Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია-ჰერცეგოვინა: „შემაშფოთებელი და უმოძრაო“ ვითარება?


ვალენტინ ინცკო, გაეროს წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში
ვალენტინ ინცკო, გაეროს წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში
„შემაშფოთებელი და უმოძრაო“ - ასე აფასებს ბოსნია-ჰერცეგოვინაში შექმნილ ვითარებას ამ ქვეყანაში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი, ვალენტინ ინცკო. სწორედ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გაეროს შტაბბინაში და ბალკანეთის ამ ქვეყანაში დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს, რათა დაჩქარდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ბოსნია-ჰერცეგოვინის ინტეგრაცია.

14 წელია, გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ბოსნია-ჰერცეგოვინაში მუშაობენ ომის შემდგომი რეკონსტრუქციის, საზოგადოების კონსოლიდაციის, პოლიტიკურ პროცესში სირთულეების დაძლევისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა ვალენტინ ინცკომ შეახსენა გაეროში შეკრებილებს. თუმცა, მისივე თქმით, ახლა გამოწვევა სხვაგვარია: განვითარების პროცესი, ინცკოს შეფასებით, დღეს ფოკუსირებულია არა „პრაქტიკულ გამოწვევებზე, არამედ ფუნდამენტურ პოლიტიკურ დებატზე, რომელსაც ჯერაც არ გადაუჭრია მთელი რიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობელმები“.

ინცკომ ამ განცხადებით მიანიშნა ბოსნიელი სერბების მხარეზე, რომელიც ერთ-ერთია ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავრობის შემადგენელ სამ თანასწორუფლებიან გუნდს შორის - ხორვატებისა და ბოსნიელი მუსულმანების მხარეებთან ერთად.

ბოსნიელი სერბების წარმომადგენელ პოლიტიკოსებს, ინცკოს თქმით, არაერთხელ შეუქმნიათ პრობლები სახელმწიფოს მართვის პროცესში. „რეპუბლიკა სრპსკას ლიდერებს ვერ გაუგიათ, რომ სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობებს ერთმანეთისაგან განსხვავებული და მკაფიოდ განსაზღვრული მანდატები აქვთ და რომ თითოეულმა, თავისი საქმის კეთებით, ერთმანეთი უნდა შეავსოს“, - განაცხადა ინცკომ.

ინცკოს, მისივე თქმით, სჯერა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა მაინც გაუმკლავდება დაბრკოლებებს - ორი მიზეზის გამო. ერთია კონსენსუსის მიღწევის უნარი, რომელიც ტრადიციულად ახასიათებს ბოსნია-ჰერცეგოვინას. და მეორე მიზეზია საერთაშორისო თანამეგობრობის თანამიმდევრული ძალისხმევა, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პოლიტიკური საკითხების მოუგვარებლობის ძირითად მიზეზად ინცკოს „გაურკვევლობა“ მიაჩნია - გაურკვევლობა იმაში, თუ რა ევალება და რა წესებით ფუნქციონირებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ერთეული და, მეორე მხრივ, სახელმწიფო. განსხვავებული მიდგომების გამო, განაგრძობს ინცკო, ვითარება ძალიან გართულდა. ფედერაციის ზოგი პოლიტიკური ლიდერი სახელმწიფოსთვის გაცილებით უფრო ძლიერი როლის მინიჭებას მოითხოვს - ბოსნია ჰერცეგოვინის შემადგენელი ერთეულების ხარჯზე.

„ანგარიშში ასახული პერიოდი გამოირჩეოდა მუდმივი პოლიტიკური პრობლემებითა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებში არასაკმარისი პროგრესით. შედეგად, გადაიდო მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც საჭირო იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად და ჩემი ოფისის დასახურად“, - ეს შეფასება გამოთქვა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა ვალენტინ ინცკომ და მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ბოსნია ჰერცეგოვინის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლა სპირიჩისაგან. ამ უკანასკნელის შეფასებით, ინცკოს გამოსვლა „ზედაპირული და არაპროფესიონალური“ იყო. სპირიჩის რწმენით, ბოსნიელი სერბების მხარეს შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საკითხის მოსაგვარებლად.

ნიუ-იორკში ჩვენი კორესპონდენტი იუწყება გაეროს შტაბ-ბინაში გაკეთებული კიდევ ერთი განცხადების შესახებ.
შვედი დიპლომატის, გაეროში ევროკავშირის ჯგუფის თავმჯდომარე ანდერს ლინდენის შეფასებით, შიდაპოლიტიკური პროცესი ბოსნია-ჰერცეგოვინაში გადამწყვეტ ფაზაშია შესული და კომპრომისები უნდა გამოინახოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ამ ქვეყნის წინსვლის ხელშესაწყობად.

გაეროს უშიშროების საბჭოში გუშინდელ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრეც იმსჯელეს ბოსნია-ჰერცეგოვინაზე: 18 ნოემბერს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთი წლით გაუგრძელა მანდატი ევროკავშირის ჯარებს, რომელთაც ამ ქვეყანაში სტაბილიზაციაზე ზრუნვა ევალებათ.
XS
SM
MD
LG