Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ვინ აღიარებს სეპარატისტულ რეგიონებს?


სერგეი შამბა, აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი შამბა, აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ 2010 წელს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კიდევ არაერთი ქვეყანა აღიარებს. იმედი, რომელიც სერგეი შამბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსთან” საუბრისას 4 იანვარს გამოთქვა, ძირითადად, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს უკავშირდება, თუმცა მის კომენტარში გარკვეული იმედი გამოითქვა თურქეთისა და ევროკავშირის მისამართითაც. ცხადია, თუკი რომელიმე ქვეყანამ აღიარა აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, ის სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობასაც აღიარებს. კიდევ რომელი ქვეყნები შეიძლება დაიყოლიოს კრემლმა?

2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, კრემლმა მხოლოდ 3 სახელმწიფოს დაყოლიება შეძლო. პირველი იყო ნიკარაგუა, რომელიც მოსკოვის უკანონო განზრახვას 8 დღის შემდეგ აჰყვა. ერთი წელი დასჭირდა ვენესუელას, ხოლო კუნძულ ნაურუს - კიდევ რამდენიმე თვით მეტი. ერთგულების სანაცვლოდ, ამ ქვეყნებმა კრემლისგან მილიონობით დოლარი, იარაღი თუ სხვა სახის სარგებელი მიიღეს და არ დაუმალავთ, რომ ფრიად კმაყოფილნიც დარჩნენ. ამასობაში გარკვევით გამოიკვეთა კატეგორია, რომელსაც კრემლის თანამოაზრე ქვეყნები მიეკუთვნებიან.

”ეს არიან, ძირითადად, ქვეყნები, რომლებიც ამოვარდნილი არიან საერთაშორისო ურთიერთობების სისტემებიდან ან აქვთ ძალიან ძლიერი ანტაგონიზმი შეერთებული შტატების და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ. აი, სწორედ მათთან ახერხებს რუსეთი გარიგებებზე წასვლას და ვაჭრობას... მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს”, - უთხრა პოლიტოლოგმა ანდრო ბარნოვმა რადიო თავისუფლებას.

ბარნოვი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიაროს, მაგრამ ამას, მისი თქმით, მაინც არ დაერქმევა ”აღიარების პროცესი”. ქვეყნებს, რომლებსაც თითქოსდა გადაწყვეტილი აქვთ აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, 4 იანვარს გაკეთებულ კომენტარში არ ასახელებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, თუმცა ამბობს, რომ სერიოზული პერსპექტივები უკავშირდება, მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებს. შამბამ ევროკავშირის ქვეყნები და თურქეთიც ახსენა. მართალია, არა სწრაფად აღიარების იმედთან მიმართებით, მაგრამ მან ოპტიმისტური უწოდა ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კრემლის ინტერესები მართლაც გაატაროს, მაგალითად, კუბამ. თუმცა არასოდეს მოხდება ის, რასაც აღიარების ლეგიტიმურობაზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია:

”ევროკავშირის ქვეყნების და დიდი სახელმწიფოების - იმავე შეერთებული შტატების, ჩინეთის ან იაპონიის - მხრიდან აღიარება გამორიცხულია. თანამედროვე მსოფლიოს არც ერთი დიდი და გავლენიანი სახელმწიფო არ აღიარებს. ეს გამორიცხულია. ამიტომ შამბას ლაპარაკი ეს არის სიზმრები მაისის ღამეში.”

მოსალოდნელია თუ არა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება მინსკის მიერ?

გავიხსენოთ, რომ ბელორუსიას უცხოელი ექსპერტები თავის დროზე იმ ქვეყნების სიაში მოიხსენიებდნენ, რომლებიც რუსეთის მიერ აღიარების მაგალითს, წესით, სულ მალე უნდა აჰყოლოდნენ - მთლად მეორე დღეს თუ არა, ასე ერთ-ორ კვირაში მაინც. სოსო ცინცაძის აზრით, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ქვეყანამ - ბელორუსიამ - ასეთი ნაბიჯი გადადგას. ”ლუკაშენკომ უკვე გემო ნახა, ევროპაში გაიკვალა გზა. მას არ უშვებდნენ ევროპაში და შეუშვეს ბოლოს. რომის პაპს ელაპარაკა და ამის მერე მას სულაც აღარ აწუხებს, რას იტყვის და რას იფიქრებს მასზე ჟირინოვსკი თუ პუტინი... ლუკაშენკომ უკვე გააკეთა არჩევანი ევროპისკენ”, - ასეთია სოსო ცინცაძის დაკვირვება.

თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. მაგალითად, პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის აზრით, მინსკის ლიდერი გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის დროს ელოდება და ყველაფერი ევროკავშირის სამომავლო პოზიციაზეა დამოკიდებული. ”ლუკაშენკო დროს წელავს. გასაგებია, რომ მას ურთიერთობის გაფუჭება არც რუსეთთან უნდა და არც ევროპასთან. მაგრამ თუ დაინახა ლუკაშენკომ, რომ ევროპა რაღაცნაირად მორბილდა და ამის გულისთვის მას რაღაც სანქციებს აღარ დაუწესებენ და ისეთ იზოლაციაში არ მოაქცევენ, რომ რუსეთთან დარჩეს პირისპირ, - ის აღიარებს”, - ასეთია ანდრო ბარნოვის მოლოდინი.

ბელორუსია, რომელსაც სასიცოცხლო ინტერესები რუსეთთანაც აკავშირებს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ არცთუ ხანმოკლე ტაიმ-აუტის აღებას ცდილობს. 4 იანვარს ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატის დსთ-ს საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა განაცხადა, რომ 2009 წელს ბელორუსია მზად არ იყო განეხილა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. მისი თქმით, საკითხები, რომლებიც მთელ რეგიონზე მოახდენს ზეგავლენას, სწრაფად ვერ გადაწყდება და ბელორუსმა დეპუტატებმა გადაწყვეტილების მიღებამდე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღონ. სერგეი მასკევიჩი ფიქრობს, რომ ბელორუსიის პარლამენტი მზად შეიძლება არც 2010 წელს აღმოჩნდეს. თუმცა არც ის გამოირიცხება, რომ საკანონმდებლო ორგანომ ეს საკითხი საგაზაფხულო სესიაზე განიხილოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG