცევის შესახებ ოფიციალური თხოვნით მოგვმართა. მანვე მოაწერა ხელი ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებასო”, - განაცხადა ბაროზუმ და დასძინა: ”ის ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად პარლამენტმა აირჩია და დარწმუნებული ვარ, პარლამენტს პატივისცემით მოეკიდება. პირს, რომელსაც პარლამენტი ირჩევს, ბუნებრივია, მოეთხოვება პარლამენტის აზრის გათვალისწინებაო.”

ევროკავშირის მიმართ კლაუსის მიერ გამოთქმული ახალი მოთხოვნის პასუხად, ევროპელი იურისტები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება არ აძლევს ჩეხეთიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განდევნილ გერმანელებს საკუთრების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის ლიდერები ჩეხეთს ამის გარანტიას წერილობით მაინც მისცემენ - უწინარესად იმ მიზნით, რომ კლაუსმა რეპუტაციის შენარჩუნება შეძლოს.

ლისაბონის ხელშეკრულება 68 წლის პოლიტიკოსის კრიტიკის ბოლო საგანია. ვაცლავ კლაუსი სხვა სკანდალური განცხადებებითაც არის ცნობილი. როგორც ბრიტანეთის ყოფილი მემარჯვენე ლიდერის, მარგარეტ ტეტჩერის, დიდი თაყვანისმცემელი, ის ყოველთვის ენთუზიაზმით იცავდა ”ინდივიდუალურ თავისუფლებებს.” ის ხშირად აკრიტიკებს ადამიანის უფლებების ცნებას - უფრო ზუსტად კი, როგორც თავად უწოდებს, ამ ცნების ”პოსტმოდერნულ ინტერპრეტაციას”, რომელიც, მისი თქმით, ცალკეული ჯგუფების კოლექტიურ უფლებებს ინდივიდთა უფლებებსა და პასუხისმგებლობაზე მაღლა აყენებს.

ახლახან კლაუსმა გამოსცა წიგნი, სახელწოდებით ”ცისფერი პლანეტა მწვანე ბორკილებში”, რომელშიც ეჭვქვეშ დააყენა გლობალური დათბობა და გარემოს დამცველებს ”ისტერიული”, ”კომუნისტების მსგავსი” პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG