Accessibility links

logo-print

ალექსანდრე ხეთაგური: დივერსიის მიუხედავად, ელექტროენერგია არ შეწყვეტილა


ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 14 ოქტომბერს მომხდარი აფეთქებების მიუხედავად, ელექტროენერგიის უწყვეტად მომარაგების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ”ჩვენ გაგვაჩნია სათანადო რეზერვები და ამ რეზერვებს, თუ რაიმე დაზიანება მოხდება ხაზზე, მაქსიმალურად ავამუშავებთ. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის უწყვეტი მომარაგება 100-პროცენტიანად გარანტირებულია”, - განაცხადა ხეთაგურმა 14 ოქტომბერს ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში. ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლთან, რომელიც ზნაურის რაიონის ოსურ სოფლებს ესაზღვრება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ”ქართლი 2-ის” ანძები დივერსიული აქტის სამიზნე 14 ოქტომბერს, დაახლოებით შუაღამის 2 საათზე გახდა. წინასწარი ინფორმაციით, ტროტილის გამოყენებით აფეთქება განახორციელა დივერსიულმა ჯგუფმა, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდა. რამდენიმე ძლიერი აფეთქების მიუხედავად, ანძები არ წაქცეულა, თუმცა საკმაოდ დაზიანდა. ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები, კრიმინალისტები და ენერგო-სპეციალისტები. აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ ერთ კვირას გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG