Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, რუსეთი და საფრანგეთი დათანხმდნენ გაეროს ატომური უწყების წინადადებას ირანის შესახებ


შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საფრანგეთმა თანხმობა განაცხადეს გეგმაზე, რომელიც ირანის საკამათო ბირთვული პროგრამის ირგვლივ დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად. თავად ირანის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია - თუმცა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თეირანს ამის ნაცვლად ბირთვული საწვავის შესყიდვა სურს. გაეროს მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტით გამიზნულია ირანში დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგის შემცირება. დასავლეთში შიშობენ, რომ ასეთი მარაგი ირანის საიდუმლო ატომური იარაღის პროგრამის შემადგენელი ნაწილია. გაეროს ატომური უწყების წინადადებით, ირანი დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის უდიდეს ნაწილს გააგზავნის რუსეთსა და საფრანგეთში, სადაც მას გადაამუშავებენ საწვავად ირანის სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტისთვის. ასეთი საწვავი არ გამოდგებოდა ბირთვული იარაღისთვის. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ის დღეს მოელის პასუხს ყველა მხარისაგან, რომელსაც წინადადების პროექტი გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG