Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 დეკემბერი 2009


”ომბუდსმენის ანგარიში ვიწრო წრეში” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ”რეზონანსი” სტატიას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარდგენილ 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს ეხება. ეს ანგარიში, რომელსაც გიორგი ტუღუშის თქმით, ის და მისი თანამშრომლები თვე-ნახევრის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ადგენდნენ, სულ ხუთმა პარლამენტარმა მოისმინა. კითხვაც ერთის მეტი არავის დაუსვამს. ”რეზონანსი” წერს, სახალხო დამცველის ანგარიში მოცულობითი და კრიტიკული იყო, მასში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე იყო ლაპარაკი - აქციების დროს გამოვლენილი ადამიანის უფლებათა დარღვევით დაწყებული, დამთავრებული სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობითო.

აქვე ნახავთ პუბლიკაციას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ საქართველოს მედიის სიღრმისეული კვლევის შედეგებზე. გაზეთი წერს, რომ გამოკითხულთა 73 პროცენტი კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ახალ ამბებს, 41 პროცენტი კი ტელევიზორს დღეში სამ საათს ან მეტს უთმობს. ”რეზონანსის” მიხედვით, კვლევამ არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა. ყველაზე პოპულარულ არხად საქართველოში ”რუსთავი 2” რჩება. მას გამოკითხულთა 59 პროცენტი ნაწილობრივ მაინც ენდობა. ამავე დროს, გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს არხი მთავრობის ინტერესებს გამოხატავს. ასევე დიდი განსხვავება იყო პასუხებში, რომლებიც მკვლევარებს მოსახლეობამ და მედიაპროფესიონალებმა გასცეს. ასე, მოსახლეობის 40 პროცენტი ეთანხმება დებულებას, რომ ქართველი ჟურნალისტები მათნაირი ადამიანების ინტერესებს ემსახურებიან. მედიაპროფესიონალთა 79 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ასევე, პროფესიონალების 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები ხშირად ექცევიან მთავრობის ინტერესების გავლენის ქვეშ, მოსახლეობის გამოკითხვისას კი იგივე პასუხი მხოლოდ 18-მა პროცენტმა გასცა, - წერს ”რეზონანსი”.

”ვერსია” აქვეყნებს დღეს რამდენიმე ინტერვიუს, მათ შორის - პარლამენტარ გია თორთლაძესთან. თორთლაძე ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც მას ხელისუფლებასთან ალიანსში ადანაშაულებენ, და თავად მათ სდებს ბრალს ალიანსში, ოღონდ უკვე - რუსეთთან. გია თორთლაძე ეხმიანება ასევე ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან დიმიტრი შაშკინის მიერ ვაკანტურად დატოვებული ადგილი უნდა დაიკავოს. „არანაირი შეთავაზება არ მქონია და რომც მიმეღო, უარს ვიტყოდი. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადები და, ვფიქრობ, წარმატების მიღწევის შანსიც მაქვსო”, - უთხრა თორთლაძემ ”ვერსიას”.

ამავე გაზეთში ნახავთ ინტერვიუს არჩევნებში გამარჯვების იმედის მქონე კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის - ”ალიანსი საქართველოსთვის” - ერთ-ერთ ლიდერ სოზარ სუბართან, რომელიც ამბობს, „ალიანსი“ პრაიმერში მონაწილეობას, ალბათ, არ მიიღებსო. ”პრაიმერის ჩატარებას უზარმაზარი თანხა და რესურსი სჭირდება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ ვინმეს აქვს, კი, ბატონო, ჩაატაროს, მაგრამ ჩვენ ამის აზრს და აუცილებლობას ვერ ვხედავთო”, - უთხრა ”ვერსიას” სოზარ სუბარმა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG