Accessibility links

logo-print
დღევანდელ ქართულ პრესაში სამი ძირითადი თემა იკვეთება. მათ შორის პირველი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებებია, რომლებიც მან ბრიტანულ გამომცემლობა ”ტელეგრაფთან” ინტერვიუს დროს გააკეთა: კადიროვი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლას ურჩევს. მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა რუსეთისათვის კონკრეტული დაავადებაა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს. აღნიშნულ ინტერვიუს რუსეთშიც კი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, წერს გაზეთი ”რეზონანსი”. „სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა და რუს პოლიტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ კადიროვმა გადაამლაშა და ისეთ თემებს შეეხო, რომლებიც მის კომპეტენციაში არ შედის. სხვები ჩეჩნეთის პრეზიდენტის გამართლებას სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ. მაგალითად, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, რომ კადიროვის ნათქვამის შინაარსი არასწორად იქნა გაგებული, რაც იმის ბრალია, რომ იგი რუსულ ენას სრულყოფილად არ ფლობს. ყოველივე ამას ემატება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება. კერძოდ, ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისათვის კავკასიის რეგიონში. პოლიტოლოგი მალხაზ ჟვანია არ გამორიცხავს, რომ განცხადებების ეს ჯაჭვი რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის დაგეგმვას უკავშირდებოდეს“,- წერს გაზეთი ”რეზონანსი”.

ამავე თემას აგრძელებს გაზეთი ”24 საათი”, სათაურით ”კრემლი კადიროვის პირით იმუქრება”. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კადიროვის განცხადებებს ”ღიად აგრესიული და არსებითად მილიტარისტული უწოდეს”, - წერს გაზეთი ”24 საათი”. - „ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ხანგოდი რუს კოლეგა გრიგორი კარასინს ტელეფონით დაუკავშირდა და განმარტებები მოსთხოვა. კარასინი ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებებს გაემიჯნა. თავად რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი ის მოიმიზეზა, რომ კადიროვის ინტერვიუს არ გასცნობია, თუმცა, განმარტა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია სხვა სახელმწიფოზე თავდასხმას არ გულისხმობს”.

”საქართველო და უკრაინა რუსეთის დაავადებაა” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი ”ახალი თაობა” და კადიროვის განცხადებებს ეხმაურება. „აღსანიშნავია, რომ კადიროვის მოწოდებები ზუსტად დღევანდელი რუსული პოლიტიკის გეგმებში ზის“,- წერს ”ახალი თაობა”. „გასულ კვირაში, ფედერაციის საბჭომ რუსეთის პრეზიდენტს უფლებამოსილება მისცა, რომ საზღვარგარეთ არმია დამოუკიდებლად გაგზავნოს. მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერაა“, - წერს გაზეთი ”ახლი თაობა”. - „ამასთანავე, პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი არც მალავდა, რომ ამ შესწორებების გაკეთება პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთვის ”მშვიდობის იძულების” გასული წლის ოპერაციასთან, რომელსაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარების შეყვანა ახლდა”.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც აქტიურად ეხმაურება დღევანდელი პრესა, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს ეხება, რომელიც მარტში გაიხსნება. „რის სანაცვლოდ დათანხმდა საქართველო ლარსის საბაჟოს გახსნას?“- წერს გაზეთი ”რეზონანსი”. – „საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის შედეგად მოსკოვმა საქართველოსთვის ახალი შეზღუდვების დაწესება გადაიფიქრა. ვაშაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ საბაჟოს გახსნით ხელი ერევანს გაუწოდეს, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ ამისათვის მოსკოვს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, უფრო ზუსტად კი, დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე უარის თქმა მოუწია.“

ლარსის გამშვები პუნქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს გაზეთი ”ახალი თაობაც”. გუშინ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაისვა კითხვა, თუ რამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის პოზიციის შეცვლა. ამ კითხვას სამინისტრო თავადვე უპასუხებს: როდესაც ნათელი გახდა, რომ მზად ვართ, სომხურ მხარეს დახმარების ხელი გავუწოდოთ, ნებისმიერი პირობების მიღებით, საერთაშორისო თანამეგობორობისათვის ნათელი გახდა, რომ ასეთი შეზღუდვების დაწესებას აზრი არა აქვს.
გაზეთი ”24 საათი” ამ თემას სომხური პოზიციის დაფიქსირებით აგრძელებს: სომეხი ექსპერტები ლარსის გახსნაში ურთიერთსარგებელს ხედავენ. მათი განცხადებით, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა ერთნაირად სჭირდება როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს.

მესამე თემა, რომელიც დღეს ქართულ პრესაში დომინირებს, იანვარში დაგეგმილი საკადრო ცვლილებებია. „საახალწლოდ კიდევ ერთ ან რამდენიმე მინისტრს შეცვლიან“, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”. სახელისუფლებო კულუარებში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე უკვე დაიწყო საუბარი და შეცვლის მთავარ კანდიდატებად ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები სახელდებიან. ეს ეჭვი კი განსაკუთრებით ბაქრაძის გუშინდელმა განცხადებამ გაამყარა, როდესაც აღნიშნა, რომ პარლამენტს იანვრის შუა რიცხვებში რიგგარეშე სხდომის ჩატარება აუცილებლად მოუწევს. როგორც „რეზონანსი“ წერს, ამგვარი სხდომისათვის ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ ჩანს.

საკადრო ცვლილებებზე ოდნავ განსხვავებულ ვერსიას აქვეყნებს გაზეთი ”ახალი თაობა”, სათაურით „იანვარში მთავრობა შეიცვლება“. ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის შეცვლაზეცაა საუბარი.
XS
SM
MD
LG