Accessibility links

logo-print
ეროვნული იდენტურობის პრობლემა, რომელსაც გასულ კვირაში ბაკურიანში დასრულებული საზაფხულო სკოლა და სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა, ერთნაირად მნიშვნელოვანია პოლიტოლოგებისთვის, სოციოლოგებისთვის, ფილოსოფოსებისთვის, კულტუროლოგებისთვის. თუმცა კონფერენციის მონაწილეთა მოხსენების მოსმენის შემდეგ მაინც დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ ეროვნული თვითმყოფადობის საკითხი და, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ხალხების ”ევროპიზაციის” პრობლემა (კონფერენცია სწორედ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებით შემოისაზღვრა), პირველ რიგში, ამ ხალხების კულტურას ეხება.

ბაკურიანის კონფერენცია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით ჩატარდა. ამიტომ მომხსენებლებს შორის ჭარბობდნენ ფონდის სტიპენდიატები სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკიდან. თუმცა სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტების გარდა, მოხსენებები წაიკითხეს ჰოლანდიელმა, გერმანელმა, რუსმა სპეციალისტებმაც... თითქმის ყველა გამომსვლელი საუბრობდა საბჭოთა მემკვიდრეობაზე, ამ მემკვიდრეობისგან განთავისუფლებისა და ამ მემკვიდრეობის გააზრების აუცილებლობაზე. სანკტ-პეტერბურგელმა სოციოლოგმა ვიქტორ ვორონკოვმა ისიც თქვა, საბჭოთა მემკვიდრეობა უნიკალურია და მის შესწავლას კიდევ წლები დასჭირდებაო.

ვორონკოვმა გაიხსენა გორბაჩოვის ეპოქაში დამკვიდრებული ტერმინი ”საჯაროობა”. როგორც წესი, საჯარო სივრცეს უწოდებენ იმ ადგილს, სადაც მოქალაქეებს დისკუსიის საშუალება აქვთ, მათ შორის, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დისკუსიისა. ”პერესტროიკის” ეპოქაში ეს პროცესი არსებითად დაიწყო კიდეც, მაგრამ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მთავარი გახდა არა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების შექმნის აუცილებლობაზე, არამედ ისევ და ისევ ეროვნული იდენტურობის პრობლემა... როგორ უნდა დაეძვრინათ თავი ამ საერთო საცხოვრებლისგან, სადაც ბოლშევიკებმა ხალხი ძალით შეყარეს?

ბაკურიანში გამართულ კონფერენციაზე არაერთხელ ითქვა, რომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში საზოგადოების ტრანსფორმაცია დასავლურ საზოგადოებებად კვლავაც გაჭიანურდება, თუკი ინდივიდუალური სივრცის - ანდა მარგინალიზებული ჯგუფების სივრცის - აღიარება არ მოხდება... არადა, ბოლო დროის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ამ რეგიონში სწორედ ინდივიდუალური სივრცის იგნორირება, უფრო მეტიც, ამ სივრცის ”ხორცმეტად”, ”სარეველად” გამოცხადება ხდება ხოლმე. ვორონკოვის თქმით, ადამიანები ცხოვრობდნენ კომუნალურ ბინებში და ამის გამო მუდმივად კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ. მოსმენა და თვალთვალი კომუნალური ცხოვრების ჩვეულებრივი წესი გახდა... თანაც, სახელმწიფომ ადვილად დაამკვიდრა ახალი ფასეულობები ახალგაზრდა თაობაში. ”დანოსის” საშიშროება არსებობდა არა მარტო მეზობლების მხრიდან, არამედ ოჯახის წევრების მხრიდანაცო, აღნიშნა პეტერბურგელმა ექსპერტმა.

ბაკურიანში იმსჯელეს არა მარტო ტრანსფორმაციის პროცესზე, არამედ იმაზეც, რამდენად აუცილებელია სწრაფი ტრანსფორმაცია. ხელოვნურად ხომ არ ხდება სამხრეთ კავკასიის ხალხების გადაქცევა ევროპელებად? განა მართლა ევროპულია ეს კულტურები? ხომ არ შეიძლება ხელოვნურმა, მექანიკურმა ტრანსფორმაციამ, ე.ი. ”ზევიდან” განხორციელებულმა ლიბერალურმა რეფორმებმა, უკურეაქციის საშიშროება შექმნას საზოგადოებაში? - იკითხა სომეხმა სოციოლოგმა ალექსანდრე ისკადერიანმა.

”მნიშვნელოვანწილად, პრობლემა ევროცენტრიზმშია. ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არა ვართ ისეთები, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებია? იმიტომ რომ ევროკავშირი ძალიან საინტერესო, მაგრამ განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიოში. იმიტომ რომ იმ გზას, რომელსაც მიჰყვებიან ევროპის ქვეყნები, მსოფლიოს მოსახლეობის, 5, 6, 7 პროცენტი მიჰყვება მხოლოდ.”

ბაკურიანის კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს ჰაინრიჰ ბიოლოს ფონდის სტიპენდიანტებმა. განსაკუთრებით ორიგინალური მომეჩვენა მე ხელოვნებათმცოდნე შორენა გაბუნიას მოხსენება - ”გეისცენები და ურბანისტული კულტურა”, რომელშიც, თუ არ ვცდები, პირველადაა გამოკვლეული, ასე ვთქვათ, ”ჰომოსექსუალთა სივრცე” საქართველოში - სად ხვდებიან ერთმანეთს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, რატომ ირჩევენ მაინცდამაინც ამ ადგილებს. კონფერენციის დასრულების შემდეგ მე გავესაუბრე შორენა გაბუნიას, რომელმაც მითხრა, რომ მისი კვლევა, დაახლოებით, 30 რესპონდენტის გამოკითხვის შემდეგ დაიწერა... თუმცა მუშაობის პროცესში ახალგაზრდა მეცნიერი უამრავ პრობლემას შეეჯახა.

ჰომოფობიის გარდა, ეგრეთ წოდებული ”გეისცენების” კვლევას საქართველოში ისიც ართულებს, რომ თავად მეცნიერები ხვდებიან უამრავ წინააღმდეგობას - ამ თემაზე წლების მანძილზე არაფერი დაწერილა…საზოგადოებაში უნდა შექმნილიყო ილუზია, რომ სექსუალური უმცირესობები ქვეყანაში არ არსებობენ - როგორც ჯგუფები, როგორც ”სუბკულტურა”... არსებობენ მხოლოდ ცალკეული ასოციალური, უფრო მეტიც, ”კრიმინალური ელემენტები”, რომლებიც უნდა განიდევნონ საზოგადოებიდან. შორენას თქმით:

”ეს თემა ტაბუირებული იყო. ამიტომ ამის შესახებ წერილობითი წყაროები, ფაქტობრივად, არ არსებობს. არის ზეპირი გადმოცემები მხოლოდ... კინტო ბისექსუალი იყო და ემსახურებოდა მდიდარ თბილისელებს. ამაზეა აკა მორჩილაძის რომანი ”გადაფრენა მადათოვზე და უკან”. დავუკავშირდი აკა მორჩილაძეს. მან მითხრა, ისტორიები, რომელსაც აღვწერ ამ წიგნში, რეალური ამბებია... ბაბუებმა მიამბესო.”

ასეა, ისტორია საქართველოში ზოგჯერ პაპების ნაამბობით იწერება...და არამხოლოდ მხატვრული ლიტერატურა... ადამიანთა ეს ეგრეთ წოდებული ”ცოცხალი ისტორიები” მასალაა მეცნიერებისთვისაც - განსაკუთრებით მეცნიერების იმ დარგებისთვის, რომლებიც ეროვნულ იდენტურობას იკვლევენ.

ბაკურიანში ჩატარებული კონფერენციით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ისტორიები სიცოცხლისუნარიანს ხდის მეცნიერებას.
XS
SM
MD
LG