Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია გამათბობლების შემოწმებას დააფინანსებს


მართალია, ზამთარი ჯერ არ მოსულა, მაგრამ ზამთრის თანმდევმა ძველმა პრობლემამ საქართველოში უკვე სასტიკი ძალით იჩინა თავი. გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს სწორედ ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილმა ნახშირჟანგმა, იმავე ცე-ომ (CO), შეიწირა სადოიანების ოჯახის 4 წევრი თემქის დასახლებაში. გარდაცვლილთაგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ეს ფაქტი ერთადერთი ტრაგიკული შემთხვევა არ არის ბოლო კვირების სტატისტიკაში. პარალელურად, აღირიცხა მოწამვლის კიდევ არაერთი ფაქტი, რომლებიც, საბედნიეროდ, მსხვერპლით არ დასრულებულა. ყოველივე ამის ფონზე, თბილისის მერია გაზის გამათბობლების უსაფრთხოების შემოწმების დაფინანსებას აპირებს. რას გვირჩევენ სპეციალისტები - რა შემთხვევებში და რატომ გვმართებს სიფრთხილე?

ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირჟანგი ცე-ო (CO) მოწამვლის სიმპტომებს ისე უცბად იწვევს, რომ, ხშირ შემთხვევაში, მოწამლული საშველად დაძახებასაც ვეღარ ასწრებს. გონების დაკარგვა ხშირად ცუდად ყოფნის შეგრძნების გარეშე ხდება, ზოგჯერ კი აღინიშნება კიდურებში ძალის დაკარგვა და მეტყველების უნარის წართმევა. ყოველივე ეს მოსალოდნელია მაშინ, როდესაც დახურულ სივრცეში ნახშირჟანგის თუნდაც ერთი პროცენტი გროვდება. საყოფაცხოვრებო პირობებში მოწამვლის ძირითად წყაროდ სახელდება ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები, რომლებსაც ბაზარი წარმოუდგენელი ნაირსახეობით გვთავაზობს. როგორ უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც, მნიშვნელობით, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს?

კონსტანტინე გოგიჩაიშვილი ოჯახებში გაზის ხელსაწყოებს უკვე 5 წელია ამონტაჟებს და მომხმარებლებს, ძირითადად, ”დახურული წვის კამერის” ღუმელებს ურჩევს. ჩამონათვალში, მაგალითად, შედის ჩეხური ”კარმა”, არგენტინული ”ლონგვი”, უკრაინული ”კორდი” თუ ”თბილავიამშენის” მიერ წარმოებული ”კერა”. ჩამოთვლილი პროდუქციის ფასები ბაზარზე 330-დან 700 ლარამდე მერყეობს. ოსტატი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ”დახურული კამერის” ღუმელი აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგანაც წვისთვის საჭირო ჟანგბადს ის გარედან იღებს და ასევე გარეთ უშვებს წვის შედეგად წარმოქმნილ პროდუქტსაც. საფრთხილოა მხოლოდ ”ღია წვის კამერით” მომუშავე ღუმელები. მათი მუშაობა დახურულ სივრცეში ჟანგბადის გაიშვიათებას იწვევს და სწორედ არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება მხუთავი ცე-ო.

ამ ტიპის ღუმელია, მაგალითად, ირანული ”ნიკალა”, რომლის დევნაც ბაზარზე მაკონტროლებელმა უწყებებმა 2005 წელს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შემდეგ, დაიწყეს. თუმცა, თვითმხილველთა დაკვირვებით, ცოტა ხანში დევნილი ”ნიკალა” და მისი მსგავსი გამათბობლები ბაზარზე ისევ გამოჩნდა, მართალია, - არა უწინდელი მასშტაბით. მომხმარებელს ამგვარი პროდუქცია დაბალი ფასით იზიდავს, თუმცა არავის უნდა დაავიწყდეს, რომ დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დაცვა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

სპეციალისტები არანაკლები ყურადღების აუცილებლობას ხედავენ წყლის გამაცხელებლებთან, ეგრეთ წოდებულ ”კალონკებთან” მიმართებითაც, რომელთა ფასიც ბაზარზე 90-დან 520 ლარამდე მერყეობს.

კონსტანტინე გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ამ ტიპის ხელსაწყოებისთვის წვის პროდუქტის გასაწოვად სავენტილაციო არხების გამოყენება სასტიკად აკრძალულია: ”60-70 წლების შემდეგ აშენებულ სახლებს საკვამურის ნაცვლად სავენტილაციო სისტემები აქვთ და ამ ვიწრო არხებით ერთი სართული ხშირად მეორესთან არის დაკავშირებული. ამიტომ დამონტაჟებას ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა ესაჭიროება.” სპეციალისტის განმარტებით, ”წვის პროდუქტი აუცილებლად გარეთ უნდა გადიოდეს, დამონტაჟებულ ხელსაწყოს უნდა ჰქონდეს სივრცე და ჟანგბადის მუდმივი წყარო.”
სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის ხელსაწყოების შემოწმებას სულ მალე დედაქალაქის გამგეობები და ყაზტრანსგაზთბილისის სპეციალისტები დაიწყებენ. დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მიერ 6 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, სპეციალისტები მივლენ ყველა იმ აბონენტთან, ვისაც ეჭვი ეპარება მის ბინაში არსებული გაზის ღუმელისა თუ წყლის გამაცხელებლის გამართულ მუშაობაში. უგულავას თქმით, შემოწმების ხარჯებს მერია დაფარავს.

აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ყაზტრანსგაზთბილისის საბაზო სადგურებში. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ყოველდღიურად 1000-დან 1500-მდე აბონენტის შემოწმება მოხერხდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG