Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 დეკემბერი 2009


თითქმის ყველა დღევანდელი ქართული გაზეთის პირველ გვერდზე შეხვდებით ”ღორის გრიპთან” დაკავშირებულ სათაურს. ”საქართველოს რესპუბლიკა“ - ეპიდემია გვიახლოვდება”, „ახალი თაობა” – „ქვეყანაში ეპიდემია უნდა გამოცხადდეს, იანვრის დასაწყისში „ღორის გრიპის“ პიკს ველოდებით” - ასეთია ტიპიური სათაურები დღევანდელ პრესაში.

დანარჩენი თემების მიმოხილვას ”რეზონანსით” ვიწყებთ, სადაც ნახავთ სტატიას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ ქუთაისში შექმნილ ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის შესახებ, რომლის დემონტაჟიც 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ”ბერძენიშვილის მემორიალს სააკაშვილის დაბადების დღეზე ააფეთქებენო”, - იუწყება გაზეთი. ”გამარჯვების მემორიალი” განადგურდება, მის ადგილას კი პარლამენტის შენობა აშენდებაო, - წერს ”რეზონანსი”.

აქვე წაიკითხავთ სტატიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხილვის მეორე რაუნდის შესახებ. დახურულ შეხვედრაზე ექსპერტებს ხელისუფლების მიმართ ეს რჩევები ჰქონდათ: ”უარი ტერმინს ”ოკუპირებული ტერიტორიები”, რადგან ასე არ თვლიან სოხუმსა და ცხინვალში და ეს მათ აღიზიანებთ. საქართველომ უნდა აღიაროს, რომ ეს არის კონფლიქტი არა ამრტო რუსეთთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რადგან ისინი თვლიან, რომ მათი იგნორირება ხდება. უნდა გააქტიურდეს ინტერნეტ-საშუალებებით საინფრომაციო ომის წარმოება და, ბოლოს, საქართველომ უნდა გააუქმოს აკრძალვა არაქართველი ჟურნალისტებისთვის კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ჩასვლაზე”... ამ სტატიასაც ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

”ალია“ აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ”მიზეზები, რის გამოც სააკაშვილმა ”ავერსსა” და ”პეესპეს” დაარტყა”. სტატიის დიდ ნაწილს შეადგენს ინტერვიუ ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილთან, რომელიც ამბობს, სააკაშვილის გამოსვლისას თვალი რომ დამეხუჭა, ვიფიქრებდი, რომ შალვა ნათელაშვილი გამოდის, ან თავად მე, იმდენად ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლა ჩვენს მოთხოვნებსო, თუმცა იქვე ამატებს:”შეიძლება ლანძღავდა ”პეესპეს” და ”ავერსს”, მაგრამ, სინამდვილეში, მისი ძუძუები ლოცავდაო.” თავად გაზეთი კი კითხულობს, საინტერესოა, რაღა მაინცდამაინც ფარმაცევტული კომპანიებით დაიწყო პრეზიდენტმა. იმავე ბენზინის მონოპოლიაზე რატომაა გაჩუმებული, ანდა განათლების, სამშენებლო კომპანიების, კვების პროდუქტების, იმპორტიორი ფირმების, ბოლოს და ბოლოსო.

ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების თემას ეხება ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ადგილობრივ ბაზარზე - მათ შორის, ფარმაცევტულ სფეროში - არასრულყოფილი კონკურენცია შეინიშნება და გარკვეულ პრივილეგირებულ და მონოპოლიზებულ მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ კომპანიასო, ამბობს სოლომონ პავლიაშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც, ძირითადად, საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტს შეეხება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG