Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში უსაფრთხოების განმტკიცების ახალი მექანიზმები განიხილება


ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მერვე რაუნდისთვის ემზადებიან. მორიგი დისკუსია კავკასიაში უსაფრთხოების საკითხების გარშემო ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანათავმჯდომარეობით ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, გაიმართება. ჟენევაში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელიც მზად არის განიხილოს უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან დაკავშირებული წინადადებები, რათა, პროვოკაციის სხვა გამოვლინებებთან ერთად, აღიკვეთოს ადამიანების გატაცების ფაქტები. ქართული მხარე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას ტირძნისელი ბავშვების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით აპირებს. კრემლი კი, რომელიც საქართველოს მისამართით ახალ ბრალდებას აყენებს, კვლავ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების საკუთარი ვარიანტის გატანას გეგმავს.

კრემლის ახალი ბრალდების მიხედვით, საქართველო ვერ შეელია დაკარგული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეას და ამისათვის თბილისი სამხედრო ძალებს იკრებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საზღვრების სიახლოვეს. ამ შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო ”რია-ნოვოსტისთვის” 9 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ამ ახალი ბრალდების კონტექსტში კარასინი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობას, რომლის გატანასაც მოსკოვი, წინა რაუნდების მსგავსად, ჟენევის მოლაპარაკებების მე-8 რაუნდის ფარგლებშიც შეეცდება:

“რუსეთის მხარე ეცდება, მიღებულ იქნეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც სავალდებულო იქნება საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის მხარეებისათვის. აქ ყველაფერი ეყრდნობა იმას, რომ მთელ რიგ მონაწილეებსა და, უპირველეს ყოვლისა, ქართველებს, არ სურთ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამგვარი შეთანხმების შესაძლო მხარეებად”, - ამბობს გრიგორი კარასინი ”რია-ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

საკითხის ამგვარ ჭრილში განხილვა სასტიკად მიუღებელია საქართველოსთვის და ყველა იმ მხარისთვის, რომელიც არ აღიარებს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. თბილისი მზად არის განიხილოს არა ”ძალის გამოუყენებლობის შესახებ” ხელშეკრულება, არამედ ”უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა”, რომლის პროექტის წარდგენასაც ის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისგან მოელის. ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ ტირძნისელი მოსწავლეების გატაცების ფაქტით აღშფოთებული ქართული მხარე ცვლილებების აშკარა აუცილებლობას ხედავს. სწორედ ამაზე ლაპარაკობს 10 ნოემბერს ტელე-ინტერვიუში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევაში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია:

”არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის უფლებები იქნეს დაცული როგორც შიგნით, ასევე (როგორც ვხედავთ) ოკუპირებული ტერიტორიების გარეთაც... და იქნეს სტაბილურობა უზრუნველყოფილი.”
მხარეებს 11 ნოემბერს ჟენევაში უსაფრთხოების განსამტკიცებელი ცვლილებების პროექტზე მართლაც რომ მოუწევთ მუშაობა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს ”გარდიანისთვის” მიცემულ ინტერვიუში იტყობინებოდა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ევროკავშირის საგანგებო ელჩი პიერ მორელი. თუმცა ამავე ინტერვიუში ის ამბობდა, დისკუსიის პროცესი ”ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების ძირითადი ელემენტების” გარშემო მიმდინარეობსო. საკითხის ძირითადი ასპექტების შესათანხმებლად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს საგანგებო ელჩები - პიერ მორელი, იოჰან ვერბეკე და ხარლამპოს ხრისტოპულოსი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებშიც იმყოფებოდნენ. პროექტის დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება და მასზე არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია საუბრობს. თუმცა ის ადასტურებს თბილისის მონაწილეობას ამ პროცესში და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოსთვის ახალი პერსპექტივა მხოლოდ საგანგებო საერთაშორისო გარანტიების თანხლებით იქნება მისაღები.

”თუ საუბარი იქნება ორივე კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობო პროცესის შეცვლაზე, ფორმატის გაძლიერებაზე, ევროკავშირის შესვლაზე კონფლიქტურ რეგიონში და ამაზე დამატებულ საპოლიციო და სამხედრო სტრუქტურაზე და ამ ეგიდის ქვეშ საჭირო იქნება კონფლიქტური რეგიონის დაცვის მექანიზმისთვის რაიმეზე ხელის მოწერა, ჩვენ მზად ვართ”, - ამბობს შოთა მალაშხია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG