Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება - ევროკავშირი - გაერო - ოპოზიცია


გიორგი ბარამიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი
გიორგი ბარამიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირს მიმართა, რათა, როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო გაერთიანება, აქტიურად და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს 2010 წლის გაზაფხულზე დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესში.

ოპოზიციური პარტიების მიმართვას საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების თაობაზე ზუსტად ერთი დღის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი ბარამიძის, ოფიციალური წერილი მიჰყვა, ვაჭრობის, სამეზობლო პოლიტიკისა და ევროპული დახმარების საკითხებში ევროკომისრის, ბენიტა ფერერო ვალდნერის, სახელზე. მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაიგზავნა. წერილის შინაარსი კი დაახლოებით ასეთია:

საქართველოს მთავრობა თხოვნით მიმართავს ევროკავშირს, როგორც ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო გაერთიანებას, თავისი დამკვირვებლებისა და ექსპერტების მეშვეობით, რაც შეიძლება სწრაფად და აქტიურად ჩაერთოს 2010 წლის გაზაფხულზე დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაკვირვების პროცესში.

იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში რაც შეიძლება ნაკლებად იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საშუალება, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ექსპერტები და დამკვირვებლები საარჩევნო პროცესში ჩაერთონ, აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ევროკავშირს, რათა მათი დამკვირვებლები და ექსპერტები საარჩევნო პროცესში შეძლებისდაგვარად მალე ჩაერთონ:

”არჩევნები ადეკვატურად მზადდება და რომ არ იყოს ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური ბრალდებები, ჯობია იყოს ევროკავშირი, რომელიც არის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში და რომელსაც ექნება საკუთარი ჩამოყალიბებული და ობიექტური აზრი მიმდინარე საარჩევნო პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენთვის თვითმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ ევროკავშირს”, - აცხადებს ბარამიძე.

ევროკავშირის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ნაკლებ ინტერესზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი აზრით, ხელისუფლების მიმართვა ევროკავშირისადმი მხოლოდ პიარაქციაა:

”ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ, როგორც წესი, ევროკავშირი ადგილობრივ არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას არ იღებს და ეს მათი მხრიდან მხოლოდ პიარაქციაა.”

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 30 დეკემბერს ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების შესახებ, დაუფიქრებელი და არასწორი ნაბიჯია. გიორგი ბარამიძის თქმით, გაერო არჩევნებს ატარებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც სრული ქაოსია და არ არსებობს სახელმწიფო.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არგუმენტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება:

”არც ჩვენ ვიცით იმაზე ნაკლები, რაც ხელისუფლებამ, და სწორედ ამიტომ ჩვენ მიერ შემუშავებულ მიმართვაში არ წერია, რომ გაერომ უნდა ჩაატაროს არჩევნები. იქ წერია, რომ დაიწყოს აქტიური კონსულტაციები საქართველოში საარჩევნო გარემოს შეცვლის შესახებ. ხელისუფლება დაოსტატებულია იმაში, რომ სიტყვა შეცვალოს, წინადადება შეცვალოს და ამით საერთოდ შეცვალონ ამა თუ იმ აზრის კონტექსტი,” - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მიმართვას, ჩაერთოს თვითმმართველობის არჩევნების პროცესში, ადეკვატურად და დროულად უპასუხებს. რაც შეეხება ოპოზიციის ფართო სპექტრის მიერ გაეროს გენერალური მდივნისადმი ხელმოწერილ მიმართვას, ის გაეროში 3 აინვრამდე გაიგზავნება.
XS
SM
MD
LG