Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის სასამართლომ გზა გაუხსნა ლისაბონის ხელშეკრულებას


ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი
ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი
ლისაბონის ხელშეკრულებამ, რომელსაც ევროპის კავშირის ლიდერებმა ორი წლის წინ მოაწერეს ხელი, ბოლო იურიდიული წინააღმდეგობა გადალახა. სამშაბათს ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ლისაბონის შეთანხმება სავსებით შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას. ეს კი უფლებას აძლევს ქვეყნის პრეზიდენტს ვაცლავ კლაუსს, ხელი მოაწეროს დოკუმენტს.

“ლისაბონის ხელშეკრულება არ მოდის წინააღმდეგობაში ჩეხეთის კონსტიტუციასთან”, - განაცხადა ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პაველ რიხეტსკიმ.

ამით დასრულდა ერთწლიანი სასამართლო დავა, რაც ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის მიერ იყო ინიცირებული. გასულ წელს ჩეხეთის სასამართლოს იმის დამტკიცება მოუხდა, რომ ლისაბონის ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩეხეთის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, ვაცლავ კლაუსმა ახალი მოთხოვნა წამოაყენა. ჩეხეთის პრეზიდენტი ლისაბონის შეთანხმების ადამიანის უფლებათა თავს გაემიჯნა იმის შიშით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიიდან გაძევებული გერმანელები ქონების უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ.

ევროკავშირში ამაზე აბუზღუნდნენ, მაგრამ გასულ კვირაში უარი თქვეს ამ ჩანაწერზე და, შესაბამისად, ვაცლავ კლაუსმაც განაცხადა, რომ აღარ წამოაყენებდა ახალ მოთხოვნებს. 3 ნოემბერს ვაცლავ კლაუსმა ჟურნალისტებს საკუთარი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა აცნობა.

“შემიძლია გითხრათ, რომ დღეს, 15 საათზე, ლისაბონის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე”, - განაცხადა მან.

ორი წლის წინ შექმნილი ლისაბონის ხელშეკრულების მთავარი არსი იმაშია, რომ მოაგვაროს გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ბლოკის შიგნით, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გაფართოვდა და 27 ქვეყნისაგან შედგება. ხელშეკრულება 2009 წლის იანვარში უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ ირლანდიის უარისა და ჩეხეთის პრეტენზიების გამო წინასწარ დათქმული ვადები დაირღვა. 2 ოქტომბერს ირლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლისაბონის ხელშეკრულებას, ბოლო დაბრკოლება კი, ჩეხეთის სახით, როგორც ვთქვით, 3 ნოემბერს მოიხსნა.

ლისაბონის ხელშეკრულება ითვალისწინებს ევროკავშირის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შემოღებას. ამით შეიცვლება აქამდე არსებული მმართველობის ფორმა, როდესაც პრეზიდენტს ექვსი თვის ვადით ირჩევდნენ. ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, წევრმა ქვეყნებმა პრეზიდენტი ორწლინახევრის ვადით უნდა აირჩიონ. პრეზიდენტებს პოსტზე მეორედ არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ ექნებათ.

ევროკავშირის პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატად დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი სახელდებოდა, თუმცა ბოლო კვირების მანძილზე მისი შანსები, როგორც ამბობენ, შემცირდა. ევროკაშირის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატები არიან ასევე ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი იან პეტერ ბალკენენდე, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პავო ლიპონენი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იონკერი.

ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის უფლებამოსილებას ისეთ სფეროებშიც გაზრდის, როგორიცაა ენერგეტიკა, სოციალური მომსახურება, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვ. მაგრამ ხელშეკრულების პოლიტიკური გავლენა შეზღუდულია - ის არ ეხება, მაგალითად, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებს თუ საბიუჯეტო და გადასახადების საკითხებს. ამ სფეროებში გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად მიიღებენ და ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერ ჩარევას 27-ვე წევრის სრული თანხმობა დასჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG