Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა გაიხსნას თუ არა რუსეთ-საქართველოს საზღვარი


რუსეთ-საქართველოს საზღვარი
რუსეთ-საქართველოს საზღვარი
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს. საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა უკვე გამართეს პირველი სამუშაო შეხვედრა. მინისტრი მიიჩნევს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნით მხარეები ეკონომიკურ სარგებელს ნახავენ, თუმცა საბოლოო გადაწვეტილებას საქართველოს მთავრობა საკითხის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვის შემდეგ მიიღებს.

საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი ლეგალური სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ 2006 წლის ივლისში, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა. ოფიციალურ მიზეზად სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დასახელდა, თუმცა საზღვრის ჩაკეტვა საეჭვოდ დაემთხვა საქართველოსათვის დაწესებულ სანქციებსა და ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანის აკრძალვას. სამი წლის თავზე რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბელიანინოვმა განაცხადა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მზადაა დღის განმავლობაში 600-მდე სატრანსპორტო საშუალება გაატაროს.

„ესაა, ალბათ, ყველაზე თანამედროვე გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციის მთელ საზღვარზე. მართლაც, შესანიშნავადაა აღჭურვილი, რაზეც მთელი სამი წლის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდნენ მშენებლები და საპროექტო სამსახურის სპეციალისტები.“ - ეს განცხადება რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა ზაფხულში გააკეთა, თუმცა მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ რუსეთთან საზღვრის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

ვერ ვხედავ საფრთხეს, რადგანაც რუსული აგრესიისთვის, კანონიერად იქნება გახსნილი ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
„იყო ექსპერტების ერთი შეხვედრა, სადაც ქართული მხარე ელაპარაკებოდა სომხურ მხარეს, როგორც შუამავალს. შეხვედრაზე მხოლოდ ტექნიკური ასპექტები იქნა განხილული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის შემთხვევაში, მხარეები თვალსაჩინო ეკონომიკურ სარგებელს ნახავენ. ამასთან, მინისტრი დარწმუნებულია, რომ საზღვრის გახსნა არ გამოიწვევს პოლიტიკური რისკის ზრდას:

„ვერ ვხედავ საფრთხეს, რადგანაც რუსული აგრესიისთვის, კანონიერად იქნება გახსნილი ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს.“

თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ პოლიტიკის ექსპერტები. „თავისუფალი აზრის სახლის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე შიშობს, რომ, გამშვები პუნქტის გახსნით, რუსეთი შეეცდება კონტროლი გააძლიეროს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე:

„ინტენსიური მიმოსვლის შემთხვევაში, რუსეთს ექნება შესაძლებლობა გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის იმ კატეგორიაზე, რომელიც, ამ სატრანსპორტო კორიდორის გახსნის შემთხვევაში, მიმაგრებული იქნება ტრასაზე. პირველ რიგში, ესაა ყაზბეგის რაიონი. გარკვეული სხვა მიდგომებიც აქვს რუსეთს ყაზბეგის რაიონისადმი და ესეც გასათვალისწინებელია. კერძოდ: რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ის ოსური მოსახლეობა, რომელიც დროებით მის ტერიტორიაზეა გადაადგილებული და ცხოვრობს ჩრდილო ოსეთში, დაბრუნდეს უკან და, გარკვეულწილად, პლაცდარმი შექმნას. ეს არის კობის ქვაბულის, ღუბისა და თრუსოს ხეობის ოსობა. ამ იდეას, რომ ასე უნდა მოხდეს, არ მალავს ჩრდილოოსური პრესა.“

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
რუსეთთან ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში, საქართველო, მართლაც, ნახავდა სარგებელს, თუმცა, გახსნის შემთხვევაში, „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტით სრულფასოვნად მხოლოდ სომხეთი და რუსეთი ისარგებლებლებენ. ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის თქმით, რუსეთს გაუადვილდება გიუმრიში მდებარე სამხედრო ბაზის შენახვა, ხოლო სომხეთი რუსეთთან ინტენსიური ეკონომიკური კავშირის გაბმას შეძლებს.

„საქართველოსთვის ამ გზის გახსნა იქნებოდა მომგებიანი ერთადერთ შემთხვევაში, თუ მოიხსნებოდა ის ეკონომიკური ემბარგო, რომელიც რუსეთს დაწესებული აქვს ქართული პროდუქციის ექსპორტზე. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს: როდესაც ქვეყანასთან არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა ძალიან სერიოზული გათვლა და სიფრთხილე“, -უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.

რუსეთთან შეხება იქნება ნებისმიერი სახის პროვოკაციის შესაძლებლობის შემცველი.
საქართველოს მთავრობას ასევე სიფრთხილისკენ მოუწოდებს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მეზობელი ქვეყნის - სომხეთის - ინტერესი, თუმცა ამით ზიანი არ უნდა მიაყენოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას:

„ამ მონაკვეთზე რუსეთთან შეხება იქნება ნებისმიერი სახის პროვოკაციის შესაძლებლობის შემცველი. ჯერ ერთი, ჩვენ დაგვჭირდება სასაზღვრო ძალების გარკვეული სახის კონცენტრირება. სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს რუსეთიც და საკმაოდ ახლო შეხებაში მოვა ერთმანეთთან ეს ორი სამხედრო ძალა. მეორე: საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტვირთების გავლაც შეიცავს ნებისმიერი პროვოკაციის საფრთხეს.“

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საზღვრის გახსნა საქართველოს მხრიდან უპირობო დათმობის მანიშნებელიც იქნება, რადგანაც, მისი თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენით სწორედაც რომ რუსეთია დაინტერესებული. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებას არც საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ნიკა ლალიაშვილი ურჩევს:

„ჩვენ არ ვართ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცალსახად წინააღმდეგი, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა მივიღოთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ამისთვის არსებობს ფორმატი, რომელსაც ჰქვია ეროვნული უშიშროების საბჭო.“

ოპოზიციონერი დეპუტატის ეს შეთავაზება გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობამ. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე ეროვნული უშიშროების საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG